„ქართველი ხალხის ძალისხმევამ, თითქმის 40-დღიანმა აქციებმა გამოიღო შედეგი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მეგობარი და მთავარი მხარდამჭერი, ჩვენი თავისუფლებისა და ერთიანობის ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, რომ როგორმე, რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, არბევს და საფრთხეში აგდებს ჩვენს თავისუფლებას ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მეორედ დაინიცირებულ „მეგობარ აქტს“.
მისი შეფასებით, აშშ არის მსოფლიოში დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანა და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ ხალხს უპირისპირდება ამგვარი ფორმით პასუხობს.
„აშშ არის მსოფლიოში დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი. რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს უპირისპირდება და არჩევნებს არ ატარებს, ასეთი ფორმით პასუხობს. არ გაქვს დემოკრატია? ებრძვი საკუთარ ხალხს? ძირს უთხრი დემოკრატიას? მაშინ მოგექცევიან ისე როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“. აშშ არის საქართველოს მეგობარი და ამიტომ ხდება მსგავსი აქტების დაინფიცირება, რომ რეჟიმები, რომლებიც ქვეყანას ევროპასთან ინტეგრაციაში გზას უღობავს, ხელისუფლებაში არ იყოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტმა პროტესტებმა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „ქართული ოცნებისა“ და საარჩევნო კოლეგის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს, ლეგიტიმაციის არცნობაში გამოიხატება.
„რაც შეეხება უწყვეტ პროტესტს, ხელისუფლება იძახდა, რომ ეს აქციები მილევადი იყო, თუმცა ახალი წლის ღამეს დავინახეთ, რომ პროტესტი გრძელდება. ჩვენ გვჭირდება ზემოქმედების მექანიზმები ქვეყნის შიგნით და გარეთ. რეჟიმი, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, როგორმე უნდა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოში, ვგულისხმობ – არჩევნების ჩანიშვნასა და დაკავებულების გათავისუფლებას.
ამ აქციებმა შედეგი მოიტანა, რომ აღიარება არ აქვს თვითგამოცხადებულ რეჟიმს, არც პრემიერს, არც პრეზიდენტს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მთავრობისთვის კი სანქციების ახალ-ახალი პაკეტები მოდის და არა ქართველი ხალხისთვის. ამ პროცესში კი სალომე ზურაბიშვილი თავად განსაზღვრავს თუ რამდენად დიდი იქნება მისი როლი.
ახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ყველანი შეთანხმებულები ვართ და ალბათ, „ქოცებიც“ დაბალ დონეზე შეთანხმებულები არიან, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ვერ ეუბნებიან ამას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.