აშშ-ს ქალაქ ორლანდოში მეორე ყოველწლიური შეჯიბრი Invictus Games-ის („ძლიერთა თამაშები“) გახსნის ცერემონიალი გაიმართა. შეჯიბრი, რომელშიც დაჭრილი ჯარისკაცები მონაწილეობენ, ბრიტანეთის პრინც ჰარისა და აშშ-ს პრეზიდენტის ცოლის, მიშელ ობამას ორგანიზებით იმართება. „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდიც.
ჰარისთან და მიშელ ობამასთან ერთად გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მსახიობმა მორგან ფრიმენმა, მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა და აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც მიიღეს.
ცერემონიალზე პრინცი ჰარი სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა Invictus Games.
„ძალიან ვამაყობ, რომ დღეს მეორე Invictus Games გაიხსნა აშშ-ში. ლონდონიდან დიდი გზა გამოვიარე, თუმცა თავს ახლაც სახლში ვგრძნობ, რადგან ვხედავ ბევრ მეგობარს, ნაცნობ ჯარისკაცებს,“ – აღნიშნა პრინცმა.
რაც შეეხება ქართველ სამხედროებს, მათ მჯდომარე ფრენბურთში საკმაოდ კარგად მომზადებული იორდანიის ნაკრები დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. მანამდე კი, შესარჩევ მატჩებში დანიისა და ესტონეთის ნაკრებებთან გაიმარჯვეს და ამით ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. „ძლიერთა თამაშების“ მონაწილეებს უშუალოდ გულშემატკივრობს გაერთიანებული სამეფოს პრინცი. პრინც ჰარისთან ქართველმა მოასპარეზეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.