LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანი: სერიალის პერსონაჟების მიმართ არ მაქვს გრძნობები ან ემოციები

34

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი ცნობილი სერიალების, „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი იყო.

– ქეთი, დავიწყოთ თავიდან. „ჩემი ცოლის დაქალები“ 5 წლის გახდა, მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ და საერთოდ, როგორ მოხვდით ამ სამყაროში?
– ეს არ იყო ჩემი პირველი პროექტი, „ფორმულა კრეატივში“ გადაცემის იდეით მოვხვდი 2009 წელს, რომელიც არ გამოვიდა და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში ვარ. იმედია, ოდესმე საკუთარი გადაცემა მექნება. მაშინ „იმედზე“ მზადდებოდა სერიალი „კლინიკა“ და 33 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ თურმე წერა შემიძლია. მანამდე არ ვიცოდი ამ უნარის შესახებ, ფაქტია, რომ სკოლის თავისუფალი თემების გარდა არაფერი დამიწერია. ამის შემდეგ „კლინიკა“ დაიხურა, დავწერე ერთი ნოველა ფილმისთვის „ჭამა და სექსი“ და მერე გაგვიჩნდა იდეა გაგვეკეთებინა სერიალი ქალებისთვის. აღმოჩნდა, რომ სერიალი ყველასთვის არის და იმაზე სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. მეათე სეზონი მთავრდება, არადა თავიდან სამ სეზონზე ვფიქრობდით.

რთულია ამდენი წელი პოპულარობის შენარჩუნება… ბევრი მაგალითი გვაქვს წარსულში. რა არის მამოძრავებელი ძალა თქვენს შემთხვევაში?
– თავიდან, როდესაც პავილიონები მზადდებოდა, მახსოვს შთამბეჭდავი მომენტი და პასუხისმგებლობის შეგრძნება, რომ ამ სერიალში იხარჯება უზომოდ დიდი რესურსი და ჩემზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ.  პირველი სერია რომ გავიდა ეთერში, შიშით შევედი ინტერნეტში, რათა შედეგი მენახა, შიშითვე ველოდებოდი კომპეტენტური ადამიანების ზარს. არასოდეს არ ვფიქრობთ, რომ ხალხი მაინც შეჩვეულია, მაინც უყურებს და მოდი, შეიძლება მივაფუჩეჩოთ… პირიქით, მაყურებლის მოლოდინი, კომენტარები კიდევ უფრო დიდი სტიმულია. ყველა სერიას ვწერ, როგორც პირველს. ეს ამბავი არ არის რუტინა, არამედ არის გამოწვევა. როდესაც არ მოგწონს, რასაც აკეთებ, ამას მაყურებელი, მკითხველი, კლიენტი პირველი ხვდება.

მსახიობის ტიპაჟების არჩევა როგორ მოხდა?
– ეკა მჟავანაძეს მოჰყავს მსახიობები და შემდეგ მთელი გუნდი ერთობლივად ვიღებთ გადადწყვეტილებას. სწორი ქასტი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

შენ რამდენად ერევი ქასთინგში?
– საკმაოდ, ვცდილობ, სწორად შევარჩიო ტიპაჟი. ყველას პერსონაჟს აქვს თავისი გარეგნობა, პერსონაჟი მსახიობთან ჰარმონიაში უნდა იყოს.

– არაპროფესიონალი მსახიობებიც არიან?
– რამდენიც გინდა, პირველივე სერიიდან. მთავარია, რამდენად კარგად ასრულებს იმ პერსონაჟს ადამიანი. თეატრის სცენა ვერა, მაგრამ კინო ამას იტანს.


– იუმორის კეთებაც რთულია, როგორ ახერხებთ ამ დროის განმავლობაში მის შენარჩუნებას?

– ადგილზე შეიძლება მოიფიქრონ ქმედება. როგორც წესი, სცენარი არ იცვლება და იუმორიც სცენარის ნაწილია, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც მსახიობს ან რეჟისორს სპონტანურად მოსდის იდეა. მაგალითად ხის გაცურების ამბავი, მე რომ დავწერე სცენარი ის ცნობილი ფაქტი ჯერ მომხდარი არ იყო, ამიტომ სპონტანურად ჩაურთო რეჟისორმა.

– რა დრო გჭირდება წერისთვის?
– ყოველთვის ერთი სერიით მეტს ვწერ „ჩემი ცოლის დაქალებს“ და მიაქვს ჩემი სიფხიზლის თითქმის მთელი დრო. დანარჩენი მძინავს (იცინის). პროდიუსერები მეუბნებიან, რომ სწრაფად ვწერ.

– საყვარელი პერსონაჟი თუ გყავს?
– სერიალის პერსონაჟების მიმართ არ მაქვს გრძნობები ან ემოციები. მე მიყვარს სერიალი და არა მისი გმირები, ვცდილობ, გულგრილი დამოკიდებულებით შევხედო, რათა არ შემეცოდონ და უცებ „არ მოვუგვარო“ პრობლემები (იცინის).

IMG_9391

ბოლო დროს, მეგრელებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. თუ გეხმიანებიან ხოლმე სოციალურ ქსელში და თავის აზრს გამოთქვამენ?
– მარტო მეგრელები არა, ქართლელები, ვარანცოველები, ექიმები… ყველა მეხმიანება და ყველა რაღაცით არის უკმაყოფილო ან პირიქით.

რა არ მოსწონთ?
– ირონია, რაც დიდი დოზით არის სერიალში. რაც შეეხებათ მეგრელებს, ძალიან კრეატიული ხალხია, მაგრამ ფრთები ვერ აქვთ გაშლილი, ამიტომ მთელი ეს კრეატივი ყოფაში აქვთ გადატანილი და უფრო ემოციურები არიან, განსხვავებით ქართლელებისგან.

ხშირად წუწუნებს მაყურებელი, რომ მოკლე სერიებია…
– ვისაც გადაღებასთან აქვს შეხება და იცის, რა შრომასთან არის დაკავშირებული, მიხვდება რასაც ვამბობ. კვირაში სამი სერიის გადაღება, თუნდაც ნახევარსაათიანის, ძალიან რთულია.

ნიკა გვარამია წერს ხოლმე აქტიურად სოციალურ ქსელში სერიალზე…
– კი, ნიკა ჩვენი აქტიური მაყურებელია.

სცენარის დაწერაში თუ ჩარეულა?
– არასოდეს. ის მხოლოდ მაყურებელია და ამ დონეზე განიხილავს პროექტს.

– როდის ხარ კმაყოფილი საკუთარი ნამუშევრით?
– როდესაც სერიის დასასრულს პოლემიკა და დისკუსია მოჰყვება. მაგალითად, უნდა უთხრა თუ არა მეგობარს, რომ ქმარი ღალატობს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ გაამართლა.

– გადაღებებს თუ ესწრები?
unnamed– უიშვიათეს შემთხვევაში, უფრო თავიდან იყო ეს. როგორც რეჟისორი არ მესწრება მე სცენარის წერის დროს, ისე ვარ მეც. გადაღებამდე გვაქვს კომუნიკაცია და არა მის შემდეგ.

თავად თუ უყურებ სერიალებს?
– იშვიათად, არც დრო მაქვს და თან ძალიან მეშინია გავლენის. თუ ვუყურებ, სრულიად სხვა ჟანრის სერიალს.

სერიალში ხშირად არის სექსუალური უმცირესობის თემა, რაც ქართულ ტელესივრცეში იშვიათია. ნელიკოს ის უყვარს, როგორც ადამიანი. ქართველი მაყურებელი სხვანაირად აღიქვამს ალბათ…
– როდესაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანზე ვაჩვენეთ, მწერდნენ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანზეც დავწერო ან ჯუჯაზე. მე ვპასუხობ, რომ როდესასც ერთი მიმართულებით ვაჩვენებთ ამ საკითხს, ეს ნიშნავს, რომ დამოკიდებულება ყველა ამ ზემოთხსენებული ადამიანების მაგალითს მიესადაგება. ისევე არის ტრანსგენდერზე, გვინდა ვაჩვენოთ დამოკიდებულება როგორც მის, ისე ლესბოსელის ან გეის შემთხვევაში. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ არანაირი საფრთხე არ მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ცოტანი. ჩვენ ვჩაგრავთ, იმიტომ რომ ისინი ცოტანი არიან და ვერევით. არაფრის პროპაგანდა არ ხდება, ამის ჩვენებით ვერავინ ორიენტაციას ვერ შეიცვლის. უბრალოდ ვაჩვენებთ, როგორ უნდა მოვექცეთ განსახვავებულს.

– რაც შეეხება სერიალს „ხელოვნური სუნთქვა“, რამდენი ხანი იყო ის ეთერში?
– მაისიდან დეკემბრის ჩათვლით.

– საიდან გაჩნდა ამ სერიალის შექმნის იდეა?
– მე და დათო გაბუნიას, ანუ ჩემს თანასცენარისტს სცენარი თითქმის ორი წლის განმავლობაში გვქონდა. რომ ჩამოვყალიბდით, შევთავაზეთ არხს, რომელიც დაგვთანხმდა სიამოვნებით, გამოჩნდა სპონსორი „ევექსი“. ამჯერად კი უსპონსოსროდ ვართ და თუ ვინმე გამოგვიჩნდება, გავაგრძელებთ გადაღებებს, თუ არადა დარჩება ციხეში ბატონი შოთა (იცინის).

– რატომ დაიჭირეთ შოთა?
– იმიტომ, რომ ეს არის სერიალი და რაღაც უნდა მოხდეს მასში…

ხშირად გწერდნენ, რომ არცერთი პერსონაჟი არ დატოვეთ ბედნიერი…
– დიახ, მაგრამ ნებისმიერი სერიალი თუ ფილმი, სადაც პერსონაჟები 5 წუთზე მეტხანს არიან ბედნიერები, აღარ არის საინტერესო.

გაგრძელების შანსი თუ არის?
– ვერ გეტყვით, არის შანსები და დიდი იმედი მაქვს.

– სად არის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ჩემს სახლში და დედის სახლში.

– მუზა ყველაზე უკეთ სად მოგდის?
– ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოვიდეს მუზა, გააჩნია სიტუაციას.

ვინ არის ადამიანი, რომელსაც პირადად გაიცნობდი და რას კითხავდი?
– ნიკ ქეივს და ინტერვიუს ავიღებდი. კონკრეტულ კითხვაზე არ მიფიქრია.

– როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი?
– ძალიან კარგი. მშვენივრად ვისაუბრეთ და კმაყოფილი ვარ.

წარმატებებს გისურვებ.

 

 
გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები