საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა შთამბეჭდავია. სექტემბრის 10 რიცხვამდე ქვეყანას 1500-მდე ინფიცირებულში, 19 გარდაცვლილი ჰყავდა. განსაკუთრებით ნოემბერი მძიმე აღმოჩნდა. ყველა შემთხვევა ტრაგედიაა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
თუმცა გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის ნაკლებად ფიქრობდა იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევებს გაუძლებდა. “ჩვენ რა თქმა უნდა არ ვპროგნოზირებდით დღეში 4000-5000-მდე შემთხვევას”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფიცირების ზრდა გამოიწვია იმან, რომ ყველამ დაიჯერა და შეიქმნა ილუზია, რომ კორონა დამარცხებულია. “ზაფხული ძალიან თავისუფლად გადავიარეთ. შემთხვევების ზრდა გამოიწვია მობილობამ და სხვადასხვა ტიპის აქტივობებმა”.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ დღეის მდგომარეობით 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ინფიცირებულია. თუმცა, ნაწილმა დაამარცხა კორონავირუსი და დაუბრუნდა სამუშაოს და ზოგადად ექიმების გმირულ შრომაზე გაამახვილა ყურადღება.
“ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება და მათ აქვთ ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, აგვისტოს ომი… დღეს თითოეული ქართველი ექიმი, თითოეული სამედიცინო მუშაკი იმსახურებს მხოლოდ მადლობას.
8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ იცით, რომ დაიღუპნენ კიდეც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. რთულია ეს ყველაფერი”, – აღნიშნა გამყრელიძემ.