სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით 17 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის რიგით მე-11 ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს ემთხვევა და იგი ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეებში ინფორმაციის გაცვლასა და სექტორში არსებული სიახლეების გაცნობას.
ფორუმის ფინალური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენაა.
7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციის ფინალისტები არიან: „დედიკო“, „ლიდერი“ და „ტენე“.
17 ნოემბერს კი სამი ნომინანტიდან ერთი ფარული კენჭისყრის გზით გამოვლინდება.
„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად მარიამ დევრისაშვილი – სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერი საუბრობს.
– მარიამ პირველ რიგში გვიამბეთ, როგორ მიდის ფორუმისთვის მზადება. ჩვენ ორი ფინალისტი უკვე გვყავდა ეთერში. მესამესაც მალე ვუმასპინძლებთ. მანამდე კი ორგანიზატორებს მინდა გკითხოთ, როგორ მიდის მზადება. რით იქნება წლევანდელი ფორუმი გამორჩეული. ჩვენ შარშანაც დავუთმეთ ამ ფორუმს ეთერი და წელსაც არ დავაკლებთ ყურადღებას..
– უკვე ვიცით, სად ჩატარდება ჩვენი სოციალური მეწარმეობის რიგით მე-11 ფორუმი. მზადება აქტიურ ფაზაშია. ჩატარების ადგილად შევარჩიეთ „აქსის თაუერსში“ მდებარე პულმანის სივრცე.
შარშანდელი ღონისძიებისგან განსხვავებით წელს ფორმატი იქნება ფიზიკურ სივრცეში, რაც ძალიან გვახარებს. შარშან მოგვიწია კოვიდრეალობიდან გამომდინარე, ღონისძიება ყოფილიყო ჰიბრიდულ ფორმატში. ფორუმის ფიზიკურ სივრცეში ჩატარება ორგანიზატორებს ძალიან გვახარებს.
სასიხარულოა, რომ მზადებით პროცესში მარტო რომ არ ვართ და ვიკრებთ, რაც შეიძლება მეტ თანამოაზრეებს- როგორც ბიზნესის მხრიდან, ასე საჯაროდ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
ზოგადად ფორუმის ერთ-ერთი მიზანია, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერები ერთ სივრცეში შეკრიბოს და ალიანსი ამისთვის აქტიურად მუშაობს. ძალიან გვახარებს, რომ ფორუმს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი ბიზნესიდან, რომლებიც შარშანაც გვიჭერდნენ მხარს და წელსაც აგრძელებენ ჩვენთან პარტნიორობას ამ მიმართულებით.
– სამი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. რა კრიტერიუმებით შეარჩია ჟიურიმ ფინალისტები?
– ვცდილობთ, ჟიური დაკომპლექტებული იყოს მრავალფეროვანი წევრებისგან, იყვნენ როგორც ბიზნესის წრიდან, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
წელს გვყავდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიც, ეს ფაქტი პროცესს უფრო გამჭვირვალეს ხდის.
გამარჯვებისთვის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, არსებობს. მნიშვნელოვანია ეკონომიკური მაჩვენებლები, რა შედეგზე გადის სოციალური საწარმო წლის განმავლობაში.
აუცილებელია, რომ საწარმო ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი, რომ ეკონომიკური შედეგები მეტ-ნაკლებად გვქონდეს.
მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტი.
რა სოციალური მისია აქვს საწარმოს და რას აკეთებს იმისთვის, რომ თავისი სოციალური საწარმოს შესახებ ცნობადობა გაზარდოს და მეტ ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია.
სოციალური საწარმეობა საქართველოში ახალი ხილია და სოციალური მეწარმეები უნდა ცდილობდნენ, რომ უფრო მეტ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია კონცეფციის შესახებ.
შესაბამისად ჩვენმა ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება და ფინალში გვეყოლებიან „დედიკო“, „ლიდერი“ და „ტენე“. 17 ნოემბერს, ღონისძიების ფინალურ მომენტში დამსწრე საზოგადოება ფარული კენჭისყრის გზით გადაწყვეტს ამ სამიდან რომელი გახდება წლის სოციალური საწარმოს ტიტულის მფლობელი.
– ჯილდო და პრიზი არის გათვალისწინებული, თუ გამარჯვება მხოლოდ სახელია, რომელსაც ატარებს საწარმო.
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ტიტულია მათთვის, რადგან თვითონ სოციალურ საწარმოებს ანიჭებს პრივილეგიას და უფრო მეტ განვითარებას. თუმცა ვცდილობთ ხოლმე, რომ ფულადი დაინტერესებაც ჰქონდეთ საწარმოებს.
შარშან საკმაოდ ბევრი ბიზნესი უჭერდა მხარს სოციალურ საწარმოებს და გამარჯვებულმა ფულადი ჯილდოც მიიღო. წელსაც ანალოგიური პრინციპი შენარჩუნდება.
– ანუ პრიზიც იქნება, გარდა სახელისა. ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფორუმებს?
– სოციალური მეწარმოება, საქართველოში წლიდან წლამდე ვითარდება და ფორუმის ერთ-ერთი დანიშნულება არის, რომ ამ განვითარებაში წვლილი შეიტანოს, სოციალურ მეწარმეებს მისცეს შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სიახლეებს გაეცნოს.
ზოგადად ფორუმი მხოლოდ სოციალური საწარმოს გამოვლენა არ არის. არამედ ეს არის მთელი დღის ღონისძიება. პირველი ნაწილი ეთმობა პანელური დისკუსიებს, და მეორე მიზანი ამ ფორუმის არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბოს, რაც თავის მხრივ სოციალურ საწარმოებს აძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას თანამშრომლობის.
ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი თანამშრომლობა, რადგან სოციალური საწარმოები ამ ღონისძიებაზე უმეგობრდებიან ხოლმე კომპანიებს. ეს მეგობრობა შემდგომშიც გრძელდება და იმედია, რომ წელსაც ასე იქნება.
– ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და მე მხოლოდ წარმატებას გისურვებთ.