LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე, მადლობა თქვენს ოჯახებს, მეუღლეებს, შვილებს“ – სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ 

126
ing

მახათას მთაზე, „ჯარის ქალაქში“ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჯარის ქალაქის“ პროექტი კიდევ გაგრძელდება:

„მინდა ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს.

მინდა გითხრათ, რომ ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი არის დასრულებული. იცით, ჩემი მინისტრობის დროს, მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის. დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება და მოწესრიგება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა, ნებისმიერი საკითხის მოგვარება და რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება.

იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მე მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო. იცით, რომ ჩვენ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ. მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს პროექტი გაგრძელდება და ასეთივე ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი, სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ყველანი, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულები ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური ჩვენი ქვეყნის წინაშე, თქვენი თავდადება, გმირობა.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გმირობის წინაშე. თქვენს ოჯახებს მინდა მადლობა გადავუხადო, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები