LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას არჩევნების შემდეგ?

92

ლარის გამყარება და ხელისუფლების ინტერესები – მოსალოდნელია თუ არა მთავრობის მხრიდან პროცესებში ხელოვნური ჩარევა ამომრჩევლის გულის მოსაგებად?

ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, დღეს არსებული კურსით მმართველ გუნდს ამომრჩევლის შენარჩუნება გაუჭირდება. ლარის გამყარება კი, მათი განმარტებით, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდება, რადგან პარტიები  კამპანიებისთვის ფულს ხარჯავენ.  რა მოხდება არჩევნების შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია ლარის მკვეთრი ვარდნა – ამ თემაზე რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში საბანკო ექსპერტმა ლია ელიავამ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ლარის კურსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას გამოუცხადებს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობა.

”ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ პარტიების სამოქმედო გეგმების სისწორე.  ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ არსებული ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრის საუკეთესო საშუალება იყო ლარის კურსის ვარდნა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ არ მიიღო გადამწყვეტი ზომები, არ გადადაგდა ნაბიჯები რომ შეეჩერებინა ლარის კურსის ასეთი მკვეთრი მერყეობა”, – აღნიშნა ელიავამ.

ექსპერტის განმარტებით, ხელისუფლებას შეეძლო ეროვნულ ბანკზე არსებული ზეწოლის ბერკეტების გამოყენება, იმისთვის რომ სებ-ს განეხორციელებინა ლარის კურსის მხარდაჭერა და  არ მიეშვა იგი.  ”ამის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაკეთდა. უფრო მეტსაც გეტყვით, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს ლარის კურსის ასეთ მერყეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ არც მომავალში აპირებს სებ-ი  ეროვნული ვალუტის მხარდაჭერას”, – განუცხადა ”ფორტუნას” საბანკო ექსპერტმა.

როგორც ლია ელიავამ განმარტა, ლარის კურსის დასტაბილურება არ არის მარტო ამომრჩევლის გულის მოგება,  ეს, უპირველესად, არის მოსახლეობის, ეკონომიკისა და ეკონომიკური სუბიექტების კეთილდღეობაზე ზრუნვა.  თუმცა, მისივე თქმით, მთავრობას არ გააჩნია ბერკეტი სებ-ზე ზეწოლის, ამ ბერკეტს პარლამენტი ფლობს.

”პარლამენტს თავის დროზე რომ ეზრუნვა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადახალისებაზე და მათი მონეტარული პოლიტიკის კორექტირებაზე, დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით”, – აღნიშნა ელიავამ და დასძინა, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, ვინაიდან, პარტიები საკუთარი კამპანიებისთვის დიდი თანხებს ხარჯავენ.  თუმცა,  ექპერტის პროგნოზით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ,  ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები