LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა არის ნუმეროლოგია და რა გავლენას ახდენს დაბადების რიცხვი ადამიანის ცხოვრებასა და ბედისწერაზე“ – ანზორ ოდიშარია

113
odisharia

11 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ნუმეროლოგია იყო. რადიოს მსმენელმა გაიგო, როგორ მოქმედებს მათი დაბადების რიცხვი მათ ცხოვრებაზე, ბედისწერაზე და რა თვისებების, შესაძლებლობების, ენერგეტიკის მატარებელია, დაბადების რიცხვიდან გამომდინარე.

ანზორ ოდიშარია: დღეს ვისაუბრებთ დაბადების რიცხვზე. წინა გადაცემაში, 1-დან 15-რიცხვამდე დაბადებულ ადამიანებზე ვისაუბრეთ, დღეს კი დანარჩენ რიცხვებს გავეცნობით.

16 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში ტრავმული მიმართულება ახასიათებთ. ხშირად ისეთ სიტუაციურ წყობას გადიან ცხოვრებაში, რომ მათი ემოციები, შინაგანი სამყარო ტრანსფორმირდება. მათ ყოველთვის სჭირდებათ განახლება. 16 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს აქვთ სურვილი განვითარდნენ, ისწავლონ და  ბედისწერაც გარკვეულწილად ხელს უწყობს მათ, მაგრამ ეს ხელშეწყობა დიდად კარგი არ არის, რადგან გარკვეული დაბრკოლებების, წინააღმდეგობების, ფობიების გადალახვა, მათი მენტალური, სულიერი, ფიზიკური ზრდისთვის საჭიროა.

17 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, საკუთარი მიზნები, სწრაფვები. მათ  ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ. ადვილად შეუძლიათ რაღაცების მიღება ცხოვრებაში, თუმცა მათი მთავარი პრობლემაა მოქნილობა, მათ უნდა ისწავლონ წინააღმდეგობების გადალახვა. ისინი ინტუიციურად ხდებიან რა პროფესია უნდა აირჩიონ, ვინ უნდა იყოს მათი პარტნიორი, როგორ იყვნენ უფრო წარმატებულები, სად შედგება მათი პერსონა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ ქმედებებზე არ მიდიან, ეს კი გარკვეული დამაბრკოლებელი ეფექტია, რომელიც მათ წინააღმდეგობას უქმნის.

18 რიცხვში დაბადებული ადამიანები ხშირად ვარდებიან დეპრესიულ, ემოციურ განცდებში და ფიქრებში, მაგრამ მათ აქვთ უნარი დაინახონ გამოსავალი. არიან ძალიან თბილები, მგრძნობიარეები, ისინი სხვის სატკივარს, როგორც საკუთარს ისე აღიქვამენ. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ ინტუიციური, მენტალური ანალიზის გაკეთება, ეს მათ ძალიან ეხმარებათ.

19 რიცხვში დაბადებული ადამიანები საკუთარ თავს ისეთ ბარიერებს, თამასას უწესებენ, რომ მხოლოდ იმ სიდიადეს და მაქსიმუმს ხედავენ, რისი მიღწევაც მათ სურთ, რის გამოც ბევრ პატარ-პატარა შანსებს კარგავენ.

20 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს აქვთ გაორებები. მათ ხშირად უჭირთ ემოციების გამოხატვა, ექმნებათ შიშები, მაგრამ თუ ამ ყველაფერს გადალახავენ, პირიქით, ძალიან მიზანსწრაფულები შეიძლება იყვნენ. მათ ყოველთვის იციან რა არის მათთვის სწორი, რა მიმართულებით უნდა იარონ, როგორ განვითარდნენ და ა.შ. შეიძლება დასახულ მიზანს უცებ ვერ მიაღწიონ, მაგრამ მათ უნდა ეცადონ, ისწავლონ წარმატების მიღწევა და შედეგით ტკბობა.

21 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს უცნაური ენერგია აქვთ. მათ მფარველობენ ანგელოზები. ისინი ყოველთვის ხედავენ გამოსავალს, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც ეფექტურები არიან. ისინი ხშირად სხვა ადამიანებსაც ეხმარებიან და აძლევენ მიმართულებას. ისინი კარგი მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ტრენერები, ქოუჩები და ა.შ ხდებიან. არიან კარგი მეგობრები. ყოველთვის დადებით მუხტს და მზრუნველობას გასცემენ იმ ადამიანზე, ვინც უყვართ, ეს მათი ერთ-ერთი სისუსტეცაა, რადგან თუ არასწორ ადამიანზე იქნებიან მიმართულები, ამის გამო შეიძლება დაზიანდნენ.

22 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს გარემოსთან აქვთ კომუნიკაცია, საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც სოციუმის წევრს და არა როგორც ინდივიდს, ამიტომ ხშირად ფიქრობენ სხვის აზრებზე, დამოკიდებულებაზე. ამ ადამიანებს შეუძლიათ და აქვთ ძალა თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მაინც სჭირდებათ მხარდაჭერა გარემოსგან და ამას ხშირადაც იღებენ, რადგან თვითონაც ძალიან მზრუნველები, ძალიან ყურადღებიანები არიან.

23 რიცხვში დაბადებული ადამიანები ადვილად იზიდავენ თვალს, წყევლის ენერგიას და ა.შ. ასეთი ადამიანების ენერგიას არ აქვს ბუნებრივი დაცვა, რომელიც მათ აურას ჩაკეტავდა და დაიცავდა მსგავსი ნეგატიური გავლენებისგან. ეს ადამიანები ხშირად ავადდებიან, როცა მათი ყურადღება, განცდები, ფიქრები ცალმხრივ სიყვარულს ან ბუნებისგან მავნებლურ დამოკიდებულებას განიცდიან. მათ ვურჩევ, ისწავლონ საკუთარი თავის დაცვა და ემოციების მართვა.

24 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან კარგი მეგობრები არიან. მათ ხშირად აქვთ განსაცდელი, წინააღმდეგობა, არ აქვთ განვლილი მარტივი ცხოვრება, რაც მათ საშუალებას აძლევს, სხვა ადამიანების ცხოვრებაც გაიაზრონ და გაითვალისწინონ. ამ ადამიანებს ერთიანად ეხსნებათ წარმატების გზა მას შემდეგ, რაც საჭირო ცოდნას, გამოცდილებას, რესურსს დააგროვებენ. მათ ხშირად ექმნებათ პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობაში, რადგან რთულია მათი გაგება. მათი ცვალებადი ხასიათი, განწყობა, ბარიერები, რომელსაც ისინი აგებენ, ხშირად რთული აღსაქმელია.

25 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სასიყვარულო ურთიერთობები, პარტნიორული ურთიერთობები, კარიერა. მათ აქვთ უცნაური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ისინი მათ უყურებენ როგორც დადებითს და ბოროტს, თეთრს და შავს. მათ სამყაროს უნდა დაუმტკიცონ, რამდენად შეუძლიათ უყვარდეთ სხვა და უყვარდეთ საკუთარი თავი. თუ საკუთარ თავს სწორად გააანალიზებენ და იპოვიან წარმატებისთვის საჭირო რესურსებს.

26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ბუნებით მასწავლებლები არიან. მათ აქვთ უნარი ასწავლონ სხვას და გაუზიარონ მათ თავიანთი გამოცდილება. ხშირად ეს ადამიანები კარგი ჟურნალისტები არიან, რადგან გამოხატვის თავისუფლება და კარგი გადმოცემის უნარი აქვთ. თუ საკუთარ თავს სწორად აღზრდიან, სწორ მიმართულებას მისცემენ, ეს ადამიანები აუცილებლად წარმატებულები და ბედნიერები იქნებიან. ზიანდებიან და აზიანებენ გარემოს, თუ არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა და თუ თავიანთ ცოდნას არასწორ ადამიანს უზიარებენ.

27 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ძალიან ძლიერი ვერბალური ძალა და წარმოსახვითი, მენტალური უნარი აქვთ. მათი ფიქრები, ოცნებები ხშირად სრულდება. შეიძლება უცებ ახდეს მათი როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ფიქრი, ამიტომაც უნდა ეცადონ, მაქსიმალურად დადებითი სიუჟეტები წარმოიდგინონ. მათ სიტყვებს, ფიქრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიტყვები ყოველთვის აღწევს კონკრეტულ ადრესატამდე და მათი ეს ნიჭი არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ამაზე ყურადღების გამახვილება და ამ ენერგიების მართვა. დაბრკოლებების მიუხედავად ყოველთვის აღწევენ წარმატებას.

28 რიცხვში დაბადებულ ადამიანებში ხშირია შინაგანი „აფეთქებები“, როცა ისინი ვერ ლახავენ ბარიერებს და წინააღმდეგობებს. მათ ეტაპობრივად უნდა ისწავლონ წინააღმდეგობების გადალახვა და უნდა ისწავლონ, როგორ არ იყვნენ დამოკიდებულნი მოვლენებზე. ისინი ძალიან ძლიერები, მდგრადები, გამძლეები არიან და ეს მათი მთავარი პლუსია. თუ მათი ენერგეტიკა დაზიანებულია, ხშირია ქრონიკული დაავადებები.

29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს დარწმუნების უნიკალური ნიჭი აქვთ, მარტივად შეუძლიათ გამოიწვიონ ნდობა. აქვთ ძალიან კარგი დიპლომატიური უნარები, რაც მათი დიდი პლუსია. თავიანთ გამოცდილებას ისინი სხვა ადამიანების სასარგებლოდაც იყენებენ. თუ თავიანთი შინაგანი სამყარო სწორად გამოაქვთ გარეთ, ხშირად აღწევენ წარმატებას. მათ ხშირად უჭირთ საკუთარი თავის და სურვილების სწორად წარმოჩენა.

30 რიცხვში დაბადებული ადამიანების ემოციებზე  ბევრმა ადამიანმა შეიძლება ცუდად ითამაშოს, შეიძლება გამოიყენონ მათი მიამიტობა, სიყვარული, განცდა, მზრუნველობა. ასეთი  ადამიანები ზოგჯერ შვილებისგანაც ვერ იღებენ სასურველ შედეგს. მნიშვნელოვანია, მათ სწორად შეარჩიონ მზრუნველობის ობიექტი, რომ შემდეგ გული არ დასწყდეთ. მათ შეუძლიათ წარმატებულად აკეთონ თავიანთი საქმე. აქვთ მოქნილი ენერგია, უბრალოდ უჭირთ ემოციების სწორად წარმართვა.

31 რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მზის ძალით, მათ შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება, ნებისმიერი წინააღმდეგობა და მიიღონ სასურველი შედეგი. ეს ადამიანები ხშირად „წვავენ“ საკუთარ თავს, თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ და ამ დროს მათში იზრდება ამბიცია და აგრესია. არიან მაქსიმალისტები. კარგი იქნება, თუ ისინი განტვირთვაზე იფიქრებენ და გაამახვილებენ ყურადღებას.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეთერთმეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g