ბოლო პერიოდში განქორწინებების რიცხვი გაზრდილია. ზოგიერთი წყვილი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დაშორებას ამჯობინებს. განქორწინების პროცესი ხშირ შემთხვევაში სტრესულია წყვილისთვის. როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება განქორწინების შემდგომ – გადაცემის “7რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე.
რამდენად რთულია განქორწინების პერიოდი წყვილისთვის?
მრავალწლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ ახალი ურთიერთობების დაწყება დიდი გამოწვევაა. წარმოიდგნეთ, რამდენად რთულია ჯერ დაშორების “გამოგლოვება” და შემდეგ კვლავ ხალხის გაცნობის პერსპერტივა. განქორწინების შემდეგ ადამიანები ხშირად კარგავენ ნდობას, შესაბამისად ახალ ურთიერთობის დაწყების ეშინიათ. გარდა ამისა, ისინი უბრალოდ გადაეჩვიენ ფლირტს, თავის მოწონებას, სხვის მოწონებას და მთელ იმ საინტერესო თავგადასავლებს, რომელიც ახალგაზრდობაში იზიდავდათ, მაგრამ ახლა შეუძლებელი ხდება. ამავე დროს, რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო რთულია ჩვენთვის კომფორტული ადამიანის მონახვა და საერთოდაც, მით უფრო ნაკლები პოტენციური პარტნიორი არსებობს. ასევე, განქორწინების შემდეგ ბევრ ადამიანს უჭირს ახალი ურთერთობების დაწყება, რადგან მათი თვითაღქმა და თვითშეფასება ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე პირველ ქორწინებამდე.
საკუთარი თავის შესახებ არსებული უარყოფითი ემოციები და აზრები ჩვენს კომუნიკაციის სტილზე, ჩვენს სხეულის ენაზე (ჟესტები, ტონი, მიმიკა), ჩვენს სამყაროსთან ურთიერთობაზე აისახება. შესაბამისად, რაც უფრო რთული იყო განქორწინება, მით უფრო დიდი ტრავმა გადაიატანა ადამიანმა და მით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის სხვა პარტნიორს მიმზიდველ „მესიჯებს“ გაუგზავნის, ასეთი ადამიანები იკეტებიან და ვერ პოულობენ შესაბამისს პარტნიორს.
მეორეს მხვრივ, ამის საწინააღმდეგოდ, ზოგიერთი ადამიანი ფსიქიკური ტკვილის საკომპენსაციოდ ზედმეტად მალე და გაუცნობიერებლად ეშვება ახალ ურთიერთობაში, სანამ ნეგატიურ გამოცდილებას გაადამუშავებენ და დასკვნებს გამოიტანენ და ვერ ახერხებენ ახალ ურთიერთობებში სტაბილურობისა და კომფორტის პოვნას.
რა აფერხებს განქორწინების შემდგომ ახალი ურთიერთობის დაწყებას?
იმისთვის, რომ დავიწყოთ ახალი, უნდა ვაღიაროთ რომ ძველი დამთავრდა. საჭიროა გაიაროთ ეგრეთ წოდებული “გლოვის” პერიოდი, ეს პერიოდი წლები არ უნდა გაგრძელდეს, საკმარისია რამდენიმე თვე. საქართველოში უფრო მეტი წნეხი მოდის ქალებზე, რადგან თვლიან, რომ ქალმა უნდა შეინარჩუნოს ოჯახი, არადა წყვილი შედგენა ორი ადამიანისგან. ბავშვების გამო ოჯახის შენარჩუნება არის ფარსი, რეალურად ეს არაა ოჯახი, ესაა ორი ადამინიაბის ერთობლიობა, რომლებიც იკლავენ საკუთარ ემოციებს. ბავშვები ყველაზე უკეთ ხვდებიან ვითარებას. ასეთი ოჯახის პირობებში ბავშვებს გაზრდა უწევთ მუდმივი კონფლიქტების პერიოდში, ან პასიურ-აგრესიულ გარემოში, რომელიც არანაკლებ მატრავმირებელია, ვიდრე განქორწინება. უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვებს სჭირდება ორივე მშობელი, არ უნდა მოხდეს ბავშვით მანიპულირება. ბავშვსაც უნდა აუხსნათ, რომ მშობლებს აქვთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება.
ხშირად განქორწინების შემდგომ ახალ პარტნიორს ძველს ადარებენ, რაც ბუნებრივია არასწორია. უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არის სულ სხვა ადამიანი, რომელთანაც იწყებთ ურთიერთობას. მუდმივი შედარებების პროცესი ახალი პარტნიორისთვისაც რთულია და ბუნებრივია, ხელს უშლის ურთიერთობის აწყობას.

7 რჩევა ლიკა ბარაბაძისგან:
1. გაიცანით ახალი ადამიანები. ბუნებრივია, რომ მხარდაჭერისათვის ძველ მეგობრებს მიმართავთ. მაგრამ, ახალი ცხოვრების დაწყებაში ახალი მეგობრები უფრო დაგეხმარებიან, რომლებიც თქვენს ყოფილ პარტნიორს არ იცნობენ, არ გააჩნიათ მოსაზრებები თქვენი განქორწინების შესახებ და არ განსჯიან თქვენს სიტუაციას.
2. დააფასეთ საკუთარი თავი. ადამიანები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, წყვილდებიან პარტნიორებთან, რომლებიც მათ არ აფასებენ.
3. დაიწყეთ საკუთარი სხეულის მოვლა. არ დაელოდოთ შემდეგ ორშაბათს: დღესვე დაიწყეთ ვარჯიში. დაიწყეთ მარტივი აქტივობით, მაგალითად, ფეხით სიარული, მოკლე დისტანციაზე სირბილი ან ცურვა, სპორტულ დარბაზში მცირე ხნით სიარული და ა.შ. ვარჯიში ასტიმულირებს ე.წ. ბედნიერების ჰორმონის, სერატონინის გამოყოფას. გარდა ამისა, ვარჯიში დამღლელია პირველი ორი-სამი კვირა, როგორც კი ვარჯიში ჩვევაში გადადის, მას მოაქვს უამრავი ენერგია და სიფხიზლის განცდა, რაც დადებითად მოქმედებს ჩვენს მოტივაციასა და განწყობაზე.
4. დაგეგმეთ აქტივობები. ჩაერთეთ სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში, რომელიც თქვენთვის საინტერესოა – თბილისში ამისი გაკეთება რთულია, მაგრამ შესაძლებელი – მაგალითად, არსებობს კულინარიის გაკვეთილები, ტანგოს მოყვარულთა შეკრებები, ინტელექტულური თამაშების კლუბები, ა.შ. გაიკითხეთ, მოიძიეთ, შეუერთდით და გაიცანით ახალი მეგობრები.
5. თავი შეიკავეთ სარისკო ქცევებისგან. არ გადაეშვათ პირველივე თავგადასავალში. მარტო ყოფნა სამყაროს დასასრული არ არის. დააცადეთ საკუთარ თავს გადახარშოთ ძველი გამოცდილება, დააკვირდით როგორი ხართ ახალ როლში.
6. მოემზადეთ გამოწვევებისათვის. დასაწყისში ძალიან გაგიჭირდებათ მარტო ყოფნა, განსაკუთრებით ახალ წელს, დაბადების დღეზე ან სხვა მნიშვნელოვან დღეებზე, რომელიც თქვენს ყოფილს უკავშირდება. ამ დროს უფრო მარტოსულად და სევდიანად იგრძნობთ თავს. ეცადეთ არ გაუკეთოთ საკუთარ თავს იზოლაცია – გაატარეთ ეს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.
7. თუ ქორწინებაში გყავთ ბავშვი, განქორწინების შემდგომ გახსოვდეთ, რომ კონფლიქტების შემთხვევაში ბავშვი არ უნდა გამოიყენოთ იარაღად, ეს უსამართლობაა მასთან მიმართებაში. ბავშვს თანაბრად უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ეს ბავშვს სჭირდება. გააცნობიერეთ, რომ თქვენი, როგორც წყვილის ურთიერთობა დასრულდა და აუხსენით ეს ბავშვსაც, რათა მარტივად გაიგოს, რომ ორივე მშობელს ახლა აქვს ახალი ცხოვრება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი