ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა, – ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ევროპის სახალხო პარტია” საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია.
“ევროპის სახალხო პარტია” ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის ტენდენციას შეშფოთებით აკვირდება. ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.
“დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კი – საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული გზისადმი ერთგულება მკაფიოდ უნდა გამოავლინოს.
“ევროპის სახალხო პარტია” ყოველთვის საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობის ავანგარდში იდგა. სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს. სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, გადამწყვეტ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ევროპული გზისადმი თავისი ერთგულება უფრო მკაფიოდ უნდა აჩვენოს. გზა, რომელიც მკაფიოდ არის არჩეული ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ.
“სახალხო პარტია” შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე, ასევე უფრო ფართოდ, ხელისუფლების მიერ, სასამართლო სისტემის მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად ძირს უთხრის.
“ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთგული რჩება”, – ნათქვამია განცხადებაში.