რატომ შეიძლება ჩაიკეტოს ბავშვი და აღარ სურდეს მშობლებთან კომუნიკაცია – ამ თემაზე ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო საუბრობს და რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს.
სპეციალისტის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ბავშვის ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები იყოს – ხასიათი, ტემპერამენტი, დაბალი აქტივობა და კომუნიკაციის ნაკლები სურვილი. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ხშირად დაძაბულია, გაურბის თვალით კონტაქტს და საკუთარ პატარა სამყაროშია ჩაკეტილი.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახური გარემოც და აღზრდის სტილი. ფსიქოლოგის თქმით, ზოგჯერ მიზეზი ჰიპერმზრუნველობაა, რომლისგანაც ბავშვი იღლება, ან დისფუნქციური ოჯახური გარემო. ფუნქციურ ოჯახში მეტი სიყვარული, პატივისცემა და დიალოგია, რაც თანამედროვე მშობლებსა და შვილებს შორის ხშირად აკლია.
ჩაკეტილობის მიზეზი შეიძლება ტრავმული გამოცდილებაც გახდეს – მაგალითად, მშობლების განქორწინება ან ოჯახის წევრის გარდაცვალება. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აუხსნიან უფროსები ბავშვს მიმდინარე მოვლენებს.
ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ფაქტორებზეც. მისი თქმით, ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი იყოს სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა გარემოში. როგორც ნანა გოგიჩაშვილი აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში ბულერი თავადაც ძალადობის ან ჩაგვრის მსხვერპლია და აგრესიას უფრო სუსტ ადამიანზე გადააქვს. შედეგად, მსგავსი სიტუაციები ორივე მხარისთვის ტრავმულია.
