LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი გაბისიანის შემოქმედებით საღამოზე ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა – „ამას არ ველოდი…“

3410
keti-gabisiani-ex

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 25 თებერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალურ შემოქმედებით საღამოს წარადგენს, სადაც მუსიკოსებისა და შემსრულებლების დიდი რაოდენობა მონაწილეობს, მათ შორის ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, „შვიდკაცა“, თეატრალურის კვარტეტი“,  აჩიკო ნიჟარაძე, პაპუნა შარიქაძე, გიორგი ცაგარელი, ლაშა დეისაძე და სხვანი.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე დასასწრები ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა, რაც ქეთი გაბისიანისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

კომპოზიტორს სასტუმრო „ადამოს“ მყუდრო გარემოში შევხვდით კონცერტის დეტალებზე სასაუბროდ. ინტერვიუს ბოლოს მან ერთ-ერთი თავისი სიმღერა ექსპრომტად შეგვისრულა.

ქეთი გაბისიანი:

ვერ ავხსნი, რა განცდაა, როდესაც შენი საღამოს ბილეთები რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდება. ეს არის მაყურებლის მხრიდან სიყვარულისა და პატივისცემის პირდაპირი გამოცხადება. ცოტა აცდენილი ვარ მიწას, ეს დღეებია, ისეთი მადლიერი დავდივარ. ამას არ ველოდი. შემდგარი, ძალიან წარმატებული ჩემი კოლეგები ვიცი, რომელთაც ზუსტად ამის ეშინიათ, არა, ვერ გავაკეთებთ კონცერტს, ბილეთები რომ არ გაიყიდოსო?!. მეც მქონდა ეს შიში. ამიტომაც ვარ გაოცებული და იმავდროულად, ძალიან ბედნიერი.

კონცეპტუალური საღამო რატომ დაარქვით?

წლებია, მე და ბაკურ ბაკურაძე ვმუშაობთ ბევრ პროექტზე, ამ შემთხვევაში ჩემს პროექტზე გადმოვერთეთ და მივედით იქამდე, რომ ცოტა სხვა კუთხით წავიდეთ. სხვადასხვა სიმღერის ერთ ხაზში, ერთ იდეად გაერთიანება გადავწყვიტეთ. ჩემი მუსიკა არის მრავალჟანრიანი და შეიძლება იყოს, სუფთა საესტრადო, ბალადური ჟანრის ან ფოლკნარევი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ მიმართულებას ვაძლევთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციას და მის ხელმძღვანელს, გიგა კობალაძეს, რადგან მაქვს საშუალება, ვიმუშაო მხოლოდ შემოქმედებითი მიმართულებით და დანარჩენს ყველაფერს სწორედ ეს ორგანიზაცია აგვარებს. ყველა მუსიკოსს ვუსურვებ, რომ ასე კომფორტულად იმუშაონ საკუთარ კონცერტებზე.

ახლა გადავდივართ სარეპეტიციო სივრცეში, აქამდე სახლის რეპეტიციები მიმდინარეობდა. ამ დღეებში მოვისმენ და ვნახავ ნაწარმოებებს დასრულებული სახით. რეზულტატი ძალიან მაინტერესებს. ერთია, შენ რას ფიქრობ და მეორეა, რა გამოდის. იმ მუსიკოსების აზრიც მაინტერესებს, ვინც კონცერტში მონაწილეობს.

ბილეთების ასეთი სისწრაფით გაყიდვა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მსმენელს მოენატრა ქართული სიმღერის საღამოები? მით უმეტეს, ამ ბოლო დროს ახალგაზრდებს შორისაც ახალი სიცოცხლე შეიძინა ქართულმა სიმღერამ.

გეთანხმებით, ქართული მუსიკისა და სიმღერისადმი ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობა. მე იმ მუსიკოსების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სუფრასა და სცენას შორის ზღვარი მკვეთრად იყოს გავლებული. მნიშვნელოვანია, რომ რაც მანკიერია, ის მოიხსნას და ვფიქრობ, აქეთკენ მივდივართ სწორედ, რომ დარჩეს ის მუსიკა, რომელიც სცენისთვის ორგანულია. მუსიკას თანამედროვე ხედვა სჭირდება. ლაღიძე, კვერნაძე, კერესელიძე, ლეგენდებზე ვსაუბრობ, მათ მუსიკას ყავლი არასდროს გაუვა, თავიანთი ტერიტორია შემოხაზული აქვთ, თუმცა ახალი სისხლის გადასხმა საჭიროა.

თქვენს კონცერტზეც თქვენი სიმღერების ახალ ვერსიებს შემოგვთავაზებთ?

ხანდახან ვსხედვართ და ვბჭობთ, როგორ უნდა გავაჟღეროთ სიმღერები. თუკი ვარქმევთ კონცეპტუალურ საღამოს, სხვა კუთხით უნდა ვაჩვენოთ. ჩემივე სიმღერების ჩემივე ვერსიები გავაკეთე. ეს ძალიან საინტერესო იყო. განწყობის თვალსაზრისით, შინაარსით, ეს იქნება მუსიკოსის ფიქრები. ყველაფერს უხდება ფიქრი, მუსიკას – განსაკუთრებით.

რომელია ის სიმღერა, რითაც მსმენელმა გაგიცნოთ?

სახლიდან არ მოვსულვარ ამ სფეროში. მუსიკაში სამი წლიდან „ვცხოვრობ“. მერე იყო „მზიური“. სულ იმას ვარ მიჩვეული, რომ ქეთი სულ წერდა, უკრავდა და  ეს მომსდევდა, ასე რომ, მეტ-ნაკლებად სულ მცნობდნენ, თუმცა პირველი სიმღერა, რომლითაც ფართო საზოგადოებამ გამიცნო, „გაზაფხულის პატარძალია“.

თქვენს საღამოზე სულ რამდენი სიმღერა შესრულდება?

20, აქედან ორი ინსტრუმენტული. ბევრია თხრობითი ხასიათის ბალადა – ჩემი, თქვენი ისტორია, ხომ გვაქვს ერთმანეთის მსგავსი ამბები? მომღერლები მოჰყვებიან ამბებს, რომლებიც მეც მიკავშირდება…

ანუ ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს, რეალური…

მეტ-ნაკლებად, ყველა კომპოზიცია რაღაცას უკავშირდება. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სიმღერის ტექსტები. ლექსს სულ ვუკირკიტებდი და ახლაც ასე ვარ. სულ ვიბრძვი, სულ ვეძებ, მჭიდროდ ვთანამშრომლობ ნანა ცინცაძესთან, მაკა ბლიაძესა და ირინა სანიკიძესთან. სულ მივმართავ პოეზიას, ბავშობიდან ვიქექები, რომ დავინახო, რომელიმე პოეტმა დაწერა ის, რაზეც მე მელოდია უნდა შევქმნა (იღიმის).

შეყვარებულობის პროცესში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ კარგი სიმღერა დაიწერება?

ჩემთვის ასეა. ზოგადად, შთაბეჭდილებების ადამიანი ვარ. ბაღიდან სულ შეყვარებული ვარ (იცინის). ზუსტად მაგ ასაკში დავიწყე წერა, ხუთი წლიდან. პატარა ბავშვმა რატომ უნდა დაწეროს სიმღერა მუხრან მაჭავარიანის ლექსზე?!. (იცინის).

როდესაც სიმღერას გიკვეთავენ?

აქ პროფესიონალიზმისა და ცოდნის, გამოცდილების ხარჯზე წერ. როცა ამოცანა ზუსტად იცი და ჟანრიც, მხოლოდ პროფესიონალიზმი გეხმარება.

ახალ თაობაში ხედავთ ისეთ სახეებს, რომლებიც თქვენს სიმღერებს ჯეროვნად შეასრულებენ?

ვხედავ. მაგალითად, ჩემს კონცერტში მონაწილეობს ლიზა კალანდაძე, „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე. ძალიან საინტერესო გოგონაა, საინტერესო პერსონა და ზუსტად ასევე მღერის.

დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა ქართულ სიმღერებს კარგად შეასრულებს. ჩემს თავსაც მოვუწოდებ და ჩემს კოლეგებსაც, რომ გავაკეთოთ კონცერტები, სადაც ჩვენს მუსიკაში იმოგზაურებენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენს კონცერტზე ახალი სიმღერები შესრულდება?

შედგება 2-3 სიმღერის პრემიერა.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: სასტუმრო „ადამო “

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები