ორმოცის რესტორნებში გადახდის ტრადიციას, სოციალურ ქსელში მარინა ჯიმშელეიშვილი თავის გადაწყვეტილებას უპირისპირებს.
როგორც ის წერს, დედამისის ორმოცი “კათარზისში” აღნიშნა და ეს დღე მის ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება.
ჯიმშელეიშვილის თქმით, სხვების მადლიერება მიცვალებულებისთვის ყველაზე დიდი ცხონებაა.
„დღეს დედას ორმოცი იყო. გადავწყვიტე ეს დღე „კათარზისში” აღმენიშნა. არავითარი რესტორანი, პატარა სადილი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად… ის რამდენიმე საათი მუდამ დაუვიწყარი იქნება ჩემ ცხოვრებაში, მეხსიერებაში…
ამ შენობაში ყოველდღიურად 310-380 მოხუცებული და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი სადილობს. დღეს უბედნიერესი ვიყავი, რადგან მე და ჩემმა დამ შევძელით თითოეული მათგანის გამასპინძლება სრულყოფილი სადილით. უღრმესი მადლობა ორგანიზაციის დირექტორს ბატონ ზაურს და მენეჯერს, მშვენიერ ელენეს, სამზარეულოს ყველა თანამშრომელს… ისინი ყოველდღე გმირები არიან… 500-მდე მეგობარი ხართ FB-ზე… გთხოვთ გააზიაროთ…
ქელეხების და ორმოცების ფეშენ რესტორნებში საჩვენებელ გადახდას, სჯობს სწორედ აქ აღვნიშნოთ მსგავსი შეკრებები და ის რომ 300-ზე მეტი ადამიანი აკანკალებული ხელით გეფერება და გიხდის მადლობას… არის ენით აუწერელი შეგრძნება, განუმეორებელი განცდა და ემოცია, ხოლო ჩვენი მიცვალებულებისთვის ყველაზე დიდი ცხონება…
არ ვიცით თითოეულ ჩვენთაგანს როგორი ცხოვრება ელოდება, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც დავბერდებით…”, – წერს მარინა ჯიმშელეიშვილი.