LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვი სვამს ბევრ წყალს, ჩამორჩება ან უსწრებს სიმაღლით თანატოლებს, სწრაფად იმატებს წონაში – ენდოკრინოლოგ ანჟელიკა ქარდავას რჩევები მშობლებს

1471
ანჟელიკა-ქარდავა

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგი, კლინიკის „მედჯი“ ექიმი, ბავშვთა ენდოკრინოლოგთა ევროპის ასოციაციის წევრი – ანჟელიკა ქარდავა სტუმრობდა, რომელმაც სქესობრივ მომწიფებაზე, გარდატეხის ასაკზე, ზრდის ჩამორჩენაზე, ჭარბ წონაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

რა დროს და ცხოვრების რა ეტაპზე, რა სიმპტომების შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს მოზარდს ენდოკრინოლოგთან ვიზიტი?

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ენდოკრინოლოგია ეს არის მეცნიერება ჰორმონების შესახებ. ჰორმონები ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა ქიმიურ პროცესებში მონაწილეობენ. მათი მეშვეობით ხდება ძილ-ღვიძილის რეჟიმის კონტროლი, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბება, გლუკოზის მეტაბოლიზმი და ა.შ. შესაბამისად, დარღვევების მიხედვით, სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.

ყველაზე ხშირი ენდოკრინული დაავადება ეს არის დიაბეტი, რომლის დამახასიათებელი სიმპტომიც არის გახშირებული წყლის სმა, გახშირებული შარდვა, პირის სიმშრალე, თუმცა სხვა ენდოკრინული დაავადებების სიმპტომებს თუ დავამატებთ, შეიძლება იყოს ოფლიანობა, საერთო სისუსტე, წონის სწრაფი კლება ან მატება, ძვლების ტკივილი, დაღლილობა, კუნთოვანი სისუსტე და ა.შ. შესაბამისად მრავალი ისეთი სიმპტომია, რის გამოც პაციენტი სხვადასხვა ექიმს აკითხავს და საბოლოოდ ხვდება ენდოკრინოლოგთან.

როდის უნდა დაიწყოს მშობელმა ფიქრი იმაზე, რომ ბავშვს სქესობრივი მომწიფების ეტაპი ეწყება?

რა თქმა უნდა, სქესობრივი მომწიფება ანუ პუბერტატი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ბავშვთა ასაკიდან მოზრდილთა ასაკში გადავდივართ და ამ დროს, ხშირია ხოლმე დარღვევები.

სქესობრივი მომწიფება გოგონათა შემთხვევაში 8 წლის ასაკიდან ვლინდება და სრულდება, 13 წლის ასაკში.  8 წლამდე სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება, ნაადრევ სასქესო მომწიფებად ითვლება.

რაც შეეხებათ ვაჟებს, მათ შემთხვევაში სქესობრივი მომწიფება 9 წლის ასაკიდან იწყება და 14 წლისთვის სრულდება. შესაბამისად, ვაჟთა ასაკში , 1 წლის მოგვიანებით იწყება სასქესო ნიშნების გამოვლინება. 9 წელზე ადრე დაწყებული ცვლილებები, ნაადრევ სქესობრივ მომწიფებად ითვლება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ნიშნებზე. გოგონებში სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანი მკერდის, ანუ სარძევე ჯირკვლის განვითარებაა. ამას შემდგომ მოსდევს თმიანობის განვითარება ბოქვენისა და იღლიის არეში. რა თქმა უნდა, ამას თან სდევს კიდევ სხვა მრავალი ცვლილება, მაგალითად, ხასიათის, სხეულის ფორმების… საბოლოოდ კი სრულდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება .

ბიჭებში სქესობრივი მომწიფების პირველ ნიშანი სათესლე ჯირკვლების მოცულობის ზრდაა, რასაც თან ახლავს სათესლე პარკის ფერის, ზომის და სტრუქტურის ცვლილება, ასევე სასქესო ასოს ზრდა. ამ ყველაფერს მოსდევს ბოქვენზე, იღლიის არეში და სახეზე თმიანობა, კუნთოვანი მასის და ტონუსის ზრდა და ხმის ტემბრის ცვლილება. ამ ყველაფერს თან სდევს ხასიათის ცვლილებებიც.

თუ თქვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ ასაკებზე ერთი წლით ადრე ან ერთი წლით გვიან იწყება სქესობრივი მომწიფება, ეს ნაადრევ ან დაგვიანებულ მომწიფებას ნიშნავს?

თუ სასქესო ნიშნების ნაადრევად გამოვლენას შევამჩნევთ, უნდა მივაკითხოთ ენდოკრინოლოგს, რომ მან შეაფასოს სიტუაცია სწორად, რადგან არა მხოლოდ ამ ნიშნების დაწყება, არამედ მათი განვითარების სიჩქარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, მკერდის განვითარებიდან 3-4 თვეში უნდა დაიწყოს თმიანობის განვითარება, ასევე მნიშვნელოვანია მკერდის განვითარების ხარისხიც. ჩვენ გვაქვს ტანერის შკალა, რის მიხედვითაც ვაფასებთ  სქესობრივ განვითარებას და აუცილებელია, რომ ბავშვი ამ შკალას მიყვებოდეს. არ შეიძლება, რომ სადღაც 3-6 თვეში უკვე დაასრულოს მკერდმა და სარძევე ჯირკვალმა განვითარება. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამასაც დავაკვირდეთ. ამიტომ ვურჩევ ყველა მშობელს, რომ თუ რომელიმე ნიშანს შენიშნავს, ენდოკრინოლოგს მიმართოს. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, პირველ რიგში იღლიის და ბოქვენის არეში თმიანობის დაწყება იყოს და შემდეგ იყოს მკერდის განვითარება, რაც ასევე დარღვევად ითვლება. 

რაც შეეხება სქესობრივი განვითარების დაგვიანებას, რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება იყოს რაღაც დაავადებებით განპირობებული  ან შეიძლება, ეს იყოს კონსტიტუციური. კონსტიტუცია გულისხმობს, რომ თავის დროზე, ოჯახის წევრებსაც გვიან დაეწყოთ სქესობრივი განვითარება.  ამისთვის ძალიან მარტივი შეგვიძლია  ვკითხოთ  მშობელს ყოველთვის ბოლო რიგში იდგა თუ არა ფიზკულტურის გაკვეთილზე, სხვა თანაკლასელ ვაჟებთან შედარებით, გვიან ამოუვიდა თუ არა თმები და ა.შ.

14 წლამდე ვაჟების შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენები არცერთი სასქესო ნიშანი არ არის, აუცილებლად მიაკითხეთ ენდოკრინოლოგს. არ დაიცადოთ, რადგან ექიმთან დროული ვიზიტი, დროული მკურნალობა და მეთვალყურეობა აუცილებელია. სამწუხაროდ, დღესდღეობითაც, ისე ხდება, რომ უმეტესად ნათესავებს, ახლობლებს ვეკითხებით რჩევას.

გოგოების მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდის დაწყებამდე, ბავშვებს ხშირად უვითარდებათ გულყრები, ეს ნორმალურია თუ აქაც რაიმე გადაცდენასთან გვაქვს საქმე?

საერთოდ, დადგენილია, რომ გარდატეხის ასაკში იწყება ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გულის აჩქარება, გულის სხვადასხვა დაავადებები. ამ გარდატეხის ასაკს, ამ ჰორმონულ დისბალანსს, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს, სხვადასხვა სიმპტომები ახლავს თან. შესაბამისად, შეიძლება იყოს ნევროლოგიური და სხვადასხვა სიმპტომები, რაც დამახასიათებელია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თვითნებურად არ უნდა მივაწეროთ გარდატეხის ასაკს და აუცილებლად უნდა მივაკითხოთ შესაბამისს ექიმს, რომ სხვა ყველანაირი დაავადება გამოვრიცხოთ.

როდის არის საშიში ჭარბი წონა და ყოველთვის საყურადღებოა თუ არა ის?

ჭარბი წონა ეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. მსოფლიო მოსახლეობის ბავშვთა 8% უკვე ჭარბი წონის მქონედ და მსუქნად ითვლება.

ჭარბი წონა იწვევს მრავალ პრობლემას, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, წნევას, დიაბეტს, მეტაბოლურ სინდრომს, ღვიძლის გაცხიმოვნებას, დისლიპიდემიას, ძვალსახსროვანი სისტემის და რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს, რა თქმა უნდა, აღნიშნული ბავშვთა ასაკში არ იჩენს თავს, მაგრამ თუ ბავშვთა ასაკში არ გაკონტროლდა ჭარბი წონა, მოზრდილთა ასაკში უკვე მივდივართ ამ პრობლემასთან. რა თქმა უნდა, არსებობს გენეტიკური, ქრომოსომური დაავადებები, მაგრამ ძირითადი მიზეზი, თუნდაც ჩემს საექიმო პრაქტიკაში, გახლავთ არასწორი კვება, არაჯანსაღი საკვები, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. 

საკვები ჩვენი ენერგიის წყაროა. თუ ფიზიკური აქტივობის შესაბამის კალორიას ვიღებთ, ვინარჩუნებთ წონას. თუ საკვები ამეტებს ჩვენს ფიზიკურ აქტივობას, მაშინ გვაქვს წონაში მატება. სამწუხაროდ, იმ პროდუქტებს, რაც დღესდღეობით ბაზარზეა, ვგულისხმობ, მზა, მარტივად მოსამზადებელ, არაჯანსაღ საკვებს, რომლებიც დიდი რაოდენობის კალორიით არის დატვირთული, ორგანიზმში დიდი რაოდენით ცხიმების დაგროვებამდე მივყავართ.

კავშირშია თუ არა ბავშვთა ასაკში ბევრი ტკბილეულის მიღება, შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან?

დღეისათვის, პირდაპირი კავშირი და დაზუსტებული პასუხი იმის შესახებ, რომ ტკბილეულის მიღება დიაბეტს იწვევს, არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ეს მაპროვოცირებელი ფაქტორია, არა ტიპი ერთი, არამედ ტიპი ორი დიაბეტის შემთხვევაში. დღეისათვის, ბავშვთა ასაკში მომრავლდა მოდის ტიპის დიაბეტი, ანუ მოზრდილთა ტიპის დიაბეტი. ის ტიპ ორს ჰგავს, მაგრამ ბავშვთა ასაკში ვლინდება. შესაბამისად, უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მარტივი ნახშირწყლები, ანუ ტკბილეული, გაზიანი სასმელები, მზა საკვები, შეიცავს არა მხოლოდ მარტივ ნახშირწყლებს, არამედ სხვადასხვა კონსერვანტებს, დანამატებს, რომლებიც შეიძლება, რომ დიაბეტის და დაავადების დაწყების მაპროვოცირებელი ფაქტორები იყვნენ.

როგორც აღნიშნეთ, დიაბეტის გამოვლენის ერთ-ერთი მთავარი პირობა დაუოკებელი წყურვილი და გახშირებული შარდვაა. როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა ბავშვი ძალიან დიდი რაოდენობით წყალს იღებს თუ საქმე უბრალოდ წყლის სიყვარულთან გვაქვს?

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზმის სამი მეოთხედი წყლისგან შედგება და ის უამრავ ქიმიურ პროცესში მონაწილეობს. შესაბამისად, წყლის მიღება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ დოზირებულად.

წყალზე მოთხოვნილება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული, მაგალითად, გარემოს ტემპერატურაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, მიღებულ საკვებზე და ა.შ. ნორმალურ პირობებში წლამდე ასაკის ბავშვმა ერთ ლიტრამდე წყალი უნდა მიიღოს, 1-დან 9 წლამდე დაახლოებით ლიტრა ნახევარი, ხოლო უკვე ცხრა წლიდან ორი ან ორ ლიტრა ნახევარი. რა საკვირველია, ფიზიკურ აქტივობასთან და კვებასთან ერთად, მიღებული წყლის რაოდენობაც შეიძლება გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ და დავთვალოთ არა მხოლოდ მიღებული წყლის რაოდენობა, არამედ გამოყოფილი წყლის რაოდენობაც.

ამ ბოლო დროს, ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ლამაზი ბოთლები, ჭიქები და ბავშვებს ძალიან უყვართ ხოლმე ასეთი ჭურჭლიდან დალევა, რის გამოც ხშირად სვამენ წყალს, თუმცა ცოტ-ცოტას. მშობელს კი, ამ დროს, ჰგონია, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით წყალს იღებს. შესაბამისად,  მშობლებს ვურჩევდი, დააკვირდნენ მიღებული წყლის რაოდენობას და არა სიხშირეს. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი 2 ლიტრ ნახევარზე მეტ წყალს იღებს, უნდა მიმართოთ ექიმს, რომ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი დაავადებები.

როგორ გავზომოთ გამოყოფილი სითხის რაოდენობა?

ყოველი მოშარდული სითხე უნდა ავწონოთ, გავზომოთ. შარდი უნდა მოვათავსოთ რაიმე ბოთლში, ქილაში და ასე გამოვთვალოთ.

დიაბეტთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია გამოყოფილი შარდის რაოდენობა და არა მოშარდვის სიხშირე. სიხშირე ძირითადად ინფექციურ დაავადებებთან არის დაკავშირებული, რასაც როგორც წესი თან ახლავს ხოლმე წვის შეგრძნებაც და ამ დროს ეჭვი ძირითადად თირკმლის, შარდის ბუშტის დაავადებებზე, ცისტიტებზე გვაქვს.

შესაძლოა, რომ ბავშვებში მხოლოდ ამ ორი ძირითადი სიმპტომით, გახშირებული შარდვა და წყალზე დიდი მოთხოვნილება, გვქონდეს დიაბეტი ბავშვებში და სხვა რაიმე დამატებითი სიმპტომი არ იყოს გამოხატული?

წყლის მიღება და გამოყოფა შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც შაქრიან დიაბეტთან, ისე უშაქროსთან, ამიტომაც, რა თქმა უნდა, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეს ყველაფერი, ამისთვის კი უნდა მივმართოთ სპეციალისტს და ჩავიტაროთ კვლევები. უნდა გავაკონტროლოთ გლუკოზა და პირველ რიგში, უნდა გამოვრიცხოთ ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადება, ტიპი ერთი დიაბეტი.

მინდა გკითხოთ ზრდაში შეფერხებაზე, რატომ შეიძლება, რომ ბავშვი თავისი ასაკის ბავშვებს ვერ ეწეოდეს სიმაღლით, მართლა საყურადღებოა თუ არა ეს მომენტი და კავშირშია თუ არა მშობლების სიმაღლესთან, ზრდაში შეფერხებისას უნდა ვესტუმროთ ექიმს თუ უბრალოდ უნდა დავიცადოთ?

სიმაღლეში ზრდა გენეტიკურად დეტერმინირებულია, შესაბამისად, ჩვენი მშობლების და წინაპრების სიმაღლე განსაზღვრავს ჩვენს სიმაღლეს. ბავშვის საბოლოო სიმაღლე რომ გავიგოთ ფორმულით, ამისთვის აუცილებელია, რომ მშობლების სიმაღლე გამოვიყენოთ. არსებობს სპეციალური პერცენტილური მრუდები, რომლებიც მოიცავს ბავშვთა ასაკს, სიმაღლეს, წონას, სხეულის მასას, თავის გარშემოწერილობას და ამ ყველაფერს ვიყენებთ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ბავშვის განვითარება, არა მხოლოდ სიმაღლის, არამედ წონის და ა.შ. მიხედვით. შესაბამისად, ამ მრუდების გამოყენებას უნდა იწყებდეთ დაბადებამდე, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდიდან. წლამდე, წელიწადში სამჯერ უნდა განვსაზღვროთ ეს ყველაფერი, ერთიდან სამ წლამდე – წელიწადში ორჯერ ან ოთხჯერ, ოთხი წლიდან კი წელიწადში ორჯერ.

როდესაც სიმაღლესთან გვაქვს პრობლემა, ყოველთვის კარგია, თუ წინა მონაცემები გვაქვს, რადგან მნიშვნელოვანია ზრდის ტემპი, ანუ გაჩერდა თუ ის ყოველთვის ნელა მოდიოდა. უნდა ვიცოდეთ, წელიწადში რამდენს იმატებდა. მაგალითად, 4 წლიდან პუბერტატულ ასაკამდე, ბავშვი წელიწადში 4-5 სანტიმეტრით უნდა იზრდებოდეს. პუბერტატის ასაკში უფრო ინტენსიურია ზრდა და 8-9 სანტიმეტრიც კი შეიძლება იყოს. შესაბამისად, კარგი იქნება პედიატრთან ვიზიტისას, ყოველთვის ჩავინიშნოთ სიმაღლე და წონა.

როგორც უკვე ვთქვით, ბავშვის საბოლოო სიმაღლესთან მიმართებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიმაღლეს. ბავშვის სიმაღლის გამოსათვლელად ძალიან მარტივი ფორმულა არსებობს და ის შემდეგნაირია… ბიჭების შემთხვევაში, ორივე მშობლის სიმაღლეს ვუმატებთ ერთმანეთს, ვყოფთ ორზე და მიღებულ შედეგს ვამატებთ 6.5-ს. ეს არის საბოლოო სიმაღლე, სადამდეც უნდა გაიზარდოს ბავშვი. რა თქმა უნდა, საბოლოოდ შესაძლოა გვქონდეს პლუს-მინუს 5 სანტიმეტრი. გოგონების შემთხვევაშიც ანალოგიურად, მშობლების სიმაღლეს ვუმატებთ ერთმანეთს და ვყოფთ ორზე, ოღონდ ამ შემთხვევაში 6.5 სანტიმეტრს ვაკლებთ.

თუ თქვენი შვილი ჩამოსცდება თანატოლებს, თუ ბოლო რიგში დგას ფიზკულტურის გაკვეთილზე, თუ ვხედავთ, რომ თანატოლებთან შედარებით სიმაღლეში მკვეთრად ჩამორჩება  გირჩევთ, რომ დროულად მიაკითხოთ სპეციალისტს, ენდოკრინოლოგს. რაც უფრო ნაადრევად მოხდება პრობლემის, მაგალითად, ჰორმონების დეფიციტის აღმოჩენა, უმჯობესია, რადგან არსებობს ზრდის ჰორმონი, რომელიც სწორედ ზრდაში მონაწილეობს და შესაძლოა სწორედ მისი დეფიციტი იყოს  პრობლემა .შესაძლოა იყოს სხვა გენეტიკური დაავადებების პრობლემა, რომელთაც სხვადასხვა ფენოტიპური ცვლილებები, სხვადასხვა სიმპტომები ახლავთ. ასევე, არსებობს ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, მაგალითად, აქონდროპლაზია. შესაბამისად, ჯობია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს, რადგან ხშირად ხდება, რომ ვიზიტზე მოჰყავთ 14-15 წლის მოზარდები, რომელთაც უკვე დაასრულეს სქესობრივი მომწიფება და შესაბამისად, მათთან თუნდაც აღმოვაჩინოთ დეფიციტი, უკვე აღარ არის ზრდის ტემპი და ტენდენცია ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

მტევნის კვლევაზე რომ ვისაუბროთ, გვაძლევს თუ არა ის 100 %-იან პასუხს, ზრდაში ჩამორჩენასთან დაკავშირებით?

სიმაღლეში შეფერხებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები გაქვს, მაგალითად, სისხლის ანალიზი, ზრდის ჰორმონის კვლევა…

მნიშვნელოვანია ძვლოვანი ასაკი, რომელსაც ხელზე რენტგენის გადაღებით განვსაზღვრავთ. ეს არის პირდაპირი მიმართება. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, საპასპორტო ასაკი და ბიოლოგიური ასაკი, ანუ რამდენად შევესაბამებით ჩვენს განვითარებას. რა თქმა უნდა, ძვლოვანი ასაკი უფრო ზუსტია, ვიდრე საპასპორტო ასაკი. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სიმაღლე და შემდეგ დავიწყოთ კვლევა. თავიდან მაინც ძვლოვანი ასაკის შემოწმებით ვიწყებთ, რომ გავიგოთ ჩამორჩენა გვაქვს თუ წინსწრება. ხშირად ეშინიათ ხოლმე, როდესაც ჩამორჩენას ხედავენ, მაგრამ მინდა, დავამშვიდო მშობლები, რადგან ზრდის ტენდენციისთვის, ეს, პირიქით, წინსწრებაზე უკეთესია.

შესაძლოა, ეს კვლევა 100 %-იანი არ იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ, საკმაოდ მაღალი სენსიტიურობა და სპეციფიკურობა  ახასიათებს და მთელს მსოფლიოში ძალიან ხშირად გამოყენებადია.

