ქვიარ აქტივისტები მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. მათ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს.
კამპანიის ინიციატორები ხსნიან, რატომ მიიჩნევენ რიონის ხეობის მკვიდრთა პროტესტს სამართლიანად.
გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქვიარ სოლიდარობა რიონის ხეობას. დღეს სახელმწიფო გვეუბნება, რომ უნდა მოვკვდეთ, დაბინძურებული წყლით და უწყლობით, მოწამლული ჰაერით და უჰაერობით, რადგან ფულზე იცვლება ჩვენი სიცოცხლე, წყალიც, ჰაერიც და მიწაც. ის უტიფრად გვიცხადებს, რომ რიონის ხეობაში სიცოცხლის განკარგვის უფლება, „ყველა წესის დაცვით“, 99 წლით, ინვესტორს გადასცა.
გვაჯერებს, რომ ბუნების და ადამიანების წინააღმდეგ ბიზნეს გარიგებას, თურმე, განვითარება ჰქვია, რომლის სახელითაც ახლა ხეობას გველეშაპივით უნდა დაეპატრონონ, ადგილობრივები გადაასახლონ, სიცოცხლე პოლიციის ძალით ამოძირკვონ.
რიონის ხეობის მცველების ბრძოლა დღეს სამართლიანობის, საერთო სივრცისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაა. მდინარის მეორე ნაპირზე კი, ინვესტორი და სახელმწიფოა, რომელიც ბიზნეს ინტერესებს სპეცრაზმის ძალით იცავს და ამბობს, რომ ხეობის გადასარჩენად ჰომოფობები და ქსენოფობები იბრძვიან. ძველ, ნაცნობ მეთოდს იყენებს – დავყოფ და ვიბატონებო;
ჩვენ კი ვამბობთ, რომ კარგად გვახსოვს როდის გვიხსენებთ პოლიტიკოსები: ქვიარი ხომ, საჯილდაო ქვაა, რომელსაც მაშინ ეჭიდებით, როცა სიკვდილსა და შიმშილზე პასუხი არ გაქვთ. ვინ თუ არა ჩვენ, ქვიარებმა, ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა სიცოცხლისა და გადარჩენისთვის, ამიტომაც, ვამბობთ, რომ რიონი დღეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ბიზნესთან გარიგებული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეს არის ბრძოლა სიკვდილის მაწარმოებელი სისტემის წინააღმდეგ. ამიტომაც, მადლობას ვუხდით რიონის მცველებს სამაგალითო და იმედისმომცემი ერთობისთვის, და უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, რიონზე ჰესების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ხვალ, 14 მარტს, ქუთაისის მთავარ მოედანზე, ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეები მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას გეგმავენ.