გასულ კვირას Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში ქეთა თოფურიამ ძალები დიზაინერის ამპლუაში სცადა. მომღერალმა კარიერაზე, დიზაინერულ დებიუტსა და ქალიშვილზე ისაუბრა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლექცია ხალხს მოეწონა. მასში ძალიან ბევრი ძალა და ენერგია ჩავდე. ჩემი ქალიშვილის, ოლივიას დაბადების შემდეგ გარკვეული პერიოდი ლოს-ანჯელესში ვიყავი. იქ მხოლოდ ჩემი შვილით ვიყავი დაკავებული. როდესაც მოსკოვში დავბრუნდი, დაიწყო გასტროლები, ოლივიას მოვლაში კი მეუღლე მეხმარებოდა. ჩემი შვილი ხშირად დამყავს თან – ჩვენების მომზადების წინ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ის ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობს.
ასევე ვარ ქართული „ახალი ხმის“ ჟიურის წევრი. ჩვენებაზე ამ დილას ჩამოვფრინდი. როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ყველაფერს ვასწრებ. ეს იმას ნიშნავს, რომ დროს სწორად ვგეგმავ!“
რაც შეეხება ახალ კოლექციას, ქეთამ განაცხადა, რომ თავისი ჩვენებისთვის შექმნა ტანსაცმელი, რომელსაც თავადაც სიამოვნებით ატარებდა. „ჩვენების ყველა მოდელს ფეხსაცმელი სწორ ძირზე ეცვა, ეს იმიტომ, რომ ასეთი ფეხსაცმელი ჩემი სტილია და ყოველდღიურ ცხოვრებაში არ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი. ყოველ ეტაპში აქტიურად ვმონაწილეობდი: თვალ-ყურს ვადევნებდი იმას, რომ თითოეულ მოდელს თმა სწორედ ისე ჰქონოდა „აწეწილი“, როგორც საჭირო იყო“, – განაცხადა ქეთამ.