„იწყება არჩევნების წინ პარტაქტივისთვის ჩამორიგებული სოციალური შეღავათების ჩამორთმევის მასიური კამპანია – დიდ სურათში სტატისტიკას უშლის ხელს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი, ქეთევან ბაკარაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ბაკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს
„დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. “
„დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სენსაციური აღმოჩენა გაასაჯაროვა! თურმე მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღარიბი და შეჭირვებული მოსახლეობის რიცხოვნობა ყალბი, გადაჭარბებული და მხოლოდ მანიპულირების ინსტრუმენტი ყოფილა! ბატონი სარჯველაძე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და აყვავების ფონზე დაუშვებლად და წარმოუდგენლად მიიჩნევს ხალხის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
მეტიც, მოსახლეობამ თურმე საოცარი ტემპით დაიწყო მანქანებისა და უძრავი ქონების შესყიდვა! ტყუილია, მათ არ უჭირთ, უბრალოდ თაღლითობას აქვს ადგილი! ჰოდა, დაანონსდა ერის ფინანსური კეთილდღეობის ოფიციალური დეკლარირება! იწყება არჩევნების წინ პარტაქტივისთვის ჩამორიგებული სოციალური შეღავათების ჩამორთმევის მასიური კამპანია – დიდ სურათში სტატისტიკას უშლის ხელს; ამ ეტაპზე ასე ესაჭიროება მთავრობას;
ფაქტობრივად, სისტემურ კორუფციას თავად აღიარებს მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თაღლითურ სქემებზე დიდი ხანია საზოგადოება საუბრობს. ბიუჯეტს რამდენი მილიონი ლარის ზარალი მიადგა ამ წლების მანძილზე, ვინმე დაითვლის? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ვაკხანალიაზე? დაიწყება გამოძიება? თუ ამჯერადაც ყველას ყველაფერი შერჩება და ერთ განტევების ვაცს ჩამოეკიდება ცოდვებით დამძიმებული ხურჯინი? თუ კორუფციას რეალურად ებრძვით, ხალხის აწიოკებით კი არა, თქვენდამი დაქვემდებარებული უწყებებით დაიწყეთ, თუნდაც დევნილთა სააგენტოს საქმიანობის შესწავლით; დანარჩენზე ეტაპობრივად!”, – წერს ბაკარაძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
