საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანიის RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა ამოქმედდა.
E-Gate ავტომატიზებული სისტემაა, რომლის წამკითხველსაც გაფრენისას მგზავრი ჩასხდომის ბარათს (Boarding pass) ადებს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად ხსნის. შესაბამისად, მგზავრს, რომელსაც გავლილი აქვს online რეგისტრაცია, ფლობს ელექტრონული ჩასხდომის ბარათს და თან არ აქვს ჩასაბარებელი ბარგი , რეგისტრატორთან მისვლის გარეშე შეძლებს E-gate-ზე ჩასხდომის ბარათის დასკანერებისას რეისზე დაფიქსირებას.
ახალი სისტემა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. ის გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.
E-Gate სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200 ათას ევროს აჭარბებს. პირველ ეტაპზე, გაფრენის დარბაზში, საავიაციო უშიშროების შემოწმებამდე, E-Gate სისტემის სამი ერთეული აპარატი დამონტაჟდა, აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ კი კიდევ ერთი დაემატება.