LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი მიდგომები აკნეს მკურნალობაში და უახლესი აპარატურის ჯადოქრობები – დერმატოლოგ მაკა სირბილაძის რეკომენდაციები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

752
მაკა-სირბილაძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „Healthy Look“-ის ექიმი-დერმატოლოგი, მაკა სირბილაძე სტუმრობდა, რომელმაც აკნეზე, კანზე არსებულ სხვადასხვა წანაზარდებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე და არსებულ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

რა შეიძლება გახდეს აკნეს გამომწვევი ძირითადი მიზეზი, რატომ და რა ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს ის ადამიანის ცხოვრებაში?

აკნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მინდა გითხრათ, რომ დერმატოლოგებს ყველაზე ხშირად სწორედ გამონაყარის გამო მიმართავენ. აკნე ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება. მოგეხსენებათ, კანში არის ცხიმოვანი ჯირკვლები და მათი ჰიპერპროდუქციის, ანუ ჭარბი რაოდენობით გამოყოფის შედეგად ხდება ანთებადი კერების განვითარება, ანუ აკნეს, გამონაყარის, განვითარება. ამ ყველაფრის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, კანის არასწორად მოვლა…

მოსახლეობას ძალიან ხშირად ჰგონია, რომ გამონაყარი, აკნე მხოლოდ თინეიჯერობის, გარდატეხის ასაკში ემართებათ, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან გვხდება მოგვიანებითი ფორმებიც, ანუ გვიანი აკნე. 40-50 წლის ასაკშიც ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე აკნეს გამონაყარი.

ჰორმონალური პრობლემების ალაგება, შეიძლება, რომ აკნეს საერთოდ გაქრობის წინაპირობა გახდეს?

როგორც უკვე აღვნიშნე, აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება, რომ ჰორმონალური დისბალანსი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება, აკნეს პრობლემას მოგვიგვარებს. აქ, პირველ რიგში, ჩართული უნდა იყოს დერმატოლოგი. როდესაც გამონაყარს შევამჩნევთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ დერმატოლოგს, რომ მან გამონაყარის მიზეზი დაადგინოს და პაციენტი შესაბამის ექიმთან გადაამისამართოს. მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთოს გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი…

რამდენად შესაძლებელია, რომ სახლის პირობებში, საკუთარი ძალებით, სხვადასხვა საცხებით მოვერიოთ აკნეს ისე, რომ ექიმის დახმარება არ დაგვჭირდეს?

პაციენტები ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე თვითნებურ მკურნალობას, რაც ძალიან არასწორია. მე გირჩევდით, რომ გამონაყარის შემჩნევისას, აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს, ამ შემთხვევაში, დერმატოლოგს, რომ დადგინდეს ზუსტი მიზეზი, თუ რის გამო არის გამონაყარი. არ მიმართოთ თვითმკურნალობას, რადგან საწყის ეტაპზე გამონაყარის მკურნალობა ძალიან მარტივია და შესაძლოა, რომ სპეციალისტის დახმარებით ის ძალიან მარტივად მოგვარდეს. არ არის სასურველი მეგობრის, მეზობლის, ფარმაცევტის რჩევით სხვადასხვა კრემების გამოყენება, რადგან ამ ყველაფერმა შეიძლება, მეორადი დაავადებები გამოიწვიოს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მეორადი დაავადებების განვითარება, დროულად მიმართეთ ექიმს. მკურნალობის მეთოდს დერმატოლოგი გადაწყვეტს.

ისევ აქტუალურია თუ არა სახის წმენდა, რა ეტაპზე, როდის არის რეკომენდებული აღნიშნული პროცედურის ჩატარება და წარმოადგენს თუ არა ის გამონაყარის პრევენციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას?

არა, პრევენციის საშუალებას არ წარმოადგენს. არასწორი მიდგომაა, რომ სახე აუცილებლად უნდა გავწმინდოთ. როცა სახეზე აქტიური გამონაყარია, წმენდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ ყველაფერმა შეიძლება, პირიქით, უფრო მეტი გამონაყარი მოგვცეს. უმჯობესია, დერმატოლოგმა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა სახის წმენდა და ა.შ. , თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითადად, სახის წმენდა რეკომენდებული არ არის.

არსებობს აკნეს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმა. რით განსხვავდება ეს სამი ფორმა ერთმანეთისგან?

მსუბუქ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს ღია და დახურული კომედონები, ასევე პაპულო-პუსტულოზური აკნე. მძიმე ფორმა ეს არის უკვე ცისტური და ნოდულარული აკნე, როდესაც არის ღრმა კვანძები, ღრმა ცისტები, რაც საკმაოდ ღრმა ნაწიბურებს ტოვებს კანზე და რასაც შემდგომ,  სერიოზული მკურნალობა სჭირდება. შესაბამისად, ჯობია, რომ როდესაც ერთი ელემენტი, პაპულა ან პუსტულა გაჩნდება კანზე, თავიდანვე მივმართოთ ექიმს და მოვახდინოთ ანთების კერების მოხსნა, რომ ჩვენი აკნე რთულ ფორმაში არ გადავიდეს. მძიმე ფორმების დროს უფრო სერიოზული მკურნალობა და თვეების განმავლობაში გარკვეული მედიკამენტების მიღება ხდება საჭირო.

სხეულის რა ნაწილები შეიძლება მოიცვას აკნემ და რას გულისხმობს თქვენს მიერ ზემოთ აღნიშნული მკურნალობის უფრო სერიოზული ფორმები?

აკნეს გამონაყარი ძირითადად სახის, გულ-მკერდის, ზურგის და მხრების მიდამოებში გვხვდება. გამონაყარი სახეზე ძირითადად შუბლის, ლოყების, ცხვირის არეში იჩენს თავს. ცისტური აკნე, რომელსაც საკმაოდ ღრმა კვანძები ახასიათებს, ძირითადად ზურგის არეში გვხვდება, თუმცა, რა თქმა უნდა, გვხვდება სახის მიდამოშიც.

რაც შეეხება მკურნალობას, ის სხვადასხვა ფაქტორებს მოიცავს. მსუბუქი აკნეს დროს, შესაძლოა, რომ მხოლოდ ადგილობრივი საშუალებები, ანუ კრემები იყოს დანიშნული. რა თქმა უნდა, კანის სწორ მოვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღის განმავლობაში იმდენად ბევრი მტვერი ედება ჩვენს კანს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სათანადო გასუფთავება. სახეზე უნდა დავიტანოთ არაკომედოგენური და არა პარფიუმის შემცველი საცხები. მედიკამენტები აკნეს ფორმის მიხედვით ინიშნება.

საშუალო და მძიმე ფორმების დროს, შეიძლება, მკურნალობაში ჩართული იყოს ლაზერული პროცედურები. მძიმე ფორმის დროს უკვე ერთვება იზოტრეტინოინი. მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, საქართველოში, ადამიანები ხშირად თვითნებურად ყიდულობენ ამ იზოტრეტინოინს, რომელიც საკმაოდ მძიმე პრეპარატია და ყველა ფორმის აკნეს დროს არ ინიშნება. აღნიშნული მედიკამენტის დანიშვნა მხოლოდ დერმატოლოგის მიერ უნდა მოხდეს, რადგან, გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატი საკმაოდ მძიმეა, ბევრი უკუჩვენება ახასიათებს, ჩვენ დერმატოლოგებს კი პაციენტები მუდმივი კონტროლის და სკრინინგის ქვეშ გვყავს. პრეპარატის გამოყენების დროს კეთდება სხვადასხვა გამოკვლევები და პაციენტი მუდმივ კონტაქტზეა ექიმთან.

რა რეკომენდაციებს მისცემდით აკნესკენ მიდრეკილ ადამიანებს?

ხშირია ხოლმე, რომ გამონაყარი ალაგების შემდეგ, პაციენტები თამამდებიან და გადადიან სტანდარტულ მოვლის საშუალებებზე. როდესაც ვიცით, რომ აკნესკენ მიდრეკილი კანი გვაქვს, უკეთესია, თუ შევინარჩუნებთ იმ მოვლის სქემას, რომელიც დერმატოლოგმა გაგვიწერა. უნდა გამოვიყენოთ არა პარფიუმის შემცველი, არაკომედოგენური საშუალებები. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. მზისგან დამცავი უნდა გამოვიყენოთ ყოველ დილით და აუცილებლად უნდა განვაახლოთ 2-3 საათში ერთხელ.

რა ტიპის წარმონაქმნები შეიძლება გაჩნდეს სახეზე და რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ყველაფერი?

წარმონაქმნები არა მარტო სახეზე, არამედ სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე შეიძლება, რომ გაჩნდეს. ეს შეიძლება იყოს ვირუსული პაპილომები, სებორეული კერატომები, დერმატო ფიბრომები, ანგიოკერატომები, ჰემანგიომები.

ვირუსული პაპილომები ძალიან ხშირია. ის შესაძლოა გაჩნდეს თვალის, სახის, ყელის, კისრის, გულ-მკერდის, იღლიის მიდამოში, საზარდულის არეში. ის ძირითადად ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობასაც. თვითონ პაპილომა მოთეთრო-მოვარდისფრო შეფერილობისაა.

ყურადღება მინდა გავამახვილო სებორეულ კერატომებზეც. ესეც კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია. ისიც სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე გვხვდება. ამ დროსაც მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა. მისი მოშორება კი სხვადასხვა მეთოდებით ხდება. პაციენტებს ხშირად ეშინიათ აღნიშნული წარმონაქმნების, ჰგონიათ, რომ ავთვისებიანია და სანამ მთელ სხეულზე არ მოედებათ, ექიმს არ აკითხავენ ხოლმე. ბუნებრივია, რომ უმჯობესია წარმონაქმნების მოშორება თავიდანვე მოხდეს. მათი მოშორება შეიძლება მოხდეს ცივი პლაზმით, ლაზერული მკურნალობით, კრიოდესტრუქციით. ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფრთხო, უმტკივნეულოა და არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

თქვენს მიერ ჩამოთვლილი მოშორების რომელი მეთოდია იდეალური?

ცივი პლაზმით მოშორება არის იდეალური, რადგან ამ დროს არ ზიანდება საღი კანი და უშუალოდ წარმონაქმნების მოშორება ხდება.

სებორეული კერატომების დროს მნიშვნელოვანი პროცედურაა აზოტით მოყინვაც.

რაც შეეხება ანგიოკერატომებს და ჰემანგიომებს, მათ შემთხვევაში, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ აქვთ წითელი ხალები. ე.წ. წითელი ხალები აბსოლუტურად უსაფრთხოა, უბრალოდ, სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც უმჯობესია, მოშორდეს, რადგან ისინი ზომაში იზრდებიან და შესაძლოა, რომ შემდგომ სისხლმდენები იყვნენ. მათი მოშორება ლაზერული პროცედურებით არის რეკომენდებული. პროცედურა არ საჭიროებს არც გაყუჩებას და არც შემდგომ რეაბილიტაციას.

თუ ჰემანგიომა სახეზე გვაქვს, შეიძლება, რომ IPL-ს პროცედურით მოვაშოროთ. თუ წარმონაქმნი პატარაა, მისი მოშორება ძალიან მარტივად, ერთ პროცედურაში ხდება. დიდი ზომის წარმონაქმნების შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე პროცედურა იყოს საჭირო.

შესაძლოა თუ არა, რომ ადამიანმა თავად მოახდინოს იდენტიფიცირება საშიშია თუ არა წანაზარდი და საჭიროებს თუ არა ის ექიმთან სასწრაფოდ ვიზიტს?

თუ საღ კანზე მოულოდნელად გაჩნდა რაიმე წანაზარდი, შეიცვალა ფერი, ფორმა, ზომა, გახდა უხეში ზედაპირის, ამ შემთხვევაში, შესაძლოა გარკვეული დიფერენცირება თავად პაციენტმაც მოახდინოს. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ დროულად მივმართავთ დერმატოლოგს.

ჩვენ, დერმატოლოგები დიფერენცირებისთვის ძალიან მარტივ მეთოდს, დერმატოსკოპიულ კვლევას ვიყენებთ. მისი მეშვეობით ძალიან მარტივად ვიგებთ, წარმონაქმნი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი და პაციენტს შესაბამისად ვამისამართებთ სპეციალისტთან. აღნიშნული კვლევა იდეალური გამოსავალია.

პაციენტები ექიმის კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის გარდა, ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ კლინიკაში არსებულ სხვადასხვა სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო აპარატებსაც. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აპარატებს?

ჩვენთვის, დერმატოლოგებისთვის აპარატებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი, სერტიფიცირებული აპარატებით შეგვიძლია მშვიდად ვიმუშაოთ, რადგან ადამიანის ყველაზე დიდ ორგანოსთან, კანთან გვაქვს შეხება. მით უმეტეს, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო სახის კანთან შეხებისას. პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან აპარატს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები