2019 წლის მიწურულისთვის, შესაძლოა, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდეს.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ მომავალში მართვის მოწმობის ქულათა სისტემა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას მიებმება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგი მიმართულებით ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას, განსაკუთრებით ეს ეხება ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვას.
“თუ ავტომობილის მფლობელი გაასაჩივრებს ჯარიმას და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოიყვანს პირს, რომელიც საჭესთან იჯდა და სამართალდარღვევა ჩაიდინა და ეს პირი აღიარებს სამართალდარღვევას, უკვე პასუხისმგებლობა გადაეკისრება მძღოლს და არა მფლობელს. ეს დღესაც ესე მოქმედებს უკვე არსებული ჯარიმების პირობებში, რომელსაც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა წერს. რაც შეეხება უკვე ქულათა სისტემის მიბმას ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიბმაზე, აქაც ანალოგიური მექანიზმი იქნება.
თუ პირი ავტომობილს ფლობს, თუმცა მართვის მოწმობა არ აქვს, ბუნებრივია, ქულათა სისტემა მასზე ვერ იმოქმედებს და ქულები ვერ ჩამოაკლდება, თუმცა ანალოგიურად, როგორც დღეს ხდება, დაეკისრება ჯარიმა და თუ ამ ჯარიმის მოხსნა უნდა, მან უნდა გაასაჩივროს და მოიყვანოს მომსახურების ცენტრში ის მძღოლი, რომელმაც რეალურად სამართალდარღვევა ჩაიდინა და მას ჩამოაკლდება ქულებიც და დაეკისრება პასუხისმგებლობაც”, – განუცხადა ნინო ჯავახაძემ ტელეიმედს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე პარლამენტში და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.