LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ

408
თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გამთენიისას დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დახვდნენ. მათ სამხედროებს წარმატება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, ტურნირის ფარგლებში, სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში.

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენება.

პოპულალურები