დევნილთა ახალ ჩასახლებებში ნაკლებია საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, პრობლემურია სასმელი წყლის ხარისხი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების არქონა და კომუნალური გადასახადები.
აღნიშნული პრობლემები გამოიკვეთა კვლევაში, რომელიც საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” ჩაატრა და ფოთში, ზუგდიდსა და დევნილთა ახალ ჩასახლებებში არსებული პრობლემები გამოიკვლია.
როგორც ”ფორტუნას” ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ განუცხადა, დევნილთა საჭიროებებისა და საარსებო წყაროების მოკვლევის დროს გამოიკვეთა დასაქმების პრობლემის საკითხიც.
”დევნილთა ახალ ჩასახლებებში პრობლემები, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია, ვიდრე ძველ, კომპაქტურ დასახლებებში, სადაც დევლინები უკვე ოც წელზე მეტია არარეაბილიტირებულ, არასაცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ. ახალ ფართებში გადასულ დევნილებში კი ფიქსირდება კომუნალური გადასახადების დიდი პრობლემა. თუკი ისინი ძველ კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრებისას არ იხდიდნენ კომუნალურებს, ახლა როცა მათ საკუთარი ბინები მისცეს, კისერზე დააწვათ ეს გადასახადები, რაც დევნილთა შემოსავლის 30-50%-ია” – აღნიშნა ნუკრი მილორავამ.
მისივე თქმით, შემოსავლების კატეგორია ახალ დასახლებებში ასე განისაზღვრა: დევნილთა მხოლოდ 28%-ია დასაქმებული ან თვითდასაქმებული, დევნილების 70% კი დამოკდებულია პენსიაზე, სიღარიბის პროგრამაზე ან დევნილთა დახმარების პროგრამაზე.
”ჩვენ სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვთანამშრომლობთ პრობლემების მოგვარებაზე. ვიწყებთ მუშაობას და სპეციალური ჯგუფების შექმნას, სადაც ჩავრთავთ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგნლებს და დავიწყებთ ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა, სასმელი წყალი, მიწის ხელმისაწვდომობის გაზრდა, შენობების რეაბლიტაცია და ნარჩენების გატანა, კომუნალური გადასახედები და დასაქმება” – განაცხადა მილორავამ.
რაც შეეხება ორგანიზაციის რეკომენდაცებს, როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ეს ძირითადად დევნილთა პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი და თვითმმართველობის ერთეულების უფრო აქტიურ ჩართვას გულისხმობს. კიდევ ერთი რეკომენდაცია კი არსებული პროგრამების გადახედვაა და კორექციაა. როგორც ცენტრ ”აფხაზეთში” განმარტავენ, თავდაპირველად, როცა აღნიშნული პროგრამები გაუშვეს, მათი მომავალი განვითარების გზები ბუნდოვანი იყო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პრობლემები, რომელზეც ორგანიზაციაში საუბრობენ, უწყებისთვის ცნობილია.
”ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამსრომლობა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ცნობილია ის პრობლემები, რაც კვლევაშია გამოხატული. ამისთვის სპეციალურად არის შექმნილი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დავიწყეთ არაერთი პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დევნილთა დასაქმებას და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას. ბუნებრივია სამინისტრო მხოლოდ თავისი ძალებით ვერ გაწვდება იმ პრობლემებს, ამიტომ მნიშვნელოვანია საერთაშორისიო ორგანიზაციებთან და დონორებთან მჭიდრო ურთიერთობა” – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
საკითხი ”დევნილთა საარსებო წყაროები: საჭიროებები და მიგნებები“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები.
დევნილთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისიდან დაიწყო, ფონდ „აფხაზეთის“ მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, როგორც დედაქალაქში, ასევე დევნილთა მსხვილ ჩასახლებებში. პირველი ღონისძიება ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებები ასევე ჩატარდება ბათუმსა და თბილისში.
გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ დევნილთა მსოფლიო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. მას 2001 წლიდან საქართველოც შეუერთდა და ყოველწლიურად 20 ივნისს აღინიშნება. დევნილთა დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
