უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ომში ჩაბმული ქვეყანა დამოუკიდებლობის 31 წელს ითვლის და მის შესანარჩუნებლად ამ წუთსაც თავდაუზოგავად იბრძვის.
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს მსოფლიო. მათ შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც.
ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით – ასეთია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი, დამოუკიდებლობის დღის მისალოც ტექსტში.
უკრაინას ულოცავს და მშვიდობას უსურვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მილოცვაში უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლას უსვამს ხაზს და გამძლეობას უსურვებს მათ.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიას მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, გაიმარჯვებს საქართველო. ოპოზიციონერი ლიდერი დამოუკიდებლობის დღის მილოცვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მთელი გულით ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობა მარადიულია.
„მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს! ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი-თავისუფლება. მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“,- წერს კახა კალაძე მილოცვაში.
მილოცვა გამოაქვეყნა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამაც.
„საქართველო და ქართველი ხალხი ამაყად დგას თქვენს გვერდით დამოუკიდებელი და საერთო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. 31 წლის წინ, უკრაინელების სიმამაცე და გამარჯვება დღესაც აუცილებლად უზრუნველყოფს გამარჯვებას ამ სასტიკ ომში“, – წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია.
ვულოცავ გმირ ხალხს ამ დღეს! – პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიმართვაში უკრაინელებს გვერდში დგომა აღუთქვა.
„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, ვულოცავ გმირ ხალხს ამ დღეს! შევუერთდეთ დღევანდელ აქციას, გვერდში დავუდგეთ ჩვენს ძმებს და დებს, მივულოცოთ, გავამხნევოთ! დღეს უკრაინელები იბრძვიან თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხისადმი პატივისცემას გამოხატავს და ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს
„უკრაინა წლების განმავლობაში იცავს და ინარჩუნებს საკუთარ დამოუკიდებლობას უკრაინელი ხალხის გმირობის და გამბედაობის წყალობით. ჩვენ უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ მის მიერ ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვის პროცესში“,- წერს „ტვიტერში“ არჩილ თალაკვაძე.
კიევიდან ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელ ერს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძის შეფასებით, უკრაინელმა ხალხმა მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ რამდენად ძლიერი და შეუპოვარი ხალხის სამშობლოა.
“ვულოცავ გმირ უკრაინელ ერს დამოუკიდებლობის დღეს! ამ ქვეყანამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რამდენად ძლიერი და შეუპოვარი ხალხის სამშობლოა. ძალიან მალე უკრაინა გაიმარჯვებს მსოფლიოს უბოროტეს მტერზე! დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
უკრაინას მილოცვას უგზავნის “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი სამეულის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. ის უკრაინას მშვიდობას უსურვებს, ხოლო პასუხისმგებლობას ოკუპანტთან ერთად დიდ პოლიტიკას აკისრებს.
“უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მშვიდობას და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას!
ჩვენს რეგიონში უკვე მერამდენედ, მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სიცოცხლის ფასად ხდება საზრუნავი. ეწირებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ნადგურდება ქალაქები და სოფლები. ამ სავალალო შედეგზე მხოლოდ მსხვერპლი სახელმწიფო თუ ოკუპანტი ქვეყნები არ არიან პასუხისმგებლები.
დიდი პოლიტიკა პრიორიტეტს პრევენციულ უსაფრთხოებას უნდა ანიჭებდეს და არა ღია საომარი მოქმედებებით საკუთარი ინტერესების გამყარებას, რა დროსაც უფრო მეტად პატარა ქვეყნების არსებობა დგება რისკის ქვეშ.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და დიდ ქვეყნებს მეტ ზრუნვას გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ისე რომ პატარა ქვეყნების ინტერესებიც არ გამორჩეთ”- წერს ხუნდაძე facebook-ში.