რა ძირითადი პრეტენზიებით მიმართავენ ეროვნულ ბანკს ბანკებთან მიმართებაში მომხმარებლები – გადაცემის „სახალხო პლატფორმა“ სტუმარია ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების ხელმძღვანელი ლაშა გზირიშვილი.
რა ძირითადი მანდატი აქვს მომხმარებელთა მიმართებაში ეროვნულ ბანკს?
საფინანსო კუთხით მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეროვნული ბანკისთვის. გამოვყოფ მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს, რომელიც არეგულირებს ინფორმირებულობას, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ბანკმა, მიკროსაფინასო ორგანიზაციამ, სესხის გამცემმა სუბიექტმა მას უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტის შესახებ. ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომაც და ა.შ.
დაწესებულია გარკვეული სტანდარტი ხელშეკრულებასთან მიმართებაში. უნდა იყოს თავსართი, სადაც თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მომხმარებელს სჭირდება. ნებისმიერ მომხმარებელს თუ კი აქვს უკმაყოფილება, შეუძლია დააფიქსიროს პრეტენზია ეროვნულ ბანკთან ცხელი ხაზის მეშვეობით.
ბანკებთან მიმართებაში თუ არსებობს ეთიკის კოდექსი?
კონკრეტული მოთხოვნებია ბანკების მიმართაც, არსებობს სესხის ამოღების კოდექსი, როგორი უნდა იყოს მომხმარებელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შორის ურთიერთობა, არ იყოს მომხმარებლის დაშინება, ზეწოლა, ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.
ძირითადად რა ტიპის პრეტენზიები შემოდის ეროვნულ ბანკში?
ჩვენთან დაკავშირების არხები არ იზღუდება, იმავეს ვავალებთ ფინანსურ ორგანიზაციებსაც. როდესაც პრეტენზია დაფიქსირდება, ხდება ინფორმაციის მოკვლევა ფინანსურ ორგანიზაციასთან, განხილვა და რეაგირება. ძირითადი პრეტენზიები დაყოფილია ხასიათის, შინაარსის და პროდუქტების მიხედვით. ყველაზე მეტი პრეტენზიები ეხება ტრანზაქციების თემას, ასევე სესხზე დარიცხულ პროცენტს, ჯარიმას და ა.შ.
საფუძვლიანი პრეტენზიების პროცენტული რაოდენობა 20%-ს შეადგენს.