LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სპორტსმენი მეთევზეები მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდნენ

728
60791133_2452609394973193_8050436100612685824_o

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე ადგილი დაიკავეს.  საქართველო ოდნავ ჩამორჩა რუმინეთს, სამაგიეროდ აჯობა ბელგიასა და საგრძნობლად გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ინგლისი, ესპანეთი, გერმანია.

გუნდი სახელწოდებით Feeder Team Georgia 8 წევრისგან შედგება: ზაზა ხუციშვილი, დიმიტრი ჯარიაშვილი, გიორგი კოპალიანი, თენგო ბინიაშვილი, გიგა გაბრიაძე და სამწვრთნელო-საკოორდინაციო შტაბი: არტურ ვართარეზოვი, არმენ ავეტისიანი, მიშა ხიზანიშვილი.

ჩემპიონატი 19 მაისს პორტუგალიაში, მდინარე რაიაზე ჩატარდა.

ჩვეულებრივი მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, რომელშიც ეროვნული ნაკრებები გამოდიან, აქ თითო ქვეყნიდან საუკეთესო კლუბი გამოდის, ვინაიდან საქართველოში კლუბები არ არსებობს, ამ ჩემპიონატზეც ეროვნული ნაკრები გაემგზავრა.

„ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი არსით, ვინაიდან აქ მსოფლიოს საუკეთესო კლუბები გამოდიან და შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ კონკურენცია და ღირსეული მეტოქეობა გავუწიოთ მათ. ავიმაღლოთ გამოცდილება და შევიძინოთ ახალი მეგობრები.

მდინარეში, ველური და ძალიან ძნელად დასამორჩილებელი კობრი ბინადრობს. ასევე ბევრი წვერა და პატარა ზომის თეთრულა. ტურნირზეც ზუსტად ამ თევზებზე იყო სტრატეგია აგებული“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი გიგა გაბრიაძე.

 

ის ამბობს, რომ ასეთი დონის ტურნირისთვის 8 კაციანი შემადგენლობა ცოტაა. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ჩემპიონატისთვის არანაირი დაფინანსება არ არსებობს და მეთევზეებს თავად უწევთ სახსრების მოძიება (სხვა ქვეყნების ჯგუფებისგან განსხვავებით).

„გუნდის შევსების ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ საბოლოოდ ყველაფერი ფინანსებთან მიდის. საქართველოში ამ პრობლემის გამო, რამდენიმე უძლიერესი სპორტსმენის დატოვება გვიწევს, რომელსაც უბრალოდ წამოსვლის თანხის მოძიება უჭირს.

პრობლემაა ლოჯისტიკაც – სპორტსმენის აღჭურვილობა დაახლოებით, 50-70კგ-მდე  იწონის, რომელიც ავიაბილეთების ბარგში არ ეტევა და შესაბამისად ადგილზე ქირაობა გვიწევს. ამას კი მოჰყვება ის, რომ სპორტსმენი არ ზის თავის პლატფორმაზე, ვერ ასწრებს ნაქირავებ, მეორად აღჭურვილობასთან ადაპტაციას. ეს ყველაფერი, საბოლოოდ შედეგზე აისახება“, – ამბობს პრობლემებზე საუბრისას გიგა გაბრიაძე.

საქართველოს ფიდერის ფედერაცია უკვე მეშვიდე წელია ფუნქციონირებს და პოპულარიზაცია უწევს სპორტულ თევზაობას. 2016 წელს ქართული ფედერაცია სპორტული თევზჭერის საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა და საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა 3-ჯერ უკვე მიიღო, მათ შორის ერთხელ ეროვნულზეც.

ახლა ფედერაციის მიზანი, მონაწილეობასთან ერთად წინა პოზიციებზე გადანაცვლებაა.

„ყოველ ტურნირზე სტაბილურად ვიკავებთ ზუსტად შუა პოზიციას ქვეყნების რაოდენობებიდან გამომდინარე. ახლა ჩვენი შემდეგი ამოცანაა, როგორმე ზედა მეოთხედში გადავიდეთ და მალე სამეულში მოვხვდეთ. შემდეგ კი ალბათ მსოფლიო ჩემპიონობაც არ დააყოვნებს. დაველოდოთ იმ წარმატებულ წელს, როდესაც შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით, სრული აღჭურვილობით მსოფლიოზე გაემგზავრება და უკვე კვარცხლბეკიდან გაგვაგონებს საქართველოს ჰიმნს“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ ფედერაციის პრეზიდეტი.

წელს ფიდერით თევზჭერაში კლუბებს შორის რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.  ფიდერის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც მას მკვეთრად გამოარჩევს თევზაობის სხვა მეთოდებისაგან, არის სპეციალური ანკესები, რომლებიც აღჭურვილია 10-14 გამტარი რგოლით და წვრილი, მოსახსნელი მგრძნობიარე წვერით – ქვივერტიპით. თევზაობის ამ სტრატეგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია თევზჭერის ადგილის გამუდმებულ დაკვებას და მეთევზისგან საკმაოდ აქტიურ მოქმედებებს მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g