კორონავირუსის პანდემიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მილიარდი ლარი გამოიყო. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა და ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა.
როგორც გახარია აცხადებს, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
“მნიშნელოვანია, რომ მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ის ლარი, რომლის მობილიზებაც ბიუჯეტში მოხდა. დღეის მდგომარეობით, ეს არის 2 მილიარდი ეკონომიკისა და მოქალაქეების დახმარების თვალსაზრისით და 351 მილიონი ლარი ჯანდაცვის თვალსაზრისით, “კოვიდ 19″-თან პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში”, – აცხადებს გახარია.
პრემიერ-მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელად უნდა მოხდეს სასიცოცხლო ინფრასტრუქტრული პროეექტების შენარჩუნება, და ეს 2 მილიარდი ამ ნაწილზეც დაიხარჯება.
“ეს 2 მილიონი ლარი გამოიყოფა როგორც სამუშაო ადგილების, ისე კომპანიების მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. ეს მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დასრულებისთანავე ქართულმა ეკონომიკამ აღიდგინოს ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდა წლის დასაწყისში”, – აღნიშნა გახარიამ.