საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წლიური ანგარიში წარადგინა და პანდემიის მიუხედავად მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„გლობალური პანდემიის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი შედეგებით წარიმართა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ზალკალიანის განცხადებით, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია „კოვიდ-19“ პანდემიასთან დაკავშირებით.
„მიღებულ იქნა საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტის – „ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“ ფარგლებში; დამტკიცდა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგია 2030; დასრულდა მუშაობა წევრი ქვეყნის მხრიდან ორგანიზაციის საწესდებო ვალდებულებების უხეში დარღვევის საპასუხოდ მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის ერთობლივ პროცედურაზე. საქართველოს თავმჯდომარეობის ექვსი თვის განმავლობაში, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელით, მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღებსა და მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა რვა განცხადება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წელს გაიმართა მინისტრთა მოადგილეების აზრთა გაზიარება – „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“, ასევე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“;
„ონლაინ ფორმატში გაიმართა „საერთაშორისო კონფერენცია – „სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“; მრგვალი მაგიდა – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ევროპაში – მონაწილეობა და აღდგენითი მართლმსაჯულება“. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის დაფინანსებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებები პლანეტისთვის“. (ღონისძიება დაგეგმილი იყო თავმჯდომარეობის ფარგლებში, თუმცა პანდემიის გამო, თავმჯდომარეობის დროს მისი ჩატარება ვერ მოხერხდა)“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ერთი წლის მანძილზე არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა და საქართველო გახდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის 41-ე წევრი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ 2021-2027 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის შემუშავება დაიწყო. როგოც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, გამოქვეყნდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროკომისიის ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უვიზო მიმოსვლის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისთვის რომ საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად მიიღოს.
როგოც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინის დროულად მიღებაში ჩართულია დიპლომატიური მისიაც.
“ამჟამად, ჩვენი დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მუშაობა იმაზე, რომ საქარათველომ რაც შეიძლება დროზე მიიღოს ვაქცინა. მოგეხსენებათ, ეს არის ურთულესი პროცესი, ამიტომ ჩვენ უკვე ვართ შესული ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს ვაქცინა დროულად იყოს მოწოდებული ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის აღნიშნა, რომ თბილისმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობა განაახლა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობა მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
„ყურადღების ცენტრში იყო აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი, სადაც შესაბამისი კომისიის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ მოძიებული და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემული იქნა ახალი დოკუმენტაცია. ჩვენ სრულად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა. მომავალ წელს ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.