LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძემ ძველი კომპოზიცია გააცოცხლა: „ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკითაც, აქტიურობითაც, ჩვენი მეგობრობითაც. ეს სიმღერა კიდევ ერთი აგური იყო ჩვენი მეგობრობისთვის…“

458
ქრისტინე იმედაძე

რადიო „ფორტუნა პლუსს“ მიკი ჯეჯელავას გადაცემას „უსმინე ახალს“ ესტუმრა მომღერალი ქრისტინე იმედაძე, რომელმაც საკუთარი ძველი სიმღერის „მოდი ჩემთან“ ახალი ვერსიის პრემიერა წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ხარ მუსიკაში ჩართული და უშვებ ახალ ნამუშევრებს, რომლებიც სოციალურ მედიაში გვხვდება ხშირად, რატომღაც ახალი კომპოზიციების პრომოუშენით არ ხარ დაკავებული.

იმის გარდა, რომ პირველად ვარ შენთან სტუმრად, აღმოვაჩინე, რომ იშვიათად მოვდივარ რადიოშიც. პირდაპირი პასუხი ამაზე არ მაქვს, არ ვიცი… ადრე უფრო მეტად რუტინა იყო, სულ ქოთქოთში ვიყავით, მაშინ არ იყო სოციალური ქსელი. ყველაფერს თავისი თანმიმდევრობა ჰქონდა, სიმღერას ჩავწერდით, მივდიოდით რადიოში… ცოტა მოირღვა, მგონი, ეს სისტემა. მგონი, გვიან ვხვდები, რომ რაღაც უნდა გავაკეთო. შეიძლება, მე თვითონ რომ მიწევს ყველაფრის კეთება, ამიტომ… შენიშვნა მიღებულია და აუცილებლად მივხედავ, გამოვასწორებ (იღიმის).

ჟღერადობიდან გამომდინარე, ისეთ კომპოზიციებს უშვებ, რომელიც „ფორტუნა პლუსის“ ეთერს დაამშვენებდა… თანამედროვე პოპკულტურაში ძველი არტისტები ბრუნდებიან, მელოდიური პოპი ბრუნდება, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა.

მეც ძალიან კმაყოფილი ვარ ამით, რაღაც პერიოდი მუსიკა გაცივდა. მე რაზეც ვარ გაზრდილი, ის მუსიკა ბრუნდება.

ახლა რა ხდება შემოქმედებით ცხოვრებაში?

რამდენიმე ახალი სიმღერა მაქვს. ახლაც ვმუშაობ სიმღერაზე, რომელსაც გაზაფხულისკენ გამოვუშვებ. სტუდიაში სამუშაო პროცესი ძალიან მიყვარს. ხშირად ხდება ისე, რომ არ სცალია იმ მუსიკოსს, რომელთანაც სიმღერის გაკეთებას ვაპირებ. იმაზეც თანახმა ვარ ხოლმე, რომ ერთი საათით შევიკრიბოთ და ჭიქა ყავასთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორი შეიძლება გამოვიდეს სიმღერა. ასეთი შეხვედრა მქონდა ცოტა ხნის წინ. ერთი სიმღერა მზადაა, მაგრამ რაღაცები აკლია. როცა სიმღერას ჩავწერ, შავ მასალას წამოვიღებ ხოლმე და ვუსმენ. ჩქარ-ჩქარა მუშაობა არ მიყვარს. ამას აქვს თავისი დადებითი მხარეები.

ალბომამდე ხომ არ მივდივართ?

არასდროს მქონია ალბომი. მქონია სინგლი, მცირე რაოდენობით, მაგრამ ალბომი არასდროს გამიკეთებია. ცდების ჩატარება მომწონს. ვფიქრობ, რომ ხელწერა მაინც არის, მინდა თუ არა, მაგრამ ჩემი სიმღერები სხვადასხვანაირია, სიმღერის მანერასაც ვცვლი.

თავად თუ წერ სიმღერებს? ან თუ გქონია მცდელობა?

სიმღერების ტექსტებს ვაკეთებ, ძირითადად. ტელეფონი მაქვს სავსე ჩემი მოფიქრებული მელოდიებით, მაგრამ არც ერთი იდეა არ განმიხორციელებია… დიდი ბედნიერება და ღმერთის დიდი საჩუქარია, როცა მომღერალს შეუძლია თავადვე შექმნას მელოდიები. ცოტა არანჟირებასაც თუ აკეთებს, ესეც ძალიან კარგია…

არაერთ ლაივკონცერტზე გხედავთ, ძალიან ხშირად არა… თუ გიფიქრია, რომ საკუთარი სოლოპროექტით გამოჩნდე სცენაზე…

მაქვს ეს იდეები, როგორი უნდა იყოს ჩემი კონცერტი, მაგრამ აქამდე ჯერ ვერ მივედი. ბენდთან ერთად, პერიოდულად მაქვს ხოლმე ლაივკონცერტები, ან საერთო კონცერტები, ასევე ორ-სამ მეგობართან ერთად, ბენდით თუ ბენდის გარეშე.

მიუხედავად ბევრი არსებული პრობლემისა, საქართველოში არის რესურსი და შესაძლებელია, რომ მუსიკა კეთდებოდეს.

მუსიკა ისეთი ჯადოსნური რამეა, როცა ამის ნიჭი გაქვს, არ მოგასვენებს და რაც უნდა ხდებოდეს ირგვლივ, მაინც გაგაკეთებინებს რამეს…

რაც შეეხება სიმღერას, რომელიც ახლა უნდა გავაჟღეროთ, მისი ძველი ვერსია ძალიან მიყვარდა და საკმაოდ საინტერესო ვიდეონამუშევარიც აქვს. ვუყურე, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ კადრებს…

ეს არის სტეფანესა და კახაბერის მიერ შექმნილი ბავშვობის დროინდელი პროექტი. ამ სიმღერას ვასრულებდით მე, ქეთა თოფურია, თაკო გაჩეჩილაძე და ნინი ბადურაშვილი. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკითაც, აქტიურობითაც, ჩვენი მეგობრობითაც. ეს სიმღერა კიდევ ერთი აგური იყო ჩვენი მეგობრობისთვის. მიყვარს ის პერიოდი, როცა ამ სიმღერაზე ვმუშაობდით. ძალიან მენანებოდა, რომ მიავიწყდათ თითქოს და მინდოდა მეცადა რაღაც ვერსია. მე და ზაზა ხუბუკელაშვილს, უნიჭიერეს მუსიკოსს, გაგვიჩნდა ასეთი იდეა, ჩავწერეთ თუ არა და საბოლოო ვერსია გვქონდა, მომინდა გამეკეთებინა ანიმე-ვიდეო. ჩემს მეგობართან, უნიჭიერეს მარიამ შენგელიასთან ერთად დავსხედით. მაშინ ხელოვნური ინტელექტი არ იყო გამოყენებული კლიპებში და არც იყო შესაბამისი პროგრამები. ამის დევნა და შესწავლა მოგვიწია, ისეთ საქმეს მოვკიდეთ ხელი, ცხოვრებაში რომ არ გაგვიკეთებია. ეს კლიპი მედო ცოტა ხანს, წელიწადნახევრის წინ არის გაკეთებული, გაზაფხულზე გამოვუშვი უბრალოდ, საბოლოო ხელი შეავლო ნესტან სინჯიკაშვილმა. სიმღერის ავტორია სტეფანე, ტექსტზე მაია დარსმელიძემ და სტეფანემ იმუშავეს, მაშინდელი ვერსია კახაბერისაა, ახლანდელი, როგორც გითხარით, ზაზა ხუბუკელაშვილის.

ვინ არის ის არტისტი, ვისაც უსმენ?

მაინც უფრო ძველებს ვუსმენ, ვინც ყველას გვიყვარს, ჯეკსონი, უიტნი, ახლებიც სულ მაინტერესებს, მომწონს ბრუნო მარსი, ლედი გაგა, ახალი რაღაც რომ გამოდის, ვუსმენ. რამდენჯერმე მჭირდება მოვუსმინო, რომ ჩამოვყალიბდე, მომწონს თუ არა.

თუკი არსებობს ისეთი არტისტი საქართველოში, ვისთანაც კოლაბორაციას ისურვებდი?

რაღაც მომენტში მქონდა სურვილი „თამადასთან“ კოლაბორაციით. რომ მოვა შენთან სტუმრად, ჰკითხე… სხვა რამეს თუ გეტყვის, უთხარი, ქრისტინემ ასე თქვა-თქო (იღიმის). ერთი დავალება მეც ხომ უნდა მოგცე…

ქრისტინე, რა სიმღერასაც დღეს წარადგენ, როცა ის ჩაწერეთ, წლების წინ, ეს რომელი პერიოდია, სტეფანე და 3 გოგო რომ შეიქმნა თუ მანამდე?

მანამდე პერიოდია. ამ ჯგუფის შექმნის იდეა მაშინვე არ დაბადებულა, ცოტა გვიან გაჩნდა. ვფიქრობ, ნელ-ნელა ხომ არ მივადგე ამ სიმღერებსაც. დიდი შრომაა ჩადებული და კარგი გაკეთებულია, სტეფანე რომ ნიჭიერი ადამიანია, ამას ყველა ვაღიარებთ, გოგონებმაც კარგად იმუშავეს, კარგი არანჟირებებია. ალბათ, ბევრს არ აქვს ეს ალბომი თავიდან ბოლომდე მოსმენილი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები