LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს განათლების სისტემაში – მინისტრმა სამოქმედო გეგმა წარადგინა

142

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებსა და მედიას სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გააცნო. მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია და გარკვეული კომპონენტების განხორციელება უკვე დაწყებულია.

სიახლეები ზოგად განათლებაში მოიცავს:

• მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება – სამინისტრო უზრუნველყოფს პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიული ცოდნის ამაღლებას. სპეციალური ტრენინგების საშუალებით, ისინი დაეუფლებიან სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.

• მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – გრიფირების მიმდინარე პროცესი, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის დახვეწას. როგორც შინაარსი, ასევე წონა, მორგებული იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე;

• სისტემის განვითარება – ზოგადი განათლების სისტემა შეფასდება ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ. მოხდება ეროვნული მოდელის და ფინური საგანმანათლებლო სივრცის ელემენტების შერწყმა;

• მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება – პროექტ „ევრიკას“ ფარგლებში, დარგის სპეციალისტები და წამყვანი მეცნიერები, სხვადასხვა საგანში არასტანდარტულ, სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ, რაც მოზარდებს შემოქმედებით ინტერესს გაუღვიძებს;

• ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში – იგეგმება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ Minecraft Education Edition-ის სკოლებში დანერგვა. თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას პედაგოგები გარკვეული საგნების სწავლების დროს გამოიყენებენ, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს;

• სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე – ახალი სკოლების აშენება და არსებულების რეაბილიტაცია სამინისტროს უცვლელი პრიორიტეტია. სოფლის სკოლები გარდაიქმნება საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს;

სიახლეები პროფესიულ განათლებაში:

• უმაღლესი პროფესიული განათლება – პროფესიული კოლეჯები უნივერსიტეტებში დაფუძნდება. სტუდენტები ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობით, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს;

• დასაქმებაზე ორიენტაცია – კოლეჯები კერძო კომპანიების ბაზაზე შეიქმნება, საუკეთესო სტუდენტებს კი, ექნებათ შესაძლებლობა, ამავე კომპანიაში დასაქმდნენ;

• სწავლების ინტერნაციონალიზაცია – სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფესიულ სასწავლებლებთან. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა, განავითარებს აკადემიურ პროგრამებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე აიყვანს.

სიახლეები უმაღლეს განათლებაში:

• უნივერსიტეტების განვითარების ხელშეწყობა – სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას;

• მეცნიერების მხარდაჭერა – ჩატარდება საგრანტო კონკურსები, როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებში. გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან Horizon2020, Cost Action, Academia Europea, Cern, რაც ქართველ მეცნიერებს ხელს შეუწყობს, საერთაშორისო დონის კვლევები უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოონ.

სიახლეები ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით:

• არაფორმალური განათლების ხელშეწყობა – სამინისტრო ხელს შეუწყობს სეზონური სამეცნიერო სკოლების ფუნქციონირებას; გაიზრდება ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე. ბანაკების ინტერნაციონალიზაცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g