წელიწადის ოთხივე დროს საოცრად ლამაზი და სანახაობრივი,ისტორიულად მდიდარი და ტურისტულად მიმზიდველი. სწორედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მარგალიტი, სოფელი ქვაბისხევი. საქართველოს ამ მხარეს საინტერესო ადგილები ნამდვილად არ აკლია და ეს პატარა ზღაპრული ლოკაცია ერთ-ერთი გამორჩეულია. „ბონ ვოიაჟი“ ამ მიმართულებით გეპატიჟებათ.
ადგილამდე მისვლა მარტივად შეგიძლიათ დაბალი გამავლობის ავტომობილითაც,რადგან გზა სოფლის გავლით ტყიან ხეობაში ადის,იქიდან კი ფეხით მოივლით დაუვიწყარ ადგილებს. ქვაბისხევი ბორჯომიდან 19კმ-ით არის დაშორებული და გადასახვევის ნიშანს გზიდანვე შენიშნავთ. მოასფალტებული გზით ტყეში ჩაფლულ სოფელს გაივლით და პირდაპირ ხეობის გულში აღმოჩნდებით.სწორედ აქედან იწყება აღმოჩენები.
ქვაბისხევის ყველაზე აღსანიშნავი ისტორიული ძეგლი კი VIII-XIX საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა,რომელიც მაღალი კლდოვანი ქედის კალთაზე, მცირე ბაქანზე დგას. აღმოსავლეთ ფასადი კლდეზეა მიბჯენილი. გადმოცემის თანახმად როდესაც თხრიდნენ ეკლესიის საძირკველს წმ. მარიამის ხატი უპოვიათ მიწაში და ამიტომ ის მისი სახელის მატარებელია. გარდა მრავალ საუკუნოვანი ისტორიისა ის კედელზე XII-XIII საუკუნეების ფრესკითაა ცნობილი,რომელზეც ორი საერო პირია გამოსახული, მამაკაცი წარწერით ”შოთა” და ქალი- ”იაი”.
თქმულების თანახმად, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი- დედამისია. ლეგენდის მიხედვით, სოფელი ქვაბისხევი შოთას დედულეთი ყოფილა, აქ გაზრდილა და სათანადო განათლებაც აქ მიუღია. ლეგენდა იმასაც გვამცნობს, პატარა წყარო, რომელიც ეკლესიის გვერდით მდებარეობს შოთას აღმოუჩენია.
ბაზილიკა სამანქანო გზიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ფეხით ასასვლელია ციცაბო ფერდობზე. ვისაც ფეხით სიარული არ შეუძლია მათთვის კლდის ძირში პატარა სამლოცველოა მოწყობილი. ტყის წიაღში მოედინება ცივი წყარო და გარშემო მრავლად ნახავთ სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე ადგილებს. 28 აგვისტოს მთელი სოფელი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღნიშნავს. მიდამო სავსეა სტუმრებით ეკლესიაში კი წირვა-ლოცვა იმართება.
გარდა ბაზილიკისა აქ ნახავთ საქართველოში ერთ-ერთი უძველეს დემოთის ციხეს. წყაროდან კარგად ჩანს დემოთის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ილხანთა ტახტის მემკვიდრე თეგუდარი და მისი ლაშქარი დასავლეთ საქართველოდან სამცხესა – ჯავახეთში ლომის მთით, დემოთით და ქვაბისხევით გადმოდიოდა.
უფრო მეტი თავგადასავლისა და მომნუსხველი ხედებისთვის ლომის მთაზეც უნდა ახვიდეთ. მას სახელი მისი ფორმის გამო აქვს. ქვაბისხევის მოსახლეობა ამ ადგილს ზაფხულის საძოვრად იყენებს. მისი სილამაზე იზიდავს უამრავ ტურისტს. მთაზე აგებულია პატარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ლაშქრობის მოყვარულები ამ ადგილის ხშირი სტუმრები არიან. ლომის მთის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყე, ზღაპრული ხედები აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში. ლომის მთის მწვერვალიდან კი კარგ ამინდში, შესაძლებელია დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვერვალი იალბუზის დანახვა. ასე რომ,ნამდვილად გირჩევთ ამ მიმართულებით ტურის დაგეგმვას,რომელიც სასიამოვნო განტვირთვას,სანახაობებსა და თავგადასავლებს გპირდებათ.