LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელით საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვებს

45

პრეპარატები, რომლითაც საქართველოში C ჰეპატიტს მკურნალობენ, ბავშვებში არ გამოიყენება, რადგან პატარა ასაკის პაციენტებში საჭირო კვლევები ჩატარებული არ არის და ამ ეტაპზე უცნობია, როგორი ეფექტი ექნება – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნასთან” ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის მოქმედი C ჰეპატიტის მკურნალობის ელიმინაციის პროგრამა მხოლოდ ზრდასრულებზეა გათვლილი და ბავშვების მკურნალობას დაავადების არცერთ სტადიაზე არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება C ჰეპატიტით დაავადებულ პატარებს, მათი მკურნალობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და კლინიცისტების გადაწყვეტილებით, ძირითადად ინტერფერონის საშუალებით მიმდინარეობს.

ეკა ადამიას ინფორმაციითვე, საქართველოში  C ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების რაოდენობა დიდი არ არის.

რაც შეეხება გასულ წელს საქართველოში დაწყებულ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, მასში საწყის ეტაპზე 6 800-მდე პაციენტი ჩაერთო, პროგრამის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კი 3 100-მა მათგანმა მკურნალობა დაასრულა, პაციენტთა  90% სრულად განიკურნა.

ეკა ადამიას თქმით, 2015 წელს დაწყებულ 5 წლიან პროგრამას, თავისთავად, ექნება დასრულების გეგმა. ელიმინაცია კი იმასაც გულისხმობს, რომ, შესაძლოა, დაავადების ერთეული შემთხვევები, პროექტის დასრულების შემდეგ დარჩეს, რაც უკვე ლოკალურ მიდგომას და ზემოქმედებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პროგრამის გეგმა და შესრულება გაიწერება წლებთან ერთად, იმის მიხედვით, თუ როგორი სურათი იქნება ყოველი წლის ბოლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g