LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაგვიჯდება ნაძვის ხის მორთვა და რა უნდა გავითვალისწინოთ – რეპორტაჟი და რჩევები

საახალწლო განწყობის და ინტერიერის მთავარი ატრიბუტი ქართულ, ტრადიციულ ჩიჩილაკთან ერთად,  ნაძვის ხეა.  ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ძველი ტომების რწმენას უკავშირდება, რომლებიც მარადმწვანე ხეებს მოსავლიანობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ,  უჭკნობ სიმწვანეს მარადიულობის სმბოლოდაც აღიქვამენ.

ნაძვის ხის მორთვა ყველა ჩვენგანისთვის სასიამოვნო პროცესია,  თუმცა, გარკვეულ თანხასთან  არის დაკავშირებული. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ნაძვის ხე, ან ძველის ახლით ჩანაცვლება გადაწყვიტეთ, „ფორტუნა“  ხარჯების დადგენაში დაგეხმარებათ.

რჩევა პირველი  –  გავუფრთხილდეთ ბუნებას და ყოველწლიურად ნაძვის მოჭრის ნაცვლად, ხელოვნური ნაძვის ხით ვისარგებლოთ. ხელოვნური ნაძვი, ცოცხალისგან განსხვავებით, რამდენიმე წელი გამოგადგებათ და ბუნებასთან ერთად, ბიუჯეტსაც  დაზოგავთ.

წინასაახალწლო პერიოდში ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები სხვადასხვა ფასისა და ხარისხის ნაძვის ხეების ფართო არჩევანს სთავაზობენ მყიდველს.

 

 

დავიწყოთ ბაზრობებით, სადაც ფასები შედარებით ლიბერალურია. ბაზრობებზე ნაძვის ხის ფასი არამარტო სიმაღლის,  ხარისხის მიხედვითაც განისაზღვრება. ნაკლებად მეჩხერწიწვიანი ნაძვის ხის ფასი 10 ლარიდან იწყება (60 სმ) და 60 ლარამდეა (2,10). შედარებით  ხშირწიწვიანი, გირჩებით გაფორმებული და დაფიფქული ნაძვის ხეების ფასი 30-500 ლარამდეა.

ნაძვის ხესთან ერთად, ბაზრობებზე ნაძვის ხის მოსართავი აქსესუარების ფართო არჩევანიც არის. საახალწლო გირლანდების ფასი 1 ლარიდან 5 ლარამდეა, ხოლო ნაძვის ხის სათამაშოების ფასი 1 ლარიდან იწყება და, მაქსიმუმ, 8 ლარამდე ადის.

 

 

ნაძვის ხის ფართო არჩევანს გვთავაზობენ მაღაზიებიც, თუმცა, ფასები განსხვავებულია. მაღაზიაში ნაძვის ხის ფასი 200 ლარიდან იწყება და 990 ლარამდეა. მაღაზიის წარმომადგენლების განმარტებით, ფასს მაღალი ხარისხი განაპირობებს. როგორც „ფორტუნას” უთხრეს, წლების განმავლობაში ნაძვის ხე ფორმას და ვიზუალს არ კარგავს. აქვე შეგვიძლია თოვლის ბაბუების შეძენაც, ფასი 50-300 ლარამდეა, მოქმედებს განვადებაც.

მნიშვნელოვნად განსხვავდება ნაძვის ხის აქსესუარების ფასიც. ყველაზე იაფი 5 ლარიდან იწყება და 50 ლარამდეც ადის. უნდა ვაღიაროთ, რომ სათამაშოები მართლაც ხარისხიანი და გამორჩეული ვიზუალისაა.

 

 

საშუალო საფასო სეგმენტი აქვს მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტს, სადაც ნაძვის ხის ღირებულება 15 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ, 150 ლარამდეა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც,  რომ ნაძვის ხეები, შედარებით, მეჩხერწიწვიანი და დამატებითი ეფექტების (დათოვლილი, გირჩები და ა.შ.) გარეშეა. სათამაშოების ფასი აქ 1,10 ლარიდან იწყება და 7-8 ლარამდეა.

„ფორტუნას“ მიერ  ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, 60 სმ სიმაღლის ნაძვის ხეს მოსართავად, დაახლოებით, 15 ცალი სათამაშო სჭირდება. 115 სმ სიმაღლის ნაძვის ხეს, მინიმუმ,  20- 25 ცალი, ხოლო 210 სმ სიმაღლის ნაძვის ხეს – 30-40 საშუალო ზომის სათამაშო.

 

 

იმისთვის,  რომ საახალწლო ნაძვის ხე გემოვნებიანი და განსაკუთრებულად სადღესასწაულო გამოვიდეს, პირად გემოვნებასთან ერთად, წლის ტენდენციის და პროფესიონალი დიზაინერების რჩევის გათვალისწინებაც სასურველია.

დიზაინერი ანი მეყანწიშვილი 2018 წელს არა ზედმეტად ჭრელ, არამედ თბილ ტონებზე აქცენტის გაკეთებას გვირჩევს.

„წინა წლებისგან განსხვავებით, სასურველია, ნაძვის ხის მორთვისას თბილი, პასტელური ტონის დეკორაცია გამოვიყენოთ. შეცვლილია ფორმებთან დაკავშირებული ტენდენციაც და ტრადიციული ბურთის ფორმის სათამაშოების ნაცვლად, თამამად შეიძლება, ყვავილები, თოჯინები და სხვადასხვა ფორმის სათამაშოები  გამოვიყენოთ. მოდურია ხელნაკეთი, ნაქსოვი დეკორაციებიც,“ – გვირჩევს დიზაინერი.

და ბოლოს, გახსოვდეთ, დღესასწაულისთვის  გადამწყვეტი ფაქტორი არა ნაძვის ხის ფორმა და ფასი, არამედ თქვენი განწყობაა.

 

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g