შვეიცარიის სუპერლიგის 32-ე ტურში ვაკო გვილიას „ლუცერნი“ გათამაშების ლიდერ „იანგ ბოიზს“ ესტუმრა და დამარცხდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მის გუნდს მოგების მშვენიერი შანსი ჰქონდა. 76-ე წუთზე (1:1-ზე) „ლუცერნმა“ მეორე ბურთის გატანის რეალური შანსი გაანიავა – პენალტი ვაკო გვილიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა (მეკარემ აუღო). ქართველი ნახევარმცველი ოთხ წუთში შეცვალეს, საბოლოოდ „იანგ ბოიზმა“ 2:1 გაიმარჯვა და ბოლო 32 წლის განმავლობაში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კაჭარავას კელჩეს „კორონა“ ლიდერ ვარშავის „ლეგიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გოლის გატანა მინიმუმ ორჯერ შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა. თუმცა, ის ერთადერთი გოლი სტუმრებმა კაჭარავას საგოლე გადაცემით გაიტანეს.
დანიის სუპერლიგის 32-ე ტურში “რანდერსი” სტუმრად “ლუნგბიუს” ეთამაშა და 3:1 მოუგო. პირველი ბურთი უკვე მე-4 წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა. სამწუხაროდ, ჩვენებური დაშავდა, მუხლი იტკინა და 35-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
ავსტრიაში გიორგი ქვილითაიამ კიდევ ერთხელ გაიტანა. თუმცა, 24 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი, ვენის „რაპიდი“ გრაცის „შტურმთან“ გასვლით შეხვედრაში 2:4 დამარცხდა.
ქვილითაია კვლავ „რაპიდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მასპინძელთა კარი მე-40 წუთზე აიღო, როდესაც გრაცელები 2:0 იგებდნენ. ეს ქვილითაიას მიერ 28 შეხვედრაში გატანილი მეცხრე გოლია.
გურამ კაშია და მისი გუნდი, არნემის „ვიტესი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. ეს ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლოსწინა, 33-ე ტურის შემდეგ გახდა ცნობილი. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გუნდმა აუტსაიდერი „ტვენტე“ საკუთარ არენაზე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. „ვიტესის“ კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში “სარაგოსა” მნიშვნელოვან მატჩში სტუმრად “რეუსს” დაუზავდა – 1:1. პაპუნაშვილი ძირითადში იყო და 88-ე წუთზე გამოცვალეს. არაგონული კლუბი პრიმერაში გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
გიორგი აბურჯანია მე-60 წუთზე გამოჩნდა, მისმა “სევილია ატლეტიკომ” შინ “ალკორკონი” დაამარცხა – 1:0.
ოთარ კაკაბაძემ სრულად ითამაშა. “ხიმნასტიკი” კი სტუმრად უკვე გავარდნილ “ლიორკასთან” 0:1 დამარცხდა.
ბელგიაში, გიორგი ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე გამოჩნდა “გენტის” რიგებში, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა “სტანდარდთან”. საბოლოოდ, ქართველის გუნდმა 1:3 წააგო.