ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, გაფართოებას გეგმავს – მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწამოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“ – აღნიშნა ნათია თირნავამ.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.
„საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე აშშ-საც. განსაკუთრებით დასაფასებელია და ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მათ თავიანთი გეგმები არ შეცვალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებას გეგმავენ – ეს 2021 წელს ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის ერთ-ერთი კომპონენტია“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.