ქუთაისში, მდინარე ოღასკურაში ბეტონი დაასხეს. საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება. ინფორმაციას „ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს.
ადგილზე მყოფი მუშები ყვებიან, რომ კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება. მათი თქმით, მდინარეს, ასევე, გაუკეთდება ბეტონის ჯებირები.
ადგილზე აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორე მხრივ კი, ბეტონის ჯებირები დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან.
სპეციალისტები ოღასკურას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მდინარედ მიიჩნევენ ქუთაისში. უხვი ნალექის დროს მდინარე დიდდება, რის გამოც ქალაქის ქუჩები იტბორება.
ქუთაისის მერიაში მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის შესახებ განმარტება გააკეთეს. მერიის განმარტებით, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას.
„შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე. მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი, რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა,“ – აცხადებენ მერიაში.