ანანოვების სასახლეში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
შპს „ინვესტ ჯგუფმა“ ანანოვების სასახლის პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, სასახლეს სრულიად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე, რეაბილიტირდება და შენობაში 6 ნომრიანი სასტუმრო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული ცენტრი, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო/სადეგუსტაციო სივრცე, სპორტული მოედანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ანანოვების სასახლის საინვესტიციო პოტენციალი Cushman & Wakefield Georgia-მ შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, შემუშავდა განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი, განსხვავებული ტიპის ტურისტული ზონა.


„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტერიტორია იყო აუთვისებელი და უფუნქციო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ განვითარების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანანოვების სასახლეს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა” – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი გიორგი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გაიყიდა. სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ინვესტ ჯგუფს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.