ბავშვებში არსებული კიდევ ერთი პრობლემა ჭარბოფლიანობაა. მართალია თუ არა, რომ ამ დროს, პირველ რიგში, ფარისებრი ჰორმონების და D3 ვიტამინის კვლევა უნდა ჩავატაროთ?

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს პირველადი კვლევები არ იყოს, მაგრამ როდესაც პედიატრი სხვა დაავადებებს გამორიცხავს, კარგი იქნება, თუ D3 ვიტამინს, ფარისებრ ჰორმონებს გამოვიკვლევთ. ფარისებრი ჰორმონების გამოკვლევა კარგი იქნება, არა მხოლოდ ოფლიანობის, არამედ სხვა სიმპტომების დროსაც, მაგალითად, დაღლილობისას, ბავშვის სწავლაში ჩამორჩენისას, რადგან აღნიშნული ჰორმონი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თუ გვაქვს წონის მატების ან კლების პრობლემა. ზოგადად, კარგი იქნება თუ ფარისებრ ჯირკვალს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოვიკვლევთ.

D3 ვიტამინს ახასიათებს არა მხოლოდ ოფლიანობა, არამედ სისუსტე, დაღლილობა, ხშირი ავადობა, რადგან ის იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაშიც. ზრდის შეფერხების შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ D3 ვიტამინის ნაკლებობა ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრობლემა იყოს მიზეზი.

თუ არ არის D3 ვიტამინის ნაკლებობა, მაინც არის რაიმე საპროფილაქტიკო დოზა, რომელიც ბავშვმა შეიძლება მიიღოს?

დღეისათვის, გაიდლაინით მოწოდებულია, რომ აუცილებლად ყველამ, ბავშვმა, მოზარდმა, ზრდასრულმა უნდა მივიღოთ D ვიტამინი, რადგან ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უმრავლესობა შენობებში ვართ, არ ვატარებთ დროს გარეთ, შესაბამისად, მზეზე ჩვენი ყოფნა, ძალიან შემცირდა. შესაბამისად, D ვიტამინი აუცილებლად ინიშნება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. როცა მზე ნაკლებად ანათებს, ენდოკრინოლოგები ყველას ვურჩევთ, რომ პროფილაქტიკური დოზა მიიღონ. რა თქმა უნდა, თუ გვაქვს ოფლიანობა, დაღლილობა, კუნთების და ძვლების ტკივილი, ძვლების ხშირი მოტეხილობა, ეს შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული.

რას ურჩევდით მშობლებს, თუ მათი ბავშვები მათთვის საჭირო და აუცილებელ საკვებს არ მიირთმევენ?

პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ არაჯანსაღი საკვების პრევენცია. შეგვიძლია, ტკბილეულის ნაცვლად ხილი შევთავაზოთ ბავშვს. არ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა ერთბაშად, დიდი რაოდენობით მიირთვას, ჩვენს მიერ მიწოდებული პროდუქტი, იქნება ეს ბანანი, ვაშლი, ფორთოხალი თუ სხვა. მცირე რაოდენობით მივართვათ სხვადასხვა სეზონური ხილი. ასევე, შეგიძლიათ, სახლში დაამზადოთ ტკბილეული, მაგალითად, იოგურტს კი ნუ შეიძენთ, არამედ მაწვნით და ხილით გააკეთეთ, რადგან ეს უფრო სასარგებლოა. ხშირია, დროის უქონლობაც, რომ ოჯახმა ოჯახურად ისადილოს, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია.

ვთხოვ მშობლებს ეკრანთან ყოფნის დრო მაქსიმალურად შეამცირონ, რომ კვება ხდებოდეს მაგიდასთან, რომ ბავშვებმა უფროსებისგან გადაიღონ კვების სტილი. თუ კვების რაიმე სერიოზული პრობლემა გვაქვს და ვხედავთ, რომ პატარ-პატარა ხრიკები არ გვშველის, საქმეში აუცილებლად ჩავრთოთ კვების ფსიქოლოგი ან ნუტრიციოლოგი, რომ გვასწავლონ, როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ჯანსაღ კვებას.