LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას

avlabrisrezidencia

რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას, რომელიც საქართველოს  მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწუნა და ფსევდორაიხსტაგს შეადარა? სასახლესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სამი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ოფიციალური ვერსიით, ადგილზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა  მიმდინარეობს, რაც  საკონსტიტუციო სასამართლოში „ფორტუნას“ დაუდასტურეს. თუმცა, რამდენად რეალურია ეს ვერსია და რა ეტაპზეა მსჯელობა, ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ.

 

ასევე ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ავლაბრის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაინაცვლოს. ამ თემაზე საგარეო უწყებაში, მინისტრის მოადგილემ „ფორტუნასთან“ საუბარში საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა.

“საზოგადოება აუცილებლად გაიგებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებარეობას თუ შეიცვლის. ამ მომენტში ბევრ საკითხზე მიმდინარეობს ფიქრი – შენობაზე, ტექნიკურ საკითხებზე. როგორც გაიგეთ, ორ ქვეყანაში ვყიდულობთ საელჩოს და შესაბამისად, მომავალი წლიდან ჩვენი საკუთარი შენობები გვექნება. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით მიდის მუშაობა, რაც შეეხება ამ საკითხს, დამატებით ინფორმაციას, როცა საჭირო იქნება, მაშინ გაიგებთ,” – განაცხადა  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საზოგადოებაში გავრცელებული კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ავლაბრის სასახლეს შესაძლოა „რესპუბლიკის სასახლე“ დაერქვას და იქ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებისთვის მიღებები და სამთავრობო ღონისძიებები გაიმართოს. თუმცა, ეს ინფორმაცია პრემიერის ადმინისტრაციაში არ დაგვიდასტურეს. ბახტაძის უწყებაში გვითხრეს, რომ რეზიდენციას დაცვის სამსახური განკარავს, შესაბამისად, დამატებით ინფორმაციას ისინი არ ფლობენ.

ავლაბრის რეზიდენციაში უნივერსიტეტის გახსნას ჯერ კიდევ 2013 წელს იმ დროინდელი ახლად არჩეული პრეზიდენტი აპირებდა, თუმცა გეგმები მალევე შეეცვალა. გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სწორედ ამ რეზიდენციაში მოღვაწეობდა. ავლაბრის სასახლის ხარჯები განხილვის მთავარი საგანი მას შემდეგ გახდა, რაც სახელწმიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კონკრეტული ციფრები გამოაქვეყნა. 2015 წელს რეზიდენციის შენახვა ფურნქციონირებისთვის გამოყოფილმა  თანხებმა 2,2 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს – 2,3 მილიონ ლარს. ყველაზე მეტი კომუნალურ მომსახურებაზე დაიხარჯა.

მეოთხე პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი თვლის,  რომ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ უნდა ცხოვრობდეს, თუმცა სახელმწიფო ფუნქციის მატარებლად უნდა დარჩეს. საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი  მუშაობას ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში შეუდგება. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, ავლაბრის რეზიდენციაში სამუშაო პროცესი მომავალი სამი თვის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება.

 

ქეთი მამრიკიშვილი

mazda magti 5g