ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
“სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი,” – აღნიშნულია განცხადებაში.
მომღერალი ირაკლი ნოზაძე, რომელიც 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოდან 30 ივნისს გაწერეს. ნოზაძის დაჭრის საქმეზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
