Forbes Georgia იმ სახელმწიფოების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის მქონე კომპანიები და სტარტაპები ყველაზე დიდი რაოდენობით ფუძნდება. სტატია Global X ETFs-ის მონაცემებს ეფუძნება და იმ AI სტარტაპებს ითვალისწინებს, რომელთა კერძო ინვესტიციების მოცულობა $1.5 მილიონს აჭარბებს.
რეიტინგს აშშ და ჩინეთი ლიდერობენ. ამ ორ ქვეყანაში შექმნილ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მქონე 4643 კომპანიაში ჯამურად $250 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტირების მაჩვენებელი კი არათუ სტაბილურდება, არამედ ყოველწლიურად იზრდება.
მხოლოდ 2022 წელს აშშ-ში 524 ახალი AI სტარტაპი შეიქმნა, რომელთაც კერძო ინვესტიციების სახით $47 მილიარდის მობილიზება შეძლეს. ჩინეთში, 2022 წელს 160 ახალი AI სტარტაპი დაფუძნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფება, ერთ სტარტაპზე მიღებული საშუალო ინვესტიციის მოცულობით ის აშშ-საც უსწრებს. თითოეულმა ახალმა ჩინურმა AI სტარტაპმა 2022 წელს საშუალოდ $71 მილიონი მოიზიდა.
რეიტინგში მესამე პოზიციას დიდი ბრიტანეთი იკავებს. აქ 2013-დან 2022 წლამდე პერიოდში 630 ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მქონე სტარტაპი დაფუძნდა, რომელთაც $18 მილიარდამდე ინვესტიცია მოიზიდეს.
ათეულში ასევე მოხვდნენ: ისრაელი, კანადა, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონია, გერმანია და სინგაპური.
რაც შეეხება ინდუსტრიებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მქონე ახლად დაარსებული სტარტაპები ჭარბობენ – 2022 წელს ყველაზე მეტი ჯანდაცვაზე კონცენტრირებული AI სტარტაპი დაფუძნდა, რომელთაც $6.1 მილიარდის მოცულობის ინვესტიციების მობილიზება შეძლეს. მსხვილი წილი უკავია მონაცემთა მენეჯმენტისა და დამუშავების AI სტარტაპებსაც. გასულ წელს ფინტექ-ინდუსტრიაზე კონცენტრირებულმა სტარტაპებმა, დაახლოებით, $5.5 მილიარდის მობილიზება შეძლეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები კი კიბერუსაფრთხოების სექტორში ოპერირებადმა სტარტაპებმა მიიღეს ($5.4 მილიარდი).