LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროს ინიშნება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რატომ არის ის სრულიად უსაფრთხო – თამარ ანთიას რეკომენდაციები

1168
თამარ ანთია

„რა არის MRI კვლევა, რა ჩვენებების და სიმპტომების დროს ინიშნება და რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს ის, როგორ ხდება მაგნიტურ რეზონანსული კვლევის დაგეგმვა და რამდენად უსაფრთხოა მისი ჩატარება, რა განსხვავებაა მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას და  (კტ) კვლევას შორის და რა დროს რომელს ენიჭება უპირატესობა, უხშირესად რა პათოლოგიების აღმოჩენა ხდება აღნიშნული კვლევების დროს“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“„ამერიკული ჰოსპიტალის“ ნეირორადიოლოგმა – თამარ ანთიამ ისაუბრა.

თამარ, რას გულისხმობს ნეირორადიოლოგია?

ზოგადად, რადიოლოგიას „Eyes of medicine“-ს ეძახიან, ანუ ის მედიცინის თვალია და ის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე მედიცინაში. დღეს, რადიოლოგიის გარეშე ხარისხიანი მედიცინა აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ნეირორადიოლოგია ეს არის რადიოლოგიის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნერვულ სისტემას, რაც გულისხმობს თავის ტვინს, ზურგის ტვინს, ხერხემალს. ნეირორადიოლოგია ასევე მოიცავს ე.წ. თავ-კისრის მიდამოს კვლევას. თავ-კისრის მიდამოში შედის ორბიტების, ანუ თვალის კვლევა, ყურის სტრუქტურების კვლევა, ცხვირ-ხახის, პირ-ხახის, ხორხის, კისრის ლიმფური კვანძების, სანერწყვე ჯირკვლების კვლევა.

რამდენად მნიშვნელოვანია MRI კვლევა და რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს ის?

როგორც გითხარით, რადიოლოგია აბსოლუტურად შეუცვლელია მედიცინაში. მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი და ნაწილი აქვს რადიოლოგიაში.

პირველ რიგში, ვუპასუხოთ კითხვას, თუ რამდენად საზიანოა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რადგან ჩვენი პაციენტებისგან ეს კითხვა ხშირად ისმის. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დაფუძნებულია მაგნიტურ ველზე და რადიო სიხშირულ ტალღებზე, რითაც ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულებას ვიღებთ. შესაბამისად, აბსოლუტურად მითია, რომ ჩვენ ვასხივებთ პაციენტს. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დროს დასხივება არ ხდება.

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია აბსოლუტურად შეუცვლელია და ძალიან ინფორმატიულია ყველა სისტემის კვლევისას, იქნება ეს ნევროლოგია, სომატური ორგანოები თუ სხვა. მას ძალიან დიდი როლი უჭირავს ძვალ-სახსროვანი სისტემის კვლევის დროსაც.

ყველა ტიპის ნოზოლოგიაში, იქნება ეს ონკოლოგია, სისხლ-ძარღვოვანი პათოლოგიები თუ ანთებითი-ინფლამაციური პროცესები, მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას წამყვანი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როგორც განვმარტე, კვლევა არის უსაფრთხო, მაღალ ინფორმატიული და ძირითადად, დაავადების და პათოლოგიური პროცესის სწორად მართვის წინაპირობაა.

როდის, რა ჩვენებების და სიმპტომების დროს ინიშნება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია?

ნეირორადიოლოგიაში და კერძოდ, თავის და ზურგის ტვინის, ხერხემლის კვლევის დროს აბსოლუტურად შეუცვლელია მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ალტერნატიული კვლევები. ალტერნატიულ კვლევას წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები და გარკვეული პრიორიტეტები გააჩნია.

რაც შეეხება მუცლის, მენჯის, ძვალსახსროვანი სისტემის კვლევას, მანდ ჩვენ სასკრინინგოდ შეგვიძლია ულტრაბგერას, რენტგენოლოგიურ კვლევას მივმართოთ, რაც გარკვეული დაავადებების დროს აბსოლუტურად საკმარისი და ინფორმატიულია. შესაბამისად, თუ მუცლის ტკივილით, მენჯის არეში ტკივილით ან სახსრის ტკივილით მოგვმართავს პაციენტი, არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც მაგნიტურ რეზონანსული კვლევა დავიწყოთ და ასეთ მაღალ ტექნოლოგიურ კვლევას მივმართოთ.

რაც შეეხება, ნევროლოგიას და ნეირორადიოლოგიას აქ ჩვენ უფრო შეზღუდულები ვართ, რადგან თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის ვიზუალიზაციისთვის, ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური კვლევა იმდენად ინფორმატიული არ არის.

რაც შეეხება სიმპტომებს და ჩივილებს, რა თქმა უნდა, ტკივილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შემაწუხებელი სიმპტომია, მაგრამ თავის შემთხვევაში, ტკივილის ჩვენ ნაკლებად გვეშინია, რადგან ხანგრძლივი, დროში გაჭიმული თავის ტკივილი, არ არის აუცილებელი, რომ რაღაც პათოლოგიასთან იყოს ასოცირებული.

ნევროლოგიაში და ნეიროანატომიაში ყველა უბანი, უჯრედი რაღაც ფუნქციასთან არის დაკავშირებული და ამ ფუნქციის ამოვარდნა და რღვევა როდესაც მიდის, ექიმმა განგაში უნდა ატეხოს. ამ შემთხვევაში, იგულისხმება – მეტყველების გაუარესება, ხელ-ფეხის დაბუჟება და სისუსტე, კრუნჩხვითი მოვლენები, მხედველობის გაუარესება, სმენის დაქვეითება.

ისევ თავის ტკივილის რომ დავუბრუნდეთ, პაციენტები ძალიან ხშირად მოგვმართავენ თავის ტკივილით, რა დროსაც ჩვენ შეიძლება, რომ ამ თავის ტკივილის ანატომიური მიზეზი ვერც ვნახოთ, მაგრამ ამ კვლევის ჩატარება პაციენტისთვის გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რადგან როდესაც ის იგებს, რომ მისი თავის ტვინი დაავადებისგან თავისუფალია და იქ არაფერი უბედურება არ ხდება, ის უფრო მშვიდდება, რაც წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი ნაწილია. ამის შემდეგ,  პაციენტი უკვე ნევროლოგს მიმართავს  და ამ ტკივილს უკვე თავისი კლინიკური სახელი ერქმევა და პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ენიშნება. პათოლოგიის გამოსარიცხად, MRI, რა თქმა უნდა, შეუცვლელია.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ე.წ. ჩუმი დაავადებები, ანუ ის დაავადებები, რომლის დროსაც ჩვენ არანაირი სიმპტომატიკა არ გვაქვს. შეიძლება, პაციენტმა მოგვმართოს სმენის დაქვეითებით და სრულიად შემთხვევით ჩვენ ვნახოთ და აღმოვაჩინოთ რომელიმე სისხლძარღვის ანევრიზმა. ჩუმი დაავადებების რიცხვში, პირველ რიგში, შედის ანევრიზმები, რომელთაც სრულიად შემთხვევით ვნახულობთ და არ არის აუცილებელი, რომ ისინი თავის ტკივილთან იყვნენ დაკავშირებულნი. ანევრიზმა გვტკივა მაშინ, როდესაც ის გასკდება და თავის ტვინში, გარსებში მოხვდება სისხლჩაქცევა. რა თქმა უნდა, სასკრინინგოდ, ანევრიზმების აღმოსაჩენად ასეთი კვლევა საკმაოდ ინფორმატიული და მნიშვნელოვანია, რათა დროზე მოხდეს შესაბამისი ჩარევა და მკურნალობა.

არსებობენ ე.წ. ჩუმი სიმსივნეებიც, ანუ სიმსივნეები, რომლებიც ან ნელა მზარდები არიან ან საწყის ეტაპზე არანაირი ჩივილით არ ვლინდებიან და ჩვენ მათ უკვე საკმაოდ გაზრდილს და დიდს ვნახულობთ ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი დროულად მიმართავს კვლევას და სიმსივნეს ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ, ქირურგიული ჩარევის ეფექტურობა და წარმატებული მკურნალობის შანსი ბევრად უფრო მაღალია. შესაბამისად, ნევროლოგიაში და ნეირორადიოლოგიაში აღნიშნული კვლევის გაუმართლებელი, გადამეტებული და არამიზანმიმართული დანიშვნა, ვფიქრობ, რომ ცოტა უტრირებულია. პირადად ჩემი გამოცდილებით, პრაქტიკულად, პაციენტების დაახლოებით 95%-ში ვპოულობ რაღაც პათოლოგიას. ზოგჯერ, შეიძლება, სულ სხვა სიმპტომით მოგვმართოს პაციენტმა და სულ სხვა დაავადება აღმოვაჩინოთ. შესაბამისად, ვინაიდან ეს კვლევა უსაფრთხოა, შეგვიძლია მას ხშირად მივმართოთ.

მეტყველების მოშლა ახსენეთ და ვინაიდან აღნიშნული პრობლემის შემთხვევაში, არასამედიცინო განათლების მქონე პირებს, ეჭვი, პირველ რიგში,  ინსულტზე მიგვაქვს, აუცილებლად უნდა გკითხოთ MRI-ს როლზე ინსულტის დიაგნოსტირების ნაწილში და მინდა, აქვე „ამერიკული ჰოსპიტალის“ ბაზაზე არსებულ ინსულტის მართვის ცენტრზეც ვისაუბროთ.

მეტყველების მოშლა საკმაოდ საგანგაშო სიმპტომია ნევროლოგიაში. ის შეიძლება იწყებოდეს ძალიან ნელა და ამ შემთხვევაში, საქმე არ გვქონდეს ინსულტთან, რადგან ინსულტი ეს არის ურგენტული, გადაუდებელი პათოლოგია და დაზიანება. ასეთ დროს საქმე შეიძლება გვქონდეს სიმსივნესთან, რომელიც ზეწოლას და კომპრესიას ახდენს მეტყველების ცენტრზე.

რაც შეეხება უშუალოდ ინსულტს, გარდა მეტყველების პრობლემისა, ის ასევე ასოცირებულია ხელ-ფეხის სისუსტესთან და დაბუჟებასთან. შესაბამისად, განგაში უნდა ავტეხოთ და დროზე უნდა მივმართოთ შესაბამის დაწესებულებას, როცა გვაქვს მეტყველების გაძნელება, ხელ-ფეხის სისუსტე. ინსულტის დროს გამოიყენება ტერმინი „Time is brain“ , ანუ ჩვენ რაც უფრო მალე მივმართავთ პროფესიონალს, მით მეტი შანსი გვაქვს, რომ გადავარჩინოთ თავის ტვინი ან თავის ტვინის ნაწილი, სწორი და დროული მკურნალობით.

რაც მე ძალიან მახარებს, ჩვენს კლინიკას ძალიან კარგი ინსულტის ცენტრი აქვს. პირველ რიგში, პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაში შემოდის, შემდეგ უკვე ერთვება ნევროლოგიური, ნეიროქირურგიული, რადიოლოგიური გუნდი. ყველაფერი საკმაოდ მაღალ დონეზეა დაორგანიზებული და ინსულტის დროს საჭირო ყველა ქმედება ოპერატიულად და სწრაფად ხდება.

ცნობისთვის, უხშირესად ინსულტი გამთენიისას ვითარდება. თუ პაციენტი ინსულტის სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე საათში, მაგალითად, 4-5 საათში შემოვიდა კლინიკაში, მაშინ, პირველ რიგში, ჯერ ლაბორატორიული ანალიზები და კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება და გამოვრიცხავთ ჰემორაგიას, ანუ სისხლჩაქცევას. თუ ჩვენ ამ 4-5 საათიან ფანჯარაში ვჯდებით, არსებობს თრომბოლიზური მკურნალობა, რაც ინტრავენურად ხდება და ამ დროს, ხდება იმ თრომბის ლიზირება, რომელიც იწვევს გარკვეული სისხლძარღვის დახშობას და ტვინის ნაწილის იშემიზაციას. აღნიშნული მკურნალობის შედეგად, ხდება ამ გარკვეული უბნის რევასკულარიზაცია, რეპერფუზია, ანუ სისხლის მიწოდების აღდგენა, რაც შემდგომ აღნიშნულ სიმპტომებს ალაგებს. თუ ჩვენ ეს ფანჯარა გამოვტოვეთ და დავაგვიანეთ, არსებობს უკვე ქირურგიული ჩარევა, რომელსაც თრომბექტომიას ვეძახით. ამ დროს ქირურგი, ენდოვასკულურად, ანუ სისხლძარღვიდან შედის, ეს თრომბი მექანიკურად გამოაქვს, იგივე პრინციპით ხსნის სისხლძარღვსაც და შედეგად, სიმპტომები ლაგდება.

ჩვენს კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია როგორც თრომბოლიზური მკურნალობა, ისე თრომბოქტომია.

რაც შეეხება MRI-ს მნიშვნელობას, არის შემთხვევები, როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პირველ საათებში ინსულტის კერა არ ჩანს და ამ დროს შემოდის MRI, რომელიც აბსოლუტურად ოქროს სტანდარტია. MRI-ს აქვს გარკვეული რეჟიმი, რომელსაც დიფუზიას ვეძახით და ამ დიფუზიაზე ჩვენ ინსულტის დასაწყისიდან რამდენიმე წუთში შეგვიძლია, მწვავე კერის ანატომიური ვერიფიცირება, მისი ფართობის ვერიფიცირება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეგვიძლია, დავეხმაროთ პაციენტს, რადგან მკურნალობის მეთოდებს თავისი კრიტერიუმები აქვს. რა თქმა უნდა, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ძალიან გვეხმარება დიაგნოზის სწორად დასმაში, სწორ მენეჯმენტში და კარგი გამოსავლის მიღებაში.

რა განსხვავებაა მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას და  (კტ) კვლევას შორის და რა დროს რომელი კვლევა შეიძლება, რომ დაინიშნოს?

 კტ (CT)  ნევროლოგიაში და ნეირორადიოლოგიაში აბსოლუტურად შეუცვლელია. კტ (CT)  არის სწრაფი კვლევა,  რამდენიმე წამში კეთდება, მაგნიტურ რეზონანსული კვლევა კი უფრო ხანგრძლივია და შეიძლება, პაციენტის მოძრაობამ და ა.შ. ჩვენ ხელი შეგვიშალოს, მით უმეტეს, რომ ზოგ შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის დეზორიენტირებულია, გაძნელებულია მასთან კოლაბორაცია და ა.შ. კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელი კვლევაა, განსაკუთრებით, ტრავმების, მოტეხილობის, სისხლჩაქცევის და ასევე ინსულტების დროს. კომპიუტერული ტომოგრაფია რენტგენულ სხივზეა დაფუძნებული, აქ არის მაიონებელი გამოსხივება და ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ეს მავნეა, მაგრამ როდესაც პაციენტს აქვს ინსულტი და გვჭირდება დიაგნოზის დასმა, მავნებლობაზე არ ვსაუბრობთ, მით უმეტეს, რომ დღევანდელი კტ (CT)  ძალიან დამზოგველი, ე.წ. „Low dose“ რეჟიმით მუშაობენ და ამ შემთხვევაში, ეს დასხივება იმდენად მინიმალურია, რომ, რა თქმა უნდა, მას ბევრად აღემატება ის ბენეფიტები, რაც ამ კვლევას მოაქვს. ნევროლოგიაში კტ (CT)  ყველაზე მნიშვნელოვანი ინსულტის და ტრავმის დროსაა.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში რამდენად უსაფრთხოა მაგნიტურ რეზონანსული კვლევა და აღნიშნული კვლევის დროს, ყოველთვის საჭიროა თუ არა კონტრასტის გამოყენება?

მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში უსაფრთხოება, პირველ რიგში, ასოცირდება იმასთან, რომ ჩვენ ორგანიზმში არ უნდა გვქონდეს მეტალის იმპლანტები. გარკვეული იმპლანტები არა მაგნიტ თავსებადია. თანამედროვე მედიცინაში, სახსრების იმპლანტაციაში, უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, პარამაგნიტურია, მაგრამ ჩვენ ეს მომენტები აუცილებლად ძალიან კარგად უნდა გვქონდეს გათავისებული იმისთვის, რომ პაციენტს არ მივაყენოთ ზიანი. მაგალითისთვის, კარდიოლოგიაში, პეისმეიკერის დროს, ჩვენ ვიცით, რომ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა უკუნაჩვენებია, მაგრამ ჩვენ კარდიოლოგების და არითმოლოგების დახმარებით, შეგვიძლია, ეს პეისმეიკერი გადავიყვანოთ ე.წ. MRI რეჟიმზე და ამ რეჟიმის დროს ჩავატაროთ ჩვენი კვლევა.

რაც შეეხება სახსრებს და სხვა იმპლანტებს, ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ პაციენტს, რომ მოგვიტანოს  იმპლანტების გარკვეული ანოტაცია, სადაც კონკრეტულად წერია იმპლანტის ესა თუ ის  მოდელი რამდენად თავსებადია ამ კვლევასთან.

რაც შეეხება ორსულობას, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ორსულობის პირველი სამი თვე ვცდილობთ, რომ თავი შევიკავოთ კვლევისგან, რადგან ის არის ტერატოგენული და ორგანოგენეზზე იწვევს გარკვეულ გავლენას. შემდგომში უკვე, თუ არის მისი ჩვენება, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ვატარებთ მას და ამის დიდი გამოცდილებაც გვაქვს.

ლაქტაციის დროს თვითონ კვლევას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. რძეში კონტრასტის ძალიან მცირე დოზა გადადის, ანუ ძალიან მცირე დოზა შეიძლება მიიღოს ბავშვმა, თუმცა მაინც ვცდილობთ, რეკომენდაცია მივცეთ, საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში, ბავშვმა ერთი კვება გამოტოვოს.

 საკონტრასტო ნივთიერება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში აბსოლუტურად უვნებელია. მას აქვს ძალიან დაბალი რისკი ალერგიის, ნეფროტოქსიურობის და კონტრასტის შიში, რომელიც ხშირად აქვთ პაციენტებს, აბსოლუტურად გაუმართლებელია.

კონტრასტის გაკეთება საჭირო და აუცილებელია, რადგან გარკვეულ დაავადებას ვერ დაარქმევ სახელს, ვერ იტყვი მის ხასიათზე, ვერ განსაზღვრავ და ა.შ. კონტრასტის გარეშე. კვლევების ძირითადი ნაწილი უკონტრასტოდ, პრაქტიკულად, არ ინიშნება, რადგან გარკვეული დაავადებები უბრალოდ შეიძლება არ გამოჩნდეს ან ვერ დავინახოთ, თუ კონტრასტს არ გამოვიყენებთ. შესაბამისად, ის კვლევის ერთ-ერთი აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია და აბსოლუტურად უვნებელია. ერთი თვის ზევით ბავშვებში უკვე ჩვეულებრივ ინიშნება. თუ გვაქვს ალერგიული, დამძიმებული ანამნეზი, მაშინ პაციენტს ვთხოვთ, რომ მიმართოს ალერგოლოგს, გაიკეთოს სინჯი კონკრეტულად ამ ნივთიერებაზე. თუ ალერგია დადასტურდა, ასეთი პაციენტის მომზადებაც შესაძლებელია.

იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნული კვლევა უსაფრთხოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი ჩატარება ყოველი საჭიროების დროს, ანუ ხშირად შეიძლება?

რა თქმა უნდა. გარკვეული დაავადებების დროს, მაგალითად, ონკოლოგიაში ზოგჯერ აღნიშნული კვლევა სამ თვეში ერთხელ ინიშნება, რადგან ის ამ დაავადების მონიტორინგისთვის აუცილებელია. როდესაც პაციენტი მეკითხება ხოლმე, რა ზიანს მომაყენებს ასეთი ხშირი კვლევაო, მე ზოგჯერ ვხუმრობ, რომ გარდა ჯიბისა და ფინანსებისა ჩვენი კვლევა, სხვას არაფერს აზიანებს. რა თქმა უნდა, სკრინინგისთვის ხშირად გამოკვლევა საჭირო არ არის, მაგრამ როდესაც უკვე ვიცით, თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე შესაბამისი გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული სიხშირით ვახდენთ დაავადების მონიტორინგს. ყველა დაავადებას ამ კვლევის გამეორების გარკვეული ფაზურობა აქვს. ერთადერთი, კონტრასტის მრავალჯერადი (არა ერთჯერადი და ორჯერადი) გამოყენება, იშვიათ შემთხვევაში იწვევს ხოლმე თავის ტვინის გარკვეულ სტრუქტურებში კუმულაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ისევ და ისევ იმას აღვნიშნავთ, რომ ამ კვლევის სარგებლობა და საჭიროება უფრო მეტია, ვიდრე ის ზიანი, რაც მან პაციენტს შეიძლება მიაყენოს.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ რეზონანსული კვლევის პროცესს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტიც, ხმაური, სივიწროვე და ა.შ. , რაც განსაკუთრებით დამთრგუნველია კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებისთვის. რა რეკომენდაციას მისცემდით ასეთ ადამიანებს?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა საკმაოდ ხანგრძლივია და დაახლოებით, 30-40 წუთი გრძელდება. შესაბამისად, ამდენი ხანი პაციენტი საკმაოდ არაკომფორტულ, ვიწრო მილშია მოთავსებული და რა თქმა უნდა, იქ არის შიშის მომენტიც, დისკომფორტიც. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტი კვლევის განმავლობაში უმოძრაოდ უნდა იყოს, რადგან მოძრაობა გამოსახულებას აფუჭებს.

რაც შეეხება ხმაურს, ეს ყველა აპარატს ახლავს, მაგრამ თანამედროვე აპარატებს აქვთ თავისი ყურსასმენები, რომლითაც ჩვენ ამ ხმაურის დახშობა და ჩვენთვის სასიამოვნო მუსიკის მოსმენა შეგვიძლია. შესაბამისად, ეს დისკომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი.

კვლევის ხანგრძლივობა ხარისხის პირდაპირ პროპორციულია. თუ ჩვენ ვამცირებთ კვლევის ხანგრძლივობას, ჩვენ გვივარდება გამოსახულების ხარისხი, დიაგნოზი კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოსახულების ხარისხზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც პაციენტი კვლევაზე შედის, ჩვენ ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, რომ მისსავე ინტერესშია, გაუძლოს ამ კვლევას, მაქსიმალურად დაგვეხმაროს, იყოს ჩვენთან კოლაბორაციაში და არ შეგვაწყვეტინოს კვლევა.

როდესაც საქმე კლაუსტროფობიასთან გვაქვს, ამ შემთხვევაში, ჩვენ პაციენტს ზოგჯერ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ერთი დღით ადრე სედატიური პრეპარატი მიიღოს, წამოიყვანოს ახლობელი, რომელიც შეიძლება, რომ შეყვეს მას და დაესწროს კვლევას. ზოგჯერ, ახლობლის გვერდით ყოლა და ხელის ჩაჭიდება, მათთვის სრულიად საკმარისია.

რაც შეეხება სივრცეს, ყველა აპარატს თავისი, გარკვეული დიამეტრის მილი აქვს. ჩვენს კლინიკაში არსებულ აპარატს ერთ-ერთი ყველაზე ფართო მილი აქვს და მისი ზომა 70 სმ. გახლავთ. შესაბამისად, ის უფრო ნაკლებ დისკომფორტს უქმნის პაციენტს, მაგრამ თუ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, რა თქმა უნდა, ეს 70 სმ-ც არ არის საკმარისი და ამ შემთხვევაში, პაციენტები ანესთეზიას მიმართავენ, ოღონდ რა საკვირველია, მაშინ, თუ არის ამის ჩვენება. შესაბამისად, გამოსავალი ყოველთვის არის.

როგორ ხდება მაგნიტურ რეზონანსული კვლევის დაგეგმვა, როგორია კვლევისთვის მომზადების პროცესი და როდის, რამდენ ხანში გაიცემა კვლევის პასუხი?

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ყველგან, მთელს მსოფლიოში, ყოველთვის დატვირთულია, რადგან ბევრი პაციენტია ჩაწერილი, ამიტომ ყოველთვის უნდა დავიჭიროთ თადარიგი და კვლევაზე წინასწარ ჩავეწეროთ.

რაც შეეხება მომზადებას, ნევროლოგიურ პაციენტებში წინასწარი მომზადება აბსოლუტურად არ არის საჭირო. ერთადერთი, ჩვენ რასაც ვითხოვთ არის ის, რომ პაციენტი იყოს უზმოდ, როცა ტარდება კუჭ-ნაწლავის, მუცლის, მცირე მენჯის კვლევა, სხვა შემთხვევაში, პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება.

ჩვენს კლინიკაში ასევე კეთდება ენტეროგრაფია და დეფეკოგრაფია, ანუ ნაწლავის და სწორი ნაწლავის კვლევა. ამას უკვე ცოტა განსხვავებული მომზადება სჭირდება, მაგრამ ჩვენ პაციენტებს ვაძლევთ ზუსტ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოემზადონ.

ყოველთვის ჯობია, რომ კვლევა კლინიცისტის მიერ იყოს დანიშნული, რადგან ის დეტალურად გამოჰკითხავს პაციენტს ანამნეზს და უკვე ჩვენ, რადიოლოგებს გვაძლევს გარკვეულ მიმართულებას, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან მაგნიტურ რეზონანსულ კვლევაში არსებობს გარკვეულ დაავადებებზე მორგებული პროტოკოლები, მაგალითად, არსებობს ეპილეფსიის პროტოკოლი და კვლევის დროს მას მივყვებით. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვიცით, რა დაავადებას ვეძებთ და რას უნდა გავცეთ პასუხი, უფრო დეტალური და ინფორმატიული კვლევა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ექიმი შეიძლება კვლევის დროს საერთოდ არ იყოს. მაგალითისთვის, „ამერიკულ ჰოსპიტალში“ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა 08:00 საათზე იწყებს მუშაობას და 00:00 საათზე ასრულებს, ექიმი კი 18:00 საათის შემდეგ, შეიძლება, უკვე არ ესწრებოდეს კვლევას, ამიტომ  ოპერატორები მაქსიმალურად გადამზადებულები და ინფორმირებულები არიან და იციან, რომელ პაციენტს რომელი პროტოკოლი უნდა მოარგონ. წინასწარი ინფორმირებულობა კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება დასკვნების გაცემას, თუ ექიმი ადგილზეა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პაციენტს გარკვეული ინფორმაცია წინასწარ მივაწოდოთ, რომ დავამშვიდოთ ის, მაგრამ კვლევისას იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციას ვიღებთ, რომ არაერთხელ ვუბრუნდებით მის დამუშავებას და ეს, რა თქმა უნდა, დროს საჭიროებს. ზოგჯერ, საჭიროა კონსილიუმების ჩატარება, კოლეგების მოწვევა, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, შესაბამისად, უმჯობესია, ასეთ დროს, ექიმი არ დააჩქაროთ, რომ უფრო ხარისხიანად დამუშავდეს სურათი. რაც უფრო დიდხანს და ხანგრძლივად მუშავდება თქვენი დასკვნა, მით უფრო მაღალია ხარისხი და მით უფრო ნაკლებია შეცდომის გაპარვის ალბათობა. 

ძალიან ხშირია მაგნიტურ რეზონანსული კვლევით ხერხემლის კვლევა. ძირითადად რა ტიპის პათოლოგიების აღმოჩენა ხდება ამ დროს და ყოველთვის წარმოადგენს თუ არა წელის, ხერხემლის ტკივილი MRI კვლევის ჩატარების საჭიროებას?

ხერხემლის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვანაირად არის, თუ ხერხემალი გვტკივა, აქ უკვე, რა თქმა უნდა, რაღაც პათოლოგიას ვნახავთ. მე ვსაუბრობდი ჩუმ დაავადებებზე თავის ტვინის დაზიანების დროს, მაგრამ ხერხემალში ცოტა განსხვავებულად არის. პირველ რიგში და ყველაზე ხშირად, ჩვენ, რა თქმა უნდა, დეგენერაციულ დაავადებებს ვხვდებით. დეგენერაციულ დაავადებებში შედის ე.წ. ოსტეოქონდროზი, თიაქრები, რაც გარდა იმისა, რომ იწვევს წელის ტკივილს, შეიძლება, გამოიწვიოს დაბუჟება ხელში, ფეხში. თიაქრის დროს, მალთაშუა სივრცე, მალთაშუა დისკო გამოდრეკილია ხოლმე და იწვევს კომპრესიას გარკვეულ ნევრალურ ფესვზე, რაც შემდგომში, ამა თუ იმ ნაწილის დაბუჟებას და ტკივილს იწვევს. რა თქმა უნდა, დეგენერაციული დაავადებები ძალიან ხშირია, რადგან ის დაკავშირებულია ცხოვრების არასწორ წესთან, ჭარბ წონასთან, სხეულის არასწორად დატვირთვასთან. ნაკლები სიხშირით არის ხერხემლის ონკოლოგიური და ანთებითი-ინფლამაციური დაავადებები. 

ხერხემლის კვლევაში მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ოქროს სტანდარტია, შესაბამისად, მომართვიანობაც მაღალია ხერხემლის კვლევაზე.

ყველაზე ხშირად რა პათოლოგიებს ხვდებით კვლევისას?

თავის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ონკოლოგია და სისხლ-ძარღვოვანი დაავადებები. ხერხემლის შემთხვევაში დეგენერაციული დაავადებები. გარკვეული სიხშირით არის თვალის და ყურის პათოლოგიებიც.

თავის შემთხვევაში, სასკრინინგოდ, ანევრიზმების გამოსარიცხად ძალიან ინფორმატიულია მაგნიტურ რეზონანსული კვლევა და პაციენტები ამის გამოც ხშირად მოგვმართავენ.

ყოველთვის, როცა თავის ტკივილია, ღირს თუ არა აღნიშნული კვლევის ჩატარება, თუ უნდა გვქონდეს სხვა, თანმხლები სიმპტომებიც?

თავის ტკივილის დროს და ზოგადად, ნებისმიერი სიმპტომატიკის დროს, რა თქმა უნდა, სწორია, რომ ჯერ ნევროლოგს მივმართოთ, თუმცა არიან პაციენტები, რომლებიც ამბობენ, ნევროლოგმა მითხრა, რომ კვლევა არ მჭირდება, მაგრამ ჩემი სიმშვიდისთვის მჭირდება ამ კვლევის ჩატარებაო. ჩვენთვის, რადიოლოგებისთვის, ეს პასუხი აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ისინი კვლევის შემდგომ, იმ ინფორმაციის მიღებით, რომ არაფერი არ აქვთ, მშვიდდებიან და ეს უკვე გარკვეულ კლინიკურ ეფექტს და შედეგს ახდენს მათ მდგომარეობაზე.

როგორც აღვნიშნე, ყოველთვის უმჯობესია, რომ ჯერ ნევროლოგს მიმართოთ, რადგან ნევროლოგი შემდეგ უკვე  ჩვენ გვაძლევს სწორ მიმართულებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად გამოვიკვლიოთ პრობლემა, რომ პასუხი გავცეთ ყველაფერს და რომ არ გამოგვეპაროს რაიმე ხარვეზი.

თავის ტკივილი უფრო საშიშია, როდესაც მას მეხის გავარდნის ეფექტი აქვს. ქრონიკული, მუდმივი ხასიათის ტკივილი არ არის ხოლმე აუცილებლად დაავადებასთან ასოცირებული.

როდის ითვლება კვლევა არამიზანმიმართულად?

მინდა გითხრათ, რომ ჩემს პრაქტიკაში, ძალიან იშვიათად ვაწყდები არამიზანმიმართულ კვლევას. როგორც წესი, არამიზანმიმართული კვლევის დანიშვნა არავის სჭირდება, რადგან ექიმი თავს კი არ იზღვევს, ცდილობს, გარკვეული დაავადებები გამორიცხოს, რომ სხვა ჯგუფის დაავადებას უფრო სწორად და მიზანმიმართულად უმკურნალოს.

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, კვლევაზე შაკიკი თუ ჩანს… შაკიკი არ არის რადიოლოგიური დიაგნოზი. შაკიკის დროს, ჩვენ შეიძლება, ვერ ვნახოთ დაზიანება და მხოლოდ და მხოლოდ შაკიკის გართულებები, ინსულტი და ა.შ. შეიძლება ვნახოთ.

გარკვეული დაავადებების გამორიცხვა ნევროლოგს და სპეციალისტს აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მშვიდად დასვას ესა თუ ის კლინიკური დიაგნოზი და მშვიდად მართოს კონკრეტული დაავადება. ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ძალიან ბევრი კარგი აპარატი და რადიოლოგი გვყავს. შესაბამისად, რატომაც არ უნდა ჩავიტაროთ კვლევები და რატომაც არ უნდა დავუჯეროთ კლინიცისტს?! ექიმებს უნდა ვენდოთ.