LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1160
თამუნა-ისაკაძე

რა გავლენას ახდენს ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თამუნა ისაკაძემ ისაუბრა.

რა არის ემოციები?

ემოციები პასუხებია სტიმულებზე, რომლებიც გვეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში. ემოციური გამოცდილება სუბიექტურია და შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს კულტურებსა და ინდივიდებს შორის. თუმცა, ფსიქოლოგები ცდილობდნენ ემოციების კატეგორიზაციას, მათი უკეთ გაგებისა და შესწავლის მიზნით. 

ძირითადი ემოციები, რომლებიც უნივერსალურია ადამიანთა კულტურაში არის – სიხარული, სევდა, შიში, ზიზღი, ბრაზი და გაოცება. გარდა ამ 6 ძირითადი ემოციისა შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ემოციები, როგორებიცაა: ენთუზიაზმი, შფოთვა, იმედგაცრუება, სიამაყე, კმაყოფილება, სიამოვნება, შვება, ინტერესი, თანაგრძნობა, სევდა, აღშფოთება, სირცხვილი, დანაშაული, შური, ეჭვიანობა და სხვა. 

ყველა ემოცია ღირებული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გავიგოთ მათი კონტექსტი და ის მნიშვნელობა, რაც მათ უკან დგას. მხოლოდ ერთი ემოციის იზოლირებულად განხილვა არ არის ეფექტური, ფსიქოლოგია შეისწავლის ემოციების დაბალანსების შესაძლებლობას, ფსიქოთერაპია ხელს უწყობს დაგროვილი ემოციების გაცნობიერებას, რადგან ემოციები წარმართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს, გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე და ჯანმრთელობაზეც კი.

რატომ არის ემოციები ასე მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ემოციები ხშირად ჩვენი ცნობიერების დაუპატიჟებელი სტუმრები არიან, მოდიან და მოაქვთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ისტორიები საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების შესახებ, რაც იმას ნიშნავს ემოციები გვაკავშირებს წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. 

მეხსიერებასა და ემოციებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს. ნეირომეცნიერების კვლევები აჩვენებს, რომ ინტენსიური ემოციური გამოცდილება უფრო ხანგრძლივად და მკაფიოდ ახსოვს ადამიანს, ვიდრე – არაემოციური. მაგალითად, მოულოდნელი სევდა შეიძლება იგრძნოთ მუსიკის მოსმენისას, რომელიც გიბრუნებთ განცდებს წარსული მოვლენებიდან.

რა როლს თამაშობს ემოციები სოციალური ურთიერთობების დამყარებაში?

ემოციები გვაკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, მაგალითად, თანაგრძნობის განცდამ შეიძლება ხელი შეუწყოს სოციალურ კავშირს, სევდამ დაგვაბრუნოს ადამიანურობისა და ჰუმანურობის საწყისთან და გვაგრძნობინოს, რომ ჩვენ ყველანი გარკვეულ სიტუაციებში მოწყვლადები ვართ და საერთო გამოცდილებები გაგვაჩნია. ისეთი ემოციები, როგორიცაა სიხარული და სიყვარული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბებაში. 

პოზიტიური გამოცდილების და ემოციების გაზიარება ხელს უწყობს ნდობასა და სიახლოვეს, რაც საფუძველია ძლიერი, გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის. ემოციები გვეხმარება სხვების თანაგრძნობაში, რაც საშუალებას გვაძლევს აღვიქვათ და ვიგრძნოთ ის, რასაც სხვა ადამიანი განიცდის. ემოციების გაგება და მართვა შეიძლება გადამწყვეტი იყოს კონფლიქტების მოგვარებისას.

ერთმანეთის გრძნობების აღიარებამ და პატივისცემამ შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო ეფექტურ კომუნიკაციას, კომპრომისს და შერიგებას დაძაბულ სიტუაციებში. ემოციები ხშირად არის გადამდები, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვებზე და გავრცელდეს ჯგუფებში.

ბედნიერება და ენთუზიაზმი გადამდებია და შეუძლიათ ჯგუფის პოზიტიური დინამიკის მოტივაცია, ხოლო სიბრაზესა და შფოთვას შეუძლია შექმნას დაძაბულობა და უთანხმოება. ამრიგად, ემოციები არ არის მხოლოდ პირადი გამოცდილება, არამედ სოციალური ფენომენიცაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმაში, თუ როგორ ვამყარებთ კავშირებს.

როგორ მოქმედებს ემოციები ჩვენს სხეულზე და ჯანმრთელობაზე?

ემოციები არის კომპლექსური რეაქციები, რომლებსაც სხეული გვაგრძნობინებს და რომლებიც ასახავს გრძნობებს, განცდებს და აზრებს. ემოციები ხაზს უსვამს ღრმა კავშირს ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. ემოციები ფიზიკურად შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით, როგორიცაა დაძაბულობისგან თავის ტკივილი სტრესისგან კუჭის ტკივილი და სხვა.

ამ ნიშნების ამოცნობა გადამწყვეტია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ ძირეულ ემოციურ საკითხებს, სანამ ისინი უფრო მძიმე ფიზიკურ სიმპტომებად გამოვლინდებიან. სწორედ ამიტომ ფსიქოთერაპიაში მნიშვნელოვანია სხეულსა და გონებას შორის კავშირის დამყარება, სხეულებრივი შეგრძნებების ამოცნობა და მათი დამუშავება.

როგორია ფსიქოთერაპიული მუშაობა ემოციებთან დაკავშირებით?

ფსიქოთერაპიაში ემოციები განიხილება, როგორც სხეულის სიგნალები, რომლებიც მიგვანიშნებენ ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ამავდროულად, ემოციები არ არის მხოლოდ რეაქციები, არამედ გამჭრიახი მესიჯებია, რომლებსაც, თუ ღრმად შევისწავლით, შეუძლიათ გამოავლინონ ჩვენი საჭიროებები და კონფლიქტები. ემოციები გვაწვდის ინფორმაციას ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე და გვეხმარება თვითშემეცნებაში.

მაგალითად წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც განიცდის მუდმივ სევდას. 
თერაპიაში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ არა მხოლოდ სევდა, არამედ ნებისმიერი სხვა გრძნობა, როგორიცაა ბრაზი ან დანაშაული, რომელიც შეიძლება იყოს დამალული სევდის მიღმა. სხვადასხვა ემოციების ამოქმედებით ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს გადაუჭრელი საკითხები და დაიწყოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ფსიქოთერაპია მუშაობს ემოციებზე სხვადასხვა თერაპიული ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებით, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ინდივიდებს მათი ემოციური გამოცდილების უფრო ეფექტურად გაგებაში, დამუშავებასა და მართვაში.

რეკომენდაციები, თუ რა სარგებელი აქვს ფსიქოთერაპიას ემოციებთან მუშაობის პროცესში:

  • ფსიქოთერაპიის პირველი ნაბიჯი ხშირად გულისხმობს ინდივიდების დახმარებას მათი ემოციების ზუსტად ამოცნობაში. 
     ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ემოციების იდენტიფიცირებას და თერაპია იძლევა სივრცეს ამ ემოციების სიღრმისეულად შესწავლისთვის.
     ფსიქოთერაპია იკვლევს ემოციური რეაქციების წარმოშობას. ეს მოიცავს წარსული გამოცდილების და ურთიერთობების შესწავლას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მიმდინარე ემოციურ რეაქციებზე.  
  • თერაპია უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ინდივიდებისთვის, რათა გამოხატონ და დაამუშაონ თავიანთი ემოციებით. ისეთი ტექნიკის საშუალებით, როგორიცაა საუბარი, არტთერაპია ან ექსპერიმენტული თერაპია.
     თერაპიის პროცესში ადამიანებს ეძლევათ საშუალება, დაუპირისპირდნენ და დაამუშაონ ემოციები, რომლებსაც ჩვეულებრივ თავს აარიდებდნენ ან დათრგუნავდნენ. ეს შეიძლება მოიცავდეს რთული მოგონებების განხილვას, გადაუჭრელი ტრავმის შესწავლას ან ბრაზისა და მწუხარების გამოხატვას თერაპიულ გარემოში. 
  • ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასწავლოს ინდივიდებს, როგორ მართონ თავიანთი ემოციები ეფექტურად.
     ემოციები გადამწყვეტ როლს თამაშობს ურთიერთობების დარეგულირებაში, ფსიქოთერაპია ხელს უწყობს საკუთარი თავის აღმოჩენისა და ემოციური გამჭრიახობის განვითარებას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g