ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი, რომელიც ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ქართველი ექიმებისთვის კოვიდკლინიკის შექმნის ინიციატივით გამოდის და სთხოვს განსაკუთრებულად რამდენიმე მიმართულების ექიმს, რომ საკუთარი მონაცემები ერთიან სისტემაში ასატვირთად გაუგზავნოს.
დავით მრელაშვილი წერს:
“ექიმების საყურადღებოდ!
გადავდივართ სისტემის დახვეწის შემდეგ ეტაპზე:
ბინაზე მართვის პაციენტების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალიან ხშირად პაციენტებს აქვთ დამატებით, არა უშუალოდ კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული (თუმცა გამწვავების მიზეზი ალბათ არის) ჩივილები, მაგალითად, “წნევა უთამაშებთ”, გულის ფრიალი, შაქარი გაექცათ ზევით, არაერთ ორსული ქალბატონი. გამომდინარე იზოლაციიდან – მათ არ აქვთ საშუალება, რომ მიიღონ კვალიფიციური რჩევა ამ პირობებში დროულად.
მე ჩემი სპეციალობის გარეთ მესმის საკუთარი კომპეტენციის ზღვრები, და არ მინდა “უძაღლო ქვეყანაში კატა ვიყო”, მაშინ როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი კვალიფიციური “ძაღლი” გვყავს, რომელიც მზადაა, დაეხმაროს ასეთ პაციენტებს, უბრალოდ, არსებული ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ნაწილი, რომელიც არა-პანდემიური და არა ფორს-მაჟორული სიტუაციისთვისა აწყობილი, გადაძაბული და გადატვირთული – ამის გაკეთება ოპერატიულად ძალიან რთულია.
ჩვენ ავაწყეთ სისტემა, რომელიც ამას ძალიან მარტივად მოახერხებს (“პილოტური” სპეციალისტის კონსულტაცია ბატონმა Giorgi Gogishvili-მა უკვე ჩაატარა ამ სტილში არასტაბილურ ანგინაზე ხაშურში).
ეს სისტემა შემდგომში მდგომარეობს:
მსურველი ექიმები კონფიდენციალურად გვწერთ თქვენს:
1. სახელი და გვარი
2. ტელეფონი რომელზეც ვაიბერი გაქვთ ჩართული (ეს უკანასკნელი აუცილებელი პირობაა).
4. სპეციალობა და კომპეტენციები (ქვესპეციალობა თუ არის)
5. სასურველი კვირის დღეები და საათები, როდესაც შეგვიძლია ვაიბერზე დაგი-პინგ-ოთ პაციენტის შესახებ
6. კვირაში მაქსიმუმი კონსულტაციის რაოდენობა (კონფიდენციალურია ყველაფერი), რომ იმაზე მეტჯერ არ შეგაწუხოთ, რამდენიც შეგიძლიათ.
7. სისტემაში ჩართვა და გათიშვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს კეთილი ნების და მოთხოვნის საფუძველზე
განსაკუთრებით საჭირო სპეციალობებია:
კარდიოლოგი (წნევა, იშემიური დაავადება, არითმიები)
პულმონოლოგი (ბრონქიტი, ასთმა)
ოჯახის ექიმი (წნევა, ზოგადი)
ალერგოლოგი (გამონაყარი)
ოფთალმოლოგი (1/3-დს თვალის მანიფესტაცია აქვს)
გასტროენტეროლოგი
პედიატრი (კოვიდზე გამოცდილი)
ფსიქოლოგი/ფსიქიატრი (მგონი გასაგებია რატომ)
ყველა სხვა ლიცენზირებული სპეციალისტი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეუძლია დაგვეხმაროს, აუცილებლად მიუთითეთ თვენი კომპეტენცია
ვინაიდან და რადგანაც ჩემს მესინჯერში “მეორედ მოსვლაა” ყველანარი პაციენტის და არაპაციენტის, და შეიძლება ექიმების მოწერილი ჩაიკარგოს, ეს ინფორმაცია ან აქ დაპოსტეთ, ან თუ კონფიდენციალურობა გსურთ – მიწერეთ Rising star ავატარს – Elene Natsvlishvili -ს, რომელიც დაგვეხმარება ამ ექიმთა ბაზის შექმნასა და ორგანიზებაში.
პროტოკოლია:
საჭიროების შემთხვევაში (პირველადი ექიმის გადაწყვეტილებით), თქვენსავე მითითებულ დღეებსა და საათებში ავატარი (სამედიცინოს ზედა კურსების სტუდენტი) გიპინგავთ ვაიბერზე და გრთავთ პაციენტის შექმნილ ჯგუფში – რომელიც პაციენტის ელექტრონული ანკეტაა. თუ 5-10 წუთის განმავლობაში უბრალო კონფირმაციის პასუხი მაინც არ გვაქვს რომ მიიღეთ და რაღაც ხანში შეგიძლიათ თქვენი პროფესიული აზრი გვითხრათ – გადავალთ შემდეგ სპეციალისტზე (გასაგებია რომ იმ მომენტში შესაძლოა დაკავებული იყოთ).
თქვენ პირველ პირში იხილავთ ჩვენი აწყობილი “ფორს-მაჟორის პირველადი ჯანდაცვის” სისტემას და გაგვიზიარებთ თქვენს აზრს.
თქვენ არ დაგჭირდებათ მომდევნო 20 წუთის განმავლობაში პაციენტისგან შეგროვება ანამნეზის, ლაბორატორიული მაჩვენებლების, მედიკამენტების და ასე შემდეგ. გამზადებული ქეისი იქნება კვალიფიკაციური კადრის მიერ კონკრეტული შეკითხვით და თქვენგან მხოლოდ მოსვლა და “ლენტის გაჭრა” იქნება საჭირო.
დააჭირეთ ვაიბერის “ოთახში” მიკროფონის ღილაკს თითი და უბრალოდ დაილაპარაკეთ, რას ფიქრობთ. დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თქვენ ოფისში რა სისტემაც გაქვთ აწყობილი დღემდე – იმაზე უფრო ეფექტურია თქვენი პროფესიული დროის გამოყენების თვალსაზრისით ?.
პ.ს. არანაირი “ფურცლის” შევსება არ მოგიწევთ, თუმცა თქვენი აზრის სრული ოფიციალური დოკუმენტაცია (ხმით, რომელიც ხელმოწერაზე უტყუარია) იქნება.
გელით ჩვენს “ვირტუალურ” კოვიდკლინიკაში კონსულტანტებად ?”