22 ქართველი თავშესაფრის მაძიებელი სტრასბურში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ინფორმაციას მცხოვრები ქართველები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, ამ პირობებში არიან მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის ერთი შშმ პირი, ასევე 8 თვის ორსული ქალი.
კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკშია გაშლილი. მასში მცხოვრებლებს საფრანგეთში მყოფი ქართველები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
ფოტოები სტასბურგში მცხოვრებ მაია მჭედლიშვილს ეკუთვნის. “ფეისბუქზე” კი მისმა მეგობარმა მზია წულუკიძემ გაავრცელა. როგორც წულუკიძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, თავშესაფრის მაძიებლებიდან მათ, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, გადაჰყავთ და უფასოდ მკურნალობენ, თუმცა თავშესაფრით არათუ ქართველებს, საფრანგეთის მოქალაქეებსაც ვეღარ აკმაყოფილებენ.
“მე ვერავის ვურჩევ წავიდეს თუ არ წავიდეს ევროპაში, ეს მათი არჩევანია, მაგრამ რეალური სურათი ასეთია.
ერთი რამ გაითვალისწინეთ აუცილებლად. თუ თქვენ იმშობიარებთ საფრანგეთში, ამის გამო არავინ მოგცემთ არც საბუთს და არც ბავშვს არ მისცემენ მოქალაქეობას,” – ამბობს მზია წულუკიძე.
ფორტუნა კიდევ ერთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველს ირინა დოლიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთ პირობებში მცხოვრები ქართველების უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის.
“მე პირადად ვნახე ისინი რამდენიმე დღის წინ. კვირაში ერთხელ წითელი ჯვარი ურიგებს პროდუქტებს, აქ მცხოვრები ქართველებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, რაღაც პერიოდის შემდეგ ფულად დახმარებასაც მიიღებენ, თუმცა პირობები მაინც გაუსაძლისია. საბოლოოდ ზოგს უმართლებს და თავს აღწევს ასეთ ადგილებს, ზოგს – არა,” – ამბობს ირინა დოლიძე “ფორტუნასთან”.
ემიგრანტების ჯგუფში, სადაც სურათები გავრცელდა უცხოეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ სხვა ქალაქებშიც ასეთი სიტუაციაა, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია და მათთვის თავშესაფრებს რთულად გასცემენ.
თამთა უთურგაშვილი