ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელი ვალერიან ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ „ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს – დამლაგებელს და მშობელს დაეცა, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ“.
მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი.
„ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს – დამლაგებელს და მშობელს დაეცა. არაფერი ისეთი უსაშველო არ ხდება. დამლაგებელი ქობულეთის კლინიკაში არის გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – აცხადებს ვალერიან ვაჩეიშვილი.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.