LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია თბილისის აეროპორტი გავხადოთ სატრანზიტო აეროპორტად

92

ჩვენი მიზანია თბილისის აეროპორტი გავხადოთ სატრანზიტო აეროპორტად და აგრეთვე რეგიონულ ჰაბად საერთაშორისო ავიაგადამყვანებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია თბილისის აეროპორტი გავხადოთ სატრანზიტო აეროპორტად და აგრეთვე რეგიონულ ჰაბად საერთაშორისო ავიაგადამყვანებისთვის. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, იქ გაფართოების მიზნით ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2019 წლის დამდეგისთვის ჩვენ გვექნება, ფაქტობრივად, სამჯერ გაზრდილი ტერმინალი, რომელიც შეძლებს საათში 1000 მგზავრის მომსახურებას. ჩვენ უკვე დავასრულეთ საჰაერო ხომალდების სადგომების გაფართოება და ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა. ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგურის მშენებლობა ასევე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების მობილურ გადაადგილებას. რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სატრანსპორტო კვანძისა და ბიზნესსექტორის განვითარება. როგორც აღვნიშნე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის შარშანდელი წელი ძალზე ნაყოფიერი იყო. ამ ეტაპზე მთავრობა ოპერატორ კომპანიასთან მუშაობს ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, რათა მოხდეს აეროპორტის კიდევ უფრო განვითარება და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სპარსეთის ყურისა და ჩინეთის ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა მგზავრთნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და ავიარეისები. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით პოტენციალი ძალიან დიდია და შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიზნობრივ ბაზარზე. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად განვითარდა ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის ძალიან დიდი და საინტერესო მიზნობრივი ბაზარი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს საქართველოს ათვისებული. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ასევე ძალიან გვაინტერესებს აზიის ქვეყნები. როგორც აღვნიშნე, წელს ძალზე ბევრი პირდაპირი და ტრანზიტული რეისები გვექნება ევროპის მიმართულებით. აქაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა პირდაპირი მიმართულებები და სიხშირეების ზრდა, რაც უფრო გააადვილებს ავიამიმოსვლას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის, სავაჭრო ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობის განვითარებას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, 2017 წელი საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო და მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2018 წელი მოლოდინებს გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g