LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ნეირომრავალფეროვნება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

244
მაია-მაჭავარიანი

რა არის ნეირომრავალფეროვნება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა არის ნეირომრავალფეროვნება ?

ნეირომრავალფეროვნება შედარებით ახალი ცნებაა და ეფუძნება იდეას, რომ ადამიანების განცდები და გარე სამყაროსთან ინტერაქცია ბევრი განსხვავებული გზით არის შესაძლებელი, რომ არ არსებობს  ერთადერთი ,,სწორი“ სწავლის, აზროვნების, ან მოქცევის წესი. მნიშვნელოვანი მომენტი ამ პერსპექტივაში არის ის, რომ აღნიშნული განსხვავებები არ განიხილება როგორც დეფიციტი, არამედ, ეს არის ნერვული სისტემის განსხვავებული ტიპი, რომლითაც ადამიანი ცხოვრობს და რომლის საშუალებითაც ურთიერთქმედებს გარშემომყოფებთან და გარემოსთან, ხშირად, მთელი ცხოვრების მანძილზე.

რა მდგომარეობები ხვდება ამ კატეგორიაში?

ნეირომრავლფეროვნების პერსპექტივაში განიხილება უკლებლივ ყველა ადამიანი, თუმცა ყველაზე ხშირად ამ ქუდის ქვეშ მოიაზრებენ ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპექტიურობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, დისლექსია, დისკალკულია, დასწავლის სირთულეები, ენის განვითარების დარღვევა, ტიკური აშლილობები, მათ შორის, ჟილ და ლა ტურეტის სინდრომი.

საინტერესოა, რომ ნეირომრავალფეროვნების მოძრაობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა. მოძრაობის მიზანი იყო და ეხლაც არის, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, მიმღებლობის და ინკლუზიის გაზრდა, ამ მდგომარეობებთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრა. ამდენად, იდეების საწყისები უფრო სოციალურია, თუმცა დღეს, აღნიშნული იდეა გავრცელებულია და მიღებულია როგორც ფსიქოლგთა, ისე სამედიცინო და საგანმანათლებლო წრეებშიც. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება ბევრი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს კლინიკურ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების და საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობების და სინდრომების მიმართ დამოკიდებულებისა და შეხედულების მოდიფიკაციას, ასევე ამ მიმართულებით არსებული არასწორი მოსაზრებების ე.წ მითების გაქარწყლებას.

როგორია ნეიროტიპური ადამიანები?

ნეიროტიპური ადამიანები, არიან ადამიანები ნერვული სისტემის ტიპური (ანუ ჩვეულებრივ ყველაზე ხშირი, მოსალოდნელი) განვითარების პატერნით. რაც, ცხადია, შესწავლილია და შეფასების პროცესში სწორედ ამ მოსალოდნელ პატერნს დარდება თითოეული ბავშვის განვითარება ან მოზრდილის ფუნქციონირება. ამ შემთხვევაში იგულისხმება ფიზიკური, შემეცნებითი, ემოციური და პიროვნული სფეროების განვითარება. რა თქმა უნდა თითოეული ინდივიდი უნიკალურია და აქვს საკუთარი განვითარების ტრაექტორია და ტემპი, თუმცა გარკვეული ეტაპის გავლა ტიპური ნერვული სისტემის შემთხვევაში მსგავსად ხდება და განსხვავება მინიმალურია. მოზრდილობაში ასეთ ადამიანებს, როგორც წესი არ უჩნდებათ განცდა, რომ მათი ტვინი ძალიან გასხვავებულად ფუნქციონირებს.

განსხვავებული ნერვული სისტემა ყოველთვის ბავშვობის ასაკიდანვე აქვს ადამიანს?

როგორც აღვნიშნე, ნეირომრავალფეროვნება მოიაზრებს განსხვავებული ნერვული სისტემის ტიპებს და ამ ქოლგის ქვეშ ხვდება როგორც ბავშვობის ასაკიდან არსებული და მუდმივი მდგომარეობები, ასევე ცხოვრების მანძილზე შეძენილი მდგომარეობებიც, როგორიცაა ქალა-ტვინის ტრავმა, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც შეეხება ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. თუმცა უფრო ხშირად ნეირომრავალფეროვნების ქვეშ, მოიაზრება მდგომარეობები, რომელიც ადამიანს აქვს დაბადებიდან და მთელი ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებული სწავლის ტემპი, პრობლემებთან გამკლავების გზები და განსხვავებული ქცევაც ექნებათ ცხოვრების ყველა ეტაპზე.

განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვობის პერიოდი, რადგან ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ სწორი მხარდაჭერა ბავშვის, რომ მაქსიმალურად გავუადვილოთ გარემოსთან ადაპტაცია, მეორეს მხრივ მშობლების, მასწავლებლების და სამედიცინო პერსონალის განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც მათაც გაუადვილებს ინტერქაციას ნეიროგანსხვავებულ ადამიანებთან და სტრესის ხარისხსსაც შეამცირებს.

შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპია მოზარდობის ე.წ თინეიჯერობის პერიოდი. ამ პერიოდში, ნერვული სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და განსაკუთრებით მოწყვლადია სოციალური ურთიერთობების და ემოციური სფეროები. ვინაიდან, თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხიმგებელია იმპულსის კონტროლზე, რისკების შეფასებაზე, სოციალური სიტუაციის შეფასებასა და  საკუთარი მოქმედებების შედეგების განჭვრეტაზე ჯერ კიდევ  ფორმირების პროცესშია. აქედან გამომდინარე, მოზარდების განსაკუთრებით მოწყვლად პოპულაციაა ემოციური სფეროს აშლილობების მხრივ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობები, გუნება-განწყობილების აშლილობები, მაგალითად დეპრესია. ამ შემთხვევაში, ნეიროგანსხავვებული მოზარდები, ცხადია, მეტად მოწყვლადები არიან, რადგან თუ არ მოხდა დროულად განსხვავების დადგენა, გარშემომყოფებს მცდარად აქვთ მათგან ტიპური ქცევის, ტიპური ემოციური რეაგირების ან გარკვეული აკადემიური მიღწევების მოლოდინი და თუ მოზარდი ამ მოლოდინს არ მართლებს, თუ  მას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა ოჯახის, სკოლის და თანატოლების მხრიდან, რიგ შემთხვევევბში ამას შესაძლოა მოჰყვეს მთელი რიგი პრობლემები როგორიცაა მაღალი შფოთვა, დეპრესიული გუნება ან ქცევითი პრობლემები.

როგორია სტუდენტობა?

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ადამიანი იძენს პროფესიას და თანდათან ხდება სრულიად დამოუკიდებელი მშობლებისგან. საბედნიეროდ დღეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების დიდ უმრავლესობას შექმნილი აქვს ფსიქიკური კონსულტირების ცენტრები, რომლებიც შეიქმნა ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით.  სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ კვალიფიციური პროფესიონალის კონსულტაცია, მოხდეს საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების გადამისამართება დეტალურ შეფასებაზე, მათი ფსიქოგანათლება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

რა პრობლემებს აწყდებიან ასეთი ადამიანები?

ნეიროგანსხვავებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სხვა ადამიანების მოლოდინები. რადგან ეს არის მოსახლეობის მცირე ნაწილი. ხშირად, ადამიანებს აქვთ მოლოდინები და განწყობა, რომ ასეთი პირი უნდა იქცეოდეს, ფიქრობდეს და განიცდიდეს, როგორც ნეიროტიპური. ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ადამიენბს უწევთ ე. წ ,,შენიღბვა“  ანუ ცდილობენ მოერგონ ამ მოლოდინებს და საზოგადოებრივ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, ისინი განსაკუთრებით აკონტროლებენ ქცევას და ემოციურ გამოვლინებებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ძლიერ ზეგავლენას მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე: მაღალ შფოთვას, გამოფიტვას, იდენტობის დაკარგვას, დეპრესიას, სუიციდურ აზრებს, ფსიქოსომატურ გამოვლინებებს და ა.შ.

  1. პირველ რიგში მდგომარეობის იდენტიფიცირება, ნეიროგანსხვავებულობის გამოვლენა,  ასეთის არსებობის შემთხვევაში; რაც მისცემს საშუალებას, მშობლებს, მასწავლებლებს და სხვა ადამიანებს დაუჭირონ მხარი და ბევრ სტრესულ სიტუაციას აარიდონ ნეიროგანსხვავებული ადამიანი.
  2. ფიზიკური, ფსიქიკური განვითარების სტიმულირება- მაქსიმალურად ოპტიმალური გარემოს მოწყობა ნერვული სისტემის გაძლიერების მიზნით,
  3. სენსორული და ემოციური რეგულაციის ხელშეწყობა
  4. ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული ბუნებრივი სწავლების მეთოდები, ინკლუზიური განათლება;
  5. სოციალური კავშირების შეძენის და შენარჩუნების ხელშეწყობა;
  6. ფიზიკური და ფსიქიკური  კეთილდღეობის  და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
  7. განსხვავებული შესაძლებლობების და ნეირორესურსის ადამიანების პატივისცემა, მიმღებლობა და ცნობიერების ამაღლება.
magti 5g