ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალიდან გათავისუფლებული მძევლები ამ დროისთვის იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ისინი სამართალდამცავებმა პოლიციის შენობაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში სპეცოპერაცია დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული პირი და ყველა მძევალი გათავისუფლდა.
„სპეცოპერაცია დასრულებულია. ერთი პირი არის დაკავებული. ყველა მძევალი თავისუფალია. მთელი დღის განმავლობაში პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობდა.