LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს თაღოვანი ხიდები, ბუნგალოები და გადასახედები შეემატება

241

დაცული ტერიტორიების სააგენტო ქობულეთში ვიზიტორთა ცენტრს აშენებს. გარდა ამისა, ქობულეთის დაცულ ტერიტორიას საველე ინფრასტრუქტურა შეემატება – თაღოვანი ხიდები, ბუნგალოები და გადასახედები.

როგორც ”ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია ჯინჯოლავამ განუცხადა, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის განახლება სააგენტოს ბიუჯეტით მოხდება.

”ქობულეთში ჩვენი ვიზიტორთა ცენტრი შენდება ჭყონიას სასტუმროს გვერდით, რომ ტურისტებისთვის იყოს ადვილად მისაგნები და ხელმისაწვდომი. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე არის უნიკალური ჭაობები და სამი ტურისტული ბილიკი. განახლდება ხიდები, მისადგომები და ბილიკები, რათა ვიზიტორებისთვის იყოს უსაფრთხო და კომფორტული,” – განუცხადა ”ფორტუნას” ჯინჯოლავამ.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით. ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ვიზიტორთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g