„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება. ამის შესახებ გიორგი ბარამიზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციამ მშვიდობიანი და არაძალადობრივი ბრძოლა უნდა გააგრძელოს.
„ქოცების არასახელმწიფოებრივი და მეტიც, ქვეყნისადმი მოღალატურ პოზიციასა და ოპოზიციის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართულ პოზიციას შორის „შუალედურის“ ძებნა პრინციპულად არასწორია.
გულწრფელი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს იმისათვის, რომ საქართველოს და ჩვენს ხალხსა და დემოკრატიას ასე აქტიურად გვერდში იდგნენ და ახლაც გვიდგანან.
მაგრამ ნათელია, რომ მათ შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი და ზღვარი, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი სიტყვა ქართველმა ხალხმა და ჩვენმა პატრიოტულმა, შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა თქვას და აიძულოს უზურპატორი ოლიგარქი, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ანუ ქვეყანაში მის მიერ ხელოვნურად შექმნილი, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად და დანიშნოს ვადამდელი პოლიტიკური არჩევნები, ისე, რომ პოლიტიკური პატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) ციხიდან გამოუშვან და პოლიტიკური დევნა (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და სხვა) შეწყვიტონ და საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ნორმალური.
ამიტომ ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება.
ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს არის ერთადერთი არა მარტო მორალურად და სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი გზა, რაც აუცილებლად (ცხადია მოთმინება და დრო დაგვჭირდება) გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – წერს გიორგი ბარამიძე „ფეისბუქზე“.
აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთ პოსტში გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი ბუნდოვანია და ვინც მასზე ხელმოწერას თანხმდება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ახალისებს.
„დიდი ტვინის ჭყლეტვა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ისინი, ვინც ამ ბუნდოვანი დოკუმენტის ხელმოწერას თანხმდება, ქოცების მიერ მძევლების აყვანის პოლიტიკას საფუძველს უმაგრებს და სამომავლოდ ახალისებს“, – წერს გიორგი ბარამიძე.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.