ქედაში, სოფელ სიხალიძეებში უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, სოფელ სიხალიძეებში მეწყერმა საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა.
უწყების ცნობით, ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ქედაში ელექტროენერგია ყველა სოფელს მიეწოდება. რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, მეწყერის გამო შეფერხებაა სოფელ სიხალიძეებში, თუმცა სოფელი პარალიზებული არ არის, რადგან შესაძლებელია ალტერნატიული გზით სარგებლობა,” – განაცხადეს ქედის მერიაში.
უხვი ნალექის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტში თხილვანას ხეობაში ოთხ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მერიის ცნობით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.